03.ივლისი .2022 10:10

რას ცვლის ხორბლისა და ქერის ექსპორტის აკრძალვა? - შალვა ფიფიას მოსაზრება

რას ცვლის ხორბლისა და ქერის ექსპორტის აკრძალვა? - შალვა ფიფიას მოსაზრება
views 663
უკან

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილის შალვა ფიფია საქართველოს მთავრობის მიერ ხორბლის და ქერის ექსპორტის ერთი წლით აკრძალვის გადაწყვეტილებას აფასებს. „ეს ოდნავ გააუმჯობესებს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-თან ინტერვიუში, მაგრამ იქვე დასძინა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოსავალს საიმპორტო ბაზრების დივერსიფიკაციასა და ახლების მოძიებაში ხედავს.



„რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით, დიდი რისკები გაჩნდა გლობალურად და ეს ყველამ ვიცით. აღსანიშნია ისიც, რომ არსებული სიტუაციების გათვალისწინებით, ბევრმა ქვეყანამ ხორბლის ექსპორტი აკრძალა. მაგალითად, მათ შორისაა ყაზახეთი.

რაც შეეხება მთავრობის მიერ ხორბლის და ქერის ექსპორტის ერთი წლით აკრძალვის მიზანს და არსს, ვფიქრობ, პირველი ფაქტორი იყო ის, რომ ჩვენი შიდა ინდუსტრია საერთოდ არ გაჩერდეს და ჩვენთან წარმოებული ხორბალი ადგილობრივმა წისქვილკომბინატებმა გადაამუშაონ და მეორე ფაქტორი - ხორბლის მარაგები საერთოდ რომ არ არსებობდეს და მხოლოდ ფქვილის მარაგები იყოს, ეს რისკია სასურსათო უსაფრთხოებისთვის. ამდენად, ჩემი აზრით, ქერის და ხორბლის აკრძალვის მოტივატორი ეს ორი ფაქტორი იყო, რადგან წლიურად საქართველო 100-დან 150 000-მდე ტონა ქერს და ხორბალს აწარმოებს და ეს მოცულობა წისქვილკომბინატების ინდუსტრიის ნაწილს მაინც აამუშავებს“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.

#რედაქტ2-თან ინტერვიუში USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილეს ფქვილის ადგილობრივი მწარმოებლების ის ინიციატივაც შევაფასებინეთ, რომელიც ფქვილის იმპორტზე სარკისებრი გადასახადის დაწესებას გულისხმობს.

საქმე ის არის, რომ ბოლო თვეებში არაერთი ადგილობრივი წისქვილკომბინატი გაჩერდა. მიზეზი რუსეთში ხორბლის იმპორტზე დაწესებული საექსპორტო ბაჟია, რომელიც ხორბლის საექსპორტო ფასს ზრდის და იმპორტიორებისთვის მის შემოტანას არარენტაბელურს ხდის. საპირისპირო მდგომარეობაა ფქვილთან მიმართებით, რუსეთში ფქვილის ექსპორტზე ნულოვანი ბაჟი მოქმედებს, რის გამოც ფქვილის ექსპორტი 10-ჯერ და მეტად და არის გაზრდილი.

„სარკისებრი ბარიერის დაწესება ბიზნესის და მთავრობის ერთობლივი გადასაწყვეტია, რომელიც რაღაც შედეგს დადებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არაა გამოსავალი.

რა არის გამოსავალი? - პირველ რიგში, ესაა სხვა ალტერნატიული საიმპორტო ბაზრების ნახვა, საიდანაც შეგვიძლია ვიყიდოთ ხორბალი.

გარდა ამისა, როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაანონსა, იწყებენ ადგილობრივი ხორბლის წარმოების მხარდაჭერის პროგრამას. დეტალები არ ვიცი, მაგრამ იმედს ვიტოვებ, ამის მიზანი არაა საჰექტარო ფართობების გაზრდა. იმედს ვიტოვებ, რომ ამის მიზანია მოსავლიანობის გაზრდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გზით და ხარისხიანი სათესლე მასალის შემოტანა. ოღონდ ეს ისევ და ისევ ბიზნესმა უნდა გააკეთოს; ასე შესაძლებელია მნიშვნელოვნად შევამციროთ იმპორტირებულ ხორბალზე დამოკიდებულება.

ჩვენი ქვეყნის წლიური მოხმარება, დაახლოებით, 700 000 ტონამდე ხორბალია. არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ამ მოცულობის პროდუქტს მთლიანად ვაწარმოებთ. პრინციპში, ალბათ მოხმარების ნახევრის წარმოების მოლოდინიც არ უნდა გვქონდეს. მოკლედ, არ ვიცი რას მოიაზრებს მთავრობის ახალი პროგრამა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, ამ მიმართულებით იქნება აქცენტები და არ იქნება ფერმერების ხელშეწყობის ერთჯერადი აქტი“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა