საკონსულტაციო და აუთსორსინგ კომპანია „პროსპექტის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბინის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მისი ფასია (81%). მშენებლობის ხარისხს გამოკითხულთა 69% აქცევს ყურადღებას, 68%-თვის კი გადამწყვეტი უბანია.
ბინის ყოველი ათი მყიდველიდან 6 ახერხებს შეარჩიოს თავდაპირველი მოთხოვნების შესაბამისი ბინა, თუმცა ყოველი 10 გამოკითხულიდან ერთი მყიდველი აკორექტირებს თავდაპირველ მოთხოვნას კვადრატულობასთან და ბიუჯეტთან დაკავშირებით.
ბინის შერჩევის კრიტერიუმები:
ფასი - 81%;
მშენებლობის ხარისხი - 69% ;
უბანი - 68%
ბინის კვადრატულობა - 46%
ბინის სართული -23%
სიახლოვე მეტროსთან - 15%
დეველოპერი - 14%
ექსპლუატაციაში შესული - 13%
რემონტის მდგომარეობა -10%
მყიდველთა მესამედი ყურადღებას აქცევს თბო და ხმის იზოლაციას. ასევე, მესამედზე მეტისთვის ხარისხიან მშენებლობაზე მეტყველებს კორპუსის ფასადი და დაუზიანებელი ვიზუალი.
გამოკითხულთა უმრავლესობა სამშენებლო მასალებით აფასებს მშენებლობის ხარისხს, ხოლო 45%-სთვის, მშენებლობის ხარისხზე დადებითად კედლების სისქე მეტყველებს. ბინის 10-დან 6 მყიდველი აღნიშნავს, რომ მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა რომელ დეველოპერულ კომპანიასთან შეიძენდა ბინას, თუმცა გამოკითხულთა 40% პირდაპირ ასეხელებს კომპანიებს, რომლებიც მეტ თანხებს ხარჯავენ რეკლამაში და ინარჩუნებენ ერთ ბრენდს ყველა მომდევნო პროექტში.
გამოკითხული ბინის მყიდველების ორ მესამედს ოჯახში ჰყავს 1 ავტომობილი მაინც, თუმცა ბინის შეძენისას ფასიანი ავტოპარკინგი 10-დან მხოლოდ ერთმა მყიდველმა შეიძინა. საგულისხმოა, რომ გამოკითხულთა 11%-ს ახსენდება აქციები, რომელიც უკავშირდებოდა საპარკინგე ადგილს, ხოლო 28%-ს, სწორედ საპარკინგე ადგილთან დაკავშირებული აქცია მოეწონებოდა ბინის შეძენისას.
საკონსულტაციო და აუთსორსინგ კომპანია პროსპექტის ინიციატივით და ორგანიზებით 2022 წელს ჩატარდა უძრავი ქონების კონფერენცია ".გრემო". ღონისძიების ერთ-ერთი ძირითადი და საკვანძო საკითხი იყო მომხმარებლის ქცევის კვლევა, რომელიც "პროსპექტმა" კვლევით კომპანია "ანოვასთან" თანამშრომლობით წარმოადგინა.
კვლევის ფარგლებში გამოიკითხნენ მყიდველები, რომელთაც საცხოვრებელი ბინა ბოლო 2 წლის განმავლობაში ახალაშენებულ კორპუსში შეიძინეს. კვლევა თბილისის 4 უბანში (ვარკეთილი, დიდი დიღომი, ისანი, ვაზისუბანი) ჩატარდა და მასში 300-მდე ოჯახი მონაწილეობდა.