მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითხოვენ სასტუმროები - წერილის ადრესატი ნათია თურნავაა

5e5e554223dd4
ვიქტორია მღებრიშვილი
03.03.20 17:15
2106
საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას წერილით მიმართავენ, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან, კორონავირუსის გამო არსებული მძიმე მდგომარეობის დასაძლევად ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას ეხება.

დღეს, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ბაზარზე არსებული მდგომარეობის გასაანალიზებლად შეიკრიბნენ და გამოსავლის გზებზე იმსჯელეს. სწორედ ამ შეხვედრისას მომზადდა წერილი ეკონომიკის მინისტრის სახელზე.

BM.GE აღნიშნულ წერილს, რომელიც ეკონომიკის მინისტრს ოფიციალურად ხვალ გაეგზავნება, უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ ნათია თურნავას!

ქალბატონო ნათია,

მოგმართავთ, საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია, რომელიც გახლავთ ინიციატორი 2020 წლის 3 მარტს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების (საქართველოს სასტუმროების მეპატრონეების, მმართველების, ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელების და ტურ-ოპერატორების) შეკრებისა, საქართველოში ტურიზმის სფეროში შექმნილი მძიმე მდგომაროების განხილვის მიზნით. მოგეხსენებათ, საქართველოს ტურიზმის სექტორში დასაქმებულია 100 000 მეტი ადამიანი და ტურიზმის სფეროდან მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის 20%-ზე მეტს შეაგდენს. ტურიზმის წარმომადგენლები ყოველთვის გრძნობდნენ სახელმწიფოსგან მხარდაჭერას, განსაკუთრებით ეს იგრძნობოდა უკანასკნელ წლებში. სწორედ სახელმწიფოს ეს მხარდაჭერის იმედი გახლავთ ამ შეკრების მიზეზი, რამეთუ თითოეული ჩვენგანი თვლის, რომ ტურიზმის სფეროში შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამოსვლა მხოლოდ სახელმწიფოს მხარდაჭერითაა შესაძლებელი.

უფრო კონკრეტულად კი, საქმე ეხება იანვარ-თებერვალში, მსოფლიოში სწრაფი ტემპით კორონავირუსის გავრცელების გამო განვითარებულ საფრთხეს. სასტუმროების 80-90% იანვარსა და თებერვალში ფაქტობრივად დაუტვირთავი იყო. ამას დაემატა ისიც, რომ როგორც კი დაფიქსირდა საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები, მარტსა და აპრილში ჯავშნების 90% მოიხსნა. ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით, რომ ეს მდგომარეობა მუდმივად არ გაგრძელდება და გამოსწორდება, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში, თუმცა რამდენი თვე დასჭირდება ამას - პროგნოზი გვიჭირს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვგეგმავთ, რომ დავითხოვოთ თანამშრომლები, არ ვგეგმავთ რომ დავკეტოთ სასტუმროები, რამეთუ ეს არის სახელმწიფოს მხადრაჭერის და ჩვენი დიდი შრომის შედეგად შექმნილი ტურიზმის სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ჩვენი მიზანია ვიყოთ მუდმივ მზადყოფნაში, რათა მივიღოთ თუნდაც ერთი ტურისტი და თანმიმდევრულად, მდგომარეობის გამოსწორების შემდეგ – მეტი და მეტი სტუმარი. ეს მდგომარეობა რომ შევინარჩუნოთ და არ ჩამოგვეშალოს ტურისტული სექტორი, გთხოვთ, სახელმწიფო დახმარებას კონკრეტულ საკითხებში.

კერძოდ:

- საქართველოს მთავრობამ მიიღოს ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტი, ტურიზმის სექტორში დაუძლეველი გარემოებიდან გამომდინარე ტურიზმის სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების, კომპანიების და სასტუმროების მხარდაჭერის მიზნით;

- მხარდაჭერას ვითხოვთ სახელმწიფო და კომუნალური გადასახადების გარკვეული ვადით გადავადებისა და დავალიანების შემდგომ თვეებზე გადანაწილების შესახებ. ეს გადასახადებია: ქონების გადასახადი; საშემოსავლო გადასახადი და საპენსიო შენატანი;

- ასევე, ვთხოვთ მხარდაჭერას და შუამდგომლობას ენერგოკომპანიებთან, რომლებსაც უნდა გადავუხადოთ კომუნალური გადასახადები, მათი გარკვეულ ვადამდე გადაწევისა და შემდგომ თვეებში გადანაწილების შესახებ;

- აგრეთვე, სახელმწიფოს მხარდაჭერას საბანკო სექტორთან. კერძოდ, სახელმწიფოს შუამდგომლობა საბანკო სექტორთან, აღებული საბანკო ვალდებულებების გარკვეულ ვადამდე გადაწევისა და რესტრუქტურიზაციის მიზნით.

ქალბატონო ნათია,

გთხოვთ, შუამდგომლობას საქართველოს მთავრობასთან ზემოაღნიშნული საკითხების მოგვარების მიზნით.
იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის.

პატივისცემით", - წერია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების მიერ მომზადებულ წერილში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები