მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გეგმა აქვს მთავრობას დენის ტრანზიტის სიმძლავრის გასაზრდელად

ელექტროენერგია

საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონის ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის მიმოცვლაში. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გამოქვეყნებულ გადამცემი ქსელების განვითარების ათწლიან გეგმაში.

დღეს საქართველოს ენერგოსისტემიდან მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგიის მიმოცვლა 500, 400, 330, 220 კვ ძაბვის სატრანზიტო ხაზებით ხდება.

ელექტროენერგიის ექსპორტ/იმპორტი საქართველოდან რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ხდება. თურქეთში მაღალი ფასის გამო 2022-2023 წლებში ელექტროენერგიის ტრანზიტმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 3 მილიარდ კვტ.სთ-ს გადააჭარბა. მეზობელ ქვეყნებში [ძირითადად თურქეთში] გატარებული ელექტროენერგიის სანაცვლოდ ელექტროსისტემა მნიშვნელოვან შემოსავალს იღებს.

თურქეთი

გადამცემი ქსელების ათწლიანი გეგმის მიხედვით, მთავრობას თურქეთის მიმართულებით საექსპორტო პოტენციალის ზრდა სურს. საქართველოს სისტემასთან მოსაზღვრე თურქეთის რეგიონში უკვე არსებობს ორი, ხოლო შენდება მესამე პარალელური კავშირი, რაც ქმნის საკმარის გამტარუნარიანობას 1000 მგვტ და უფრო მეტი სიმძლავრის მისაღებად.

"2030 წლიდან, დიდი ალბათობით, შესაძლებელი იქნება საქართველოს ენერგოსისტემიდან თურქეთის ენერგოსისტემაში, მისი მძლავრი მოხმარების ცენტრებისკენ, უსაფრთხო და საიმედო მანერით 1050 მგვტ სიმძლავრის ტრანსპორტირება", - წერია სეს-ის დოკუმენტში.

სომხეთი

სახელმწიფო ელექტროსისტემის თანახმად, სომხეთის მიმართულებით პრიორიტეტულია საქართველოს გავლით რუსეთ-სომხეთ-ირანს შორის ელექტროენერგიის ვაჭრობის პოტენციალის ათვისება და საქართველოსა და სომხეთის ენერგოსისტემების საიმედოობის ამაღლება. ამას გარდა, გეგმაშია საქართველოს ელექტროსისტემასტან მუდმივი დენის ჩანართით კავშირის განხორციელება, რაც გულისხმობს 500/400 კვ, მუდმივი დენის ჩანართის მშენებლობას აირუმში და 8 კმ-იანი 500 კვ ეგხ-ს მშენებლობას აირუმიდან საქართველო-სომხეთის საზღვრამდე.

რუსეთი

"აღნიშნული მიმართულების ძირითადი მამოძრავებელი ძალებია საქართველოს გავლით რუსეთ- სომხეთ-ირანს შორის ელექტროენერგიის ვაჭრობის პოტენციალის ათვისება და საქართველოსა და რუსეთის ენერგოსისტემებს შორის ელექტროენერგიის ტრანზიტის საიმედოობის ამაღლება, ჩრდილოეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ საქართველოს მდგრადობის ამაღლება", - წერია დოკუმენტში.

ამას გარდა, რუსეთთან 500 კვ ძაბვის „სტენფანწმინდა-მოზდოკის“ დაკავშირების შემთხვევაში,
მოხდება, ერთის მხრივ, ამ ქსელის მდგრადობის ამაღლება, დარეზერვდება საქართველოს ქსელის გავლით, მეორეს მხრივ კი ქსელი დაარეზერვებს საქართველოს ქსელს. როგორც BMG-ის ელექტროსისტემაში უთხრეს „სტენფანწმინდა-მოზდოკის“ მშენებლობა ათი წლის ვადაში იგეგმება და ამ ეტაპზე პროექტი აქტიურ ფაზაში არ არის.

აზერბაიჯანი

ამ მიმართულებით უკვე არსებობს საკმაოდ მძლავრი გადამცემი ინფრასტრუქტურა 500 კვ ძაბვის გარდაბანი-სამუხის სახით. ამას გარდა, 2023 წელს დასრულდა მე-2 ატ-400 მგვა-ს მონტაჟი გარდაბანში.

სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ეს ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს:

  • საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 700-1000 მგვტ-მდე სიმძლავრის მიმოცვლას;
  • აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მიმართულებით სიმძლავრის მიმოცვლის შესაძლებლობის და საიმედოობის გაზრდას;
  • საქართველო-რუსეთი-აზერბაიჯანი სისტემების სინქრონული რგოლის ოპერირების საიმედოობის ამაღლებას

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები