მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს "დასაბეგრი დილერის" ცნება და რა ცვლილებები შედის დღგ-ის გადახდის წესში 2021 წლიდან?

5f848fc935a88
გელა ბარშოვი
12.10.20 19:40
7253

შესავალი

2021 წლიდან მოქმედი საგადასახდო კოდექსის დღგ-ის კარში შემოდის ახალი ტერმინები „დასაბეგრი დილერი “და „მეორადი ნივთი “, ასევე, სიახლეა დღგ-ით დაბეგრვის ახალი სქემა, რომლის გამოყენება „დასაბეგრ დილერებს “შეეძლებათ. 

ახალი საკანონმდებლო ნორმის შესახებ

საგადასახადო კოდექსის დღგ-ის კარის ახალი (2021 წლიდან მოქმედი) რედაქციის  157-ე მუხლის „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით განიმარტა ახალი ტერმინები, „დასაბეგრი დილერი“ და „მეორადი ნივთი“. გთავაზობთ განმარტებების ციტირებას:

ქ) დასაბეგრი დილერი − ნებისმიერი დასაბეგრი პირი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ყიდულობს ან საკუთარი ეკონომიკური საქმიანობისთვის იყენებს მეორად ნივთს, ხელოვნების ნიმუშს, საკოლექციო ნივთს ან ანტიკვარიატს ან ახორციელებს ამ საქონლის იმპორტს, მიუხედავად იმისა, მოქმედებს იგი საკუთარი თუ სხვა პირის სახელით, მასთან ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვით საკომისიოს გადახდა ხორციელდება საქონლის შეძენისას ან გაყიდვისას;

ფ) მეორადი ნივთი − გამოყენებული მოძრავი ნივთი, რომელიც გამოყენებისთვის კვლავ ვარგისია არსებული სახით ან შეკეთების შემდეგ, გარდა ხელოვნების ნიმუშისა, საკოლექციო ნივთისა და ანტიკვარიატისა, აგრეთვე ძვირფასი ლითონის ან ძვირფასი ქვისა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობით;"

ამასთან, 1612 მუხლი (ახალი რედაქცია)სრულად მიეძღვნა დასაბეგრი დილერის დაბეგვრის საკითხებს.

1612 მუხლის თანახმად, სპეცილური რეჟიმით დაბეგვრის უფლება (და არა ვალდებულება) ეძლევა პირებს (დილერებს) რომელთა ბიზნეს საქმიანობას წარმოადგენს მეორადი ნივთების, ხელოვნების ნიმუშების, საკოლექციო და ანტიკვარული ნივთების მიწოდება (როგორც ზემოთაა განმარტებული).

სპეციალური დაბეგვრა გულისხმობს მხოლოდ ოპერაციიდან წარმოქმნილი მარჟის დაბეგვრას დღგ-ით, ნაცვლად საქონლის მთლიანი ღირებულების დაბეგვრისა.

მაგალითი:

დასაბეგრმა დილერმა მეორადი ნივთი შეიძინა 80 ლარად და გაყიდა 100 ლარად, სპეციალური სქემის გამოყენების შემთხვევაში, ამ ნივთის გაყიდვისას დღგ-ით დასაბეგვრი იქნება მხოლოდ 20 ლარი (100-80), ნაცვლად 100 ლარისა. ამასთან, დაბეგვრა მოხდება ისე, რომ  მიღებულ მოგების მარჟას დღგ ზემოდან არ დაერიცხება, არამედ ჩაითვლება, რომ მარჟა (20 ლარი) უკვე მოიცავს დღგ-ს.

ამიტომ აღნიშნულ მაგალითში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დასადგენად 20 ლარი ჯერ გაიყოფა 1,18-ზე, მიღებულ თანხას კი დაერიცხება დღგ 18%-ის ოდენობით:

გადასახდელი დღგ= 20/1,18*0,18=16,95*1,18=3,05 ( ნაცვლად 18 ლარისა).

იმპორტირებული საქონლის შემთხვევაში, მარჟა გამოითვლება შემდეგნაირად:

საქონლის რეალიზაციის ღირებულებას აკლდება ის თანხა, რაზეც საქონლის იმპორტის დროს დღგ დაერიცხა (საქონლის ღირებულება საბაჟო მიზნებისთვის განმარტებულია 1641 მუხლში)  და აკლდება საბაჟოზე გადახდილი დღგ.  მიღებული თანხა კი, როგორც უკვე ავღნიშნე, იყოფა 1,18-ზე.

აღსანიშნავია, რომ ამავე მუხლში შეზღუდვებიცაა დაწესებული დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშრებით. კერძოდ, დაბეგვრის სპეციალური სქემის გამოყენებისას ვერც დასაბეგრი დილერი ჩაითვლის ასეთი საქონლის შეძენის დროს დღგ-ს და ვერც პირი რომელიც ამ საქონელს დასაბეგრი დილერისგან ყიდულობს.

და ბოლოს, დაბეგვრის სპეციალური სქემის გამოყენების შემთხვევაში დასაბეგრი დილერი ვალდებულია ინფორმაცია წინასწარ მიაწოდოს შემოსავლების სამსახურს დაბეგვრის სპეციალური სქემის გამოყენებასთან დაკავშრებით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 2 წელზე ნაკლები.

შეჯამება

სტატიაში აღწერილი ცვლილების დადებითად  შეფასება შეიძლება მინიმუმ იმის გამო, რომ სქემა ნებაყოფლობითია და არა სავალდებულო. ასევე, დაბეგვრის ასეთმა სქემამ შესაძლოა მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათი მიანიჭოს პირებს (დასაბეგრ დილერებს), რომლებიც დღგ-ის გადამხდელები არიან, შესაბამისად, საქონლის მიწოდების ოპერაციას ბეგრავენ დღგ-ით, თუმცა შესყიდულ საქონელზე დღგ-ს ვერ ითვლიან, მაგალითად, იმის გამო, რომ მომწოდებლები დღგ-ის გადამხდელი პირები არ არიან.

ავტორის შესახებ:გელა ბარშოვი არის საგადასახადო კონსულტანტი და აუდიტორული/საკონსულტაციო ფირმა „თიფი სოლუშენის“ მმართველი პარტნიორი. ელ.ფოსტა: gela.barshovi@tpsolution.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები