2030 წლისთვის მთავრობის მიზანია საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი არ დასჭირდეს და სრულად ქვეყანაში გამომუშავებული დენი მოიხმაროს. პარლამენტში გამოსვლისას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღეს არსებული დადგმული სიმძლავრე 2012 წლისას შეადარა და თქვა, რომ მას შემდეგ დიდი პროგრესია. თუმცა პრემიერს არ უთქვამს, რომ მაგალითად 2012 წლის შემდეგ ახალ სიმძლავრესთან ერთად ასევე გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება
„ელექტროენერგიის [დადგმული სიმძლავრე] საქართველოში 2012 წელს შეადგენდა 3359 მეგავატს და 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 4600 მეგავატი იქნება. 2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, ამ მაჩვენებელმა გადააჭარბოს 8000 მეგავატს, ხოლო 2030 წელს 10 ათას მეგავატს და ამის შემდეგ ჩვენ უკვე გავხდებით სრულად თვითკმარი, დამოუკიდებელი ქვეყანა ელექტროენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით. აღარ დაგვჭირდება ელექტროენერგიის იმპორტი. ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავება არა მხოლოდ უნდა დაეწიოს ეკონომიკის განვითარებას, არამედ უნდა გაუსწროს და გავხდეთ სრულად თვითკმარი ქვეყანა ამ თვალსაზრისით“, - ამბობს კობახიძე.
ამჟამად საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 4621 მგვტ-ია, აქედან 3520 მგვტ - ჰესებია, აქ შედის როგორც დიდი მარეგულირებელი ჰესები, ისე მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურები. სისტემაში ჩართული ერთადერთი ქარის სადგური მხოლოდ 21 მეგავატია. გენერაციის 70%-ზე მეტი ჰიდროსადგურებზე მოდის 25% თბოსადგენერაციაზე, ქარის სადგურის წილი გამომუშავებაში უმნიშვნელოა.
მთავრობა ამბობს, რომ 2034 წლისთვის დადგმული სიმძლავრე 10 ათას მეგავატს გადააჭარბებს, ანუ გაორმაგდება. გეგმით ელექტროსისტემას მზის სადგურები უნდა შეემატოს, რომელიც დღეს ქვეყანას არ აქვს.
სახელმწიფო ელექტროსისტემის გეგმიდან ჩანს, რომ ჰესების წილი დადგმულ სიმძლავრეში 2034 წლისთვის ისევ 70%-მდე უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ მაგალითად 2017 წელს გამოქვეყნებულ ათწლიანი გეგმით, წელს დადგმული სიმძლავრე 2 ათასი მეგავატით მეტი უნდა ყოფილიყო, თუმცა ფაქტია მთავრობამ ეს გეგმა ვერ შეასრულა.
ბოლო ათ წელში გენერაციის ობიექტების მშენებლობის ტემპის გათვალისწინებით,სახელმწიფო ელექტროსისტემას ვკითხეთ რატომ ელიან, რომ შემდეგ წლებში სიმძლავრე გაორმაგდება.
"მომავალ წლებში გენერაციის სიმძლავრის მნიშვნელოვანი ზრდის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორებია მთავრობის მხრიდან გენერაციის პროექტების მხარდამჭერი მექანიზმის შეთავაზება, რაშიც იგულისხმება ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით 2023 წელს ჩატარებული ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის ორი აუქციონი და CfD სქემის ფარგლებში პირდაპირი მოლაპარაკების გზით პროექტების განვითარების შესაძლებლობა, რისი მეშვეობითაც დეველოპერი კომპანიები შესაბამისი გენერაციის პროექტის განხორციელების მიზნით ისარგებლებენ CFD მხარდაჭერის სქემით, რაც დამატებითი სტიმული იქნება ამ სექტორით დაინტერესებული ინვესტორებისთვის.
გენერაციის განვითარების ხელშეწყობის მეორე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უწყვეტი განვითარება/გაძლიერება, რასაც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ახორციელებს მის მიერ შემუშავებული გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის შესაბამისად. ხსენებული პროექტების ძირითადი მიზნებია ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქსელში ახალი ელექტროსადგურების საიმედო ინტეგრაცია და მეზობელი ქვეყნის ელექტრო ენერგეტიკულ სისტემებთან ვაჭრობის შესაძლებლობების გაძლიერება. გამომდინარე იქიდან, რომ ქსელის განვითარება გააჩენს სიმძლავრის დამატებითი ნაკადების გადაცემის საშუალებას როგორც საქართველოს ცალკეულ რეგიონებში, ასევე მეზობელ სისტემებში საექსპორტოდ, იგი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამოტივაციო ფაქტორს ახალი ელექტრო სადგურების მშენებლობის მიმართულებით", - უთხრეს BMG-ის სახელმწიფო ელექტროსისტემაში.