მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენს გამოიმუშავებენ ქართველი ინფლუენსერები Instagram-ზე?

61f460fdf4048
მარიამ ადამია
06.02.22 11:50
10178

ინფლუენსერ მარკეტინგი, რომელსაც მსოფლიოში ხშირად ტრადიციული მარკეტინგის კონკურენტად მიიჩნევენ და ამას კონკრეტული სტატისტიკური კვლევები თუ მონაცემებიც ამყარებს, საქართველოშიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

ინფლუენსერ მარკეტინგი ტრადიციული და თანამედროვე მარკეტინგული საშუალებების ნაზავია. მისი იდეა ტრადიციული სელებრითების შერჩევასა და მათი დახმარებით ახლებურ, თანამედროვე, კონტენტზე დაფუძნებული მარკეტინგული კამპანიების წარმოებაში მდგომარეობს. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ინფლუენსერ მარკეტინგისათვის არის შედეგი, რომელიც ბრენდისა და ინფლუენსერის კოლაბორაციით მიიღწევა - ეს ინფლუენსერ მარკეტინგის ყველაზე მარტივი განმარტებაა. ინფლუენსერი კი არის ადამიანი, ვისაც აქვს: ძალა, ავტორიტეტი, ცოდნა და გავლენა იმისთვის, რომ ადამიანებს ყიდვის გადაწყვეტილებისკენ უბიძგოს.

BMG დაინტერესდა, რამდენს გამოიმუშავებენ ქართველი ინფლუენსერები Instagram-ზე და ამ კითხვით ამ ინდუსტრიაში ცნობილ რამდენიმე ადამიანს დავუკავშირდით. მართალია, პირად საუბრებში კი გაგვიმხილეს საშუალო თანხა, რასაც თვიურად გამოიმუშავებენ, თუმცა იდენტიფიცირებისგან მაინც თავს იკავებენ. მაგალითად, ერთ-ერთი ბლოგერი, რომელიც საკუთარ გვერზე 150 ათას მომდევარს აერთიანებს, ამბობს, რომ მაგალითად, დეკემბერ-იანვრის პერიოდში სულ 7 კომპანიასთან ითანამშრომლა და ჯამში, მიღებულმა თანხამ 10 ათასი დოლარი შეადგინა, რომელიც სრულად ისევ კონტენტის შექმნას ანუ მის შემთხვევაში, მოგზაურობისთვის დახარჯა.

ჩვეენს რესპოდენტებს შორის ვინაობის გამხელაზე უარი არ უთქვამს ტელეწამყვანსა და პლატფორმა Influencer.ge-ის პროექტების მენეჯერ ირინა ონაშვილს. ის გვიყვება, რომ მაგალითად, მიმდინარე თვეში ერთ-ერთ კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად, რომელიც გულისხმობს ერთ სრულფასოვან პოსტსა და სამ Story-ის, 1200 ლარის ოდენობის ანაზღაურებას იღებს.

ირინა ონაშვილის თქმით, ჰონორარი სხვადასხვა კრიტერიუმზეა დამოკიდებული.

“საკმაოდ შრომატევადი პროცესია, თუ როგორ ვარჩევთ ბრენდის რეკლამისთვის, კამპანიისთვის “ინფლუენსერს”, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია და ჰონორარსაც იქედან გამომდინარე ვაწესებთ, თუ ვის რამდენი მიმდევარი ჰყავს სოციალურ ქსელში. არ შეიძლება 200 000 მიმდევარის მქონე გვერდის მფლობელსაც იგივე თანხა შესთავაზო, რასაც მაგალითად - 50 000-იანს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ადამიანს პროდუქტის რეკლამირების დროს უწევს თუ არა დამატებით გადაღებაში მონაწილეობის მიღება, თუ საკუთარი რესურსებით ქმნის კონტენტს. რაც შეეხება საშუალო ღირებულებას, ერთი პოსტის და Story-ს ფასი საქართველოში 800-1200 ლარია“, - აღნიშნა Influencer.ge-ის პროექტების მენეჯერმა ირინა ონაშვილმა.

ამასთან, ირინა ონაშვილი იმასაც ამბობს, რომ არიან ბლოგერები, რომლებსაც თავიანთი ტარიფები აქვთ და გვერდზე რეკლამის განთავსებას მხოლოდ ამ კონკრეტულ ფასად თანხმდებიან.

ამდენად, თუ ინფლუენსერ მარკეტინგით პროდუქტის ცნობადობის გაზრდას და გაყიდვას გადაწყვეტთ, Instagram-ზე ბლოგერების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ მათი მიმდევრების რაოდენობა, ბლოგერის „გავლენის“ თუ კონტენტის ხარისხი, რაც შემდეგ მათი მომსახურების ფასს განსაზღვრავს.