მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას უპირებს დავით სონღულაშვილის კომიტეტი აგროტურიზმის კანონპროექტს? - განმარტება

6022446d398a1
ინგა მურუსიძე
09.02.21 14:07
1438
პარლამენტმა „აგროტურიზმის შესახებ“ მე-9 მოწვევის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა გუშინ გამართულ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული იმით ახსნა, რომ მუშაობა მიდის ტურიზმის შესახებ კანონის შექმნაზე, რომელიც აგროტურიზმსაც მოიცავს. აღსანიშნავია, რომ  აგროტურიზმის კანონპროექტის ჩარჩო-დოკუმენტზე ფერმერთა ასოციაციამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, ISET-თან და მე-9 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან ერთად ერთად წელიწადნახევრის განმავლობაში იმუშავა, მისი განხილვის შეწყვეტის შესახებ კი მედიიდან შეიტყვეს, რამაც ასოციაციის ხელმძღვანელის ნინო ზამბახიძის გაღიზიანებაც გამოიწვია. "შრომა წყალში ჩაიყარა... იმის ღირსიც არ ვართ, გვითხრან, რატომ შეწყვიტეს საკითხის განხილვა?... ინიცირებულია კანონპროექტი, რომელზეც RIA-ც კი გაკეთებულია, ყველაფერი წერია და მხოლოდ ამის თქმა, რომ აღარ განვიხილავთ, მიუღებელია. სახელმწიფო აანონსებს, რომ აგროტურიზმი არის პრიორიტეტი. მაშინ რატომ არის ყველა პროექტი მიმართული აქეთ, თუკი პარლამენტისთვის უმნიშვნელოა?“, - აცხადებს ის. 

თემაზე bm.ge-მ მეტი განმარტება დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვა, რადგან სწორედ აღნიშნული კომიტეტი იყო წამყვანი და გადაწყვეტილებაც მათ მიიღეს. დავით სონღულაშვილი BM.GE-ისთან საუბარში ირწმუნება, რომ „აგროტურიზმის შესახებ“ კანონპროექტზე გაწეული "შრომა წყალში არ ჩაყრილა" და ის აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ტურიზმის შესახებ კანონში, რომელზეც დარგობრივი კომიტეტი ახლა მუშაობს.

„ფორმულირება არასწორია - კანონპროექტზე მუშაობა არ შეგვიწყვეტია. საუბარი არის თანმიმდევრულობაზე - არ გვქონდეს ტურიზმის შესახებ კანონი მიღებული და აგროტურიზმის კანონი მივიღოთ, არ იქნება სწორი. ჯერ მივიღებთ ტურიზმის კანონს, რომელიც აუცილებლად დაფარავს ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებებს, ხოლო რაც დარჩება ღია, შეიძლება იმ საკითხებზე ვიმსჯელოთ მერე, ანუ რა არის დასამატებელი და როგორ უნდა ვიმუშაოთ. მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ტურიზმის დარგი სწორად განვავითაროთ“, - ამბობს დავით სონღულაშვილი.

კითხვაზე - რატომ მოდიოდა წინააღმდეგობაში ერთმანეთთან ტურიზმის შესახებ ახალი კანონი და აგროტურიზმის კანონპროექტი, რომელიც უკვე დაწერილია და პარლამენტშიც ინიცირებული იყო, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება ჩარჩო კანონზე "დაშენდეს".

"აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტის ნაწილი, რაც გამოდგება ახალი კანონისთვის, იქნება გათვალისწინებული. აგროტურიზმის მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია მიღებული იყოს ჩარჩო-კანონი და ამაზე დაშენდეს ტურიზმის სექტორული განვითარება“, - ამბობს დავით სონღულაშვილი.

ამასთან, დეპუტატი ფიქრობს, რომ დარგობრივი კომიტეტის გადაწყვეტილება, აგროსფეროსთან დაკავშირებით არც სახელმწიფოს მიდგომასთან და არც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ 2020-ის სოფლის ტურიზმის წლად გამოცხადებასთან, წინააღმდეგობაში არ მოდის.

„როგორც აგროტურიზმი, ისე ეკოტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი და სხვა მიმართულებები ძალიან მნიშვნელოვანია და რომელიმეს გამოყოფა რთული იქნება. პირველ რიგში, მისაღებია ჩარჩო-დოკუმენტი, რომელზეც უნდა დაშენდეს სხვა კომპონენტები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა შეწყდა, რაღაცა აღარ გაგრძელდა და რაღაც გაჩერდება. თანმიმდევრულობა არის პრიორიტეტული“, - ამბობს სონღულაშვილი.

ის, ასევე, ეხმაურება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი პირების მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას იმის თაობაზე, რომლის თანახმად, რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე მათ დავით სონღულაშვილისგან მიიღეს დაპირება, რომ აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტს კომიტეტი შეისწავლიდა და კერძო სექტორთან შეხვედრა შედგებოდა.

„შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ ვუთხარით, რომ ჩამოვყალიბდებით და დაგიბრუნდებით-მეთქი. ვიმსჯელეთ შიგნით, კომიტეტში და კონსულტაციების შედეგად ჩამოვყალიბდით, რომ თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია. საკითხს ცოტა უფრო მასშტაბურად უნდა შევხედოთ, რადგან ქვეყნისთვის პრიორიტეტული სექტორია და მხოლოდ აგროტურიზმის ნაწილში დავიწროვება ამ ძალიან დიდი სექტორის, არ იქნებოდა სწორი; როცა ტურიზმის შესახებ კანონს მივიღებთ, თუ რომელიმე საკითხი დარჩება ღია, მათ შორის აგროტურიზმის მიმართულებით, მასაც დავამატებთ. მადლობა მათ შრომისთვის“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დავით სონღულაშვილის აზრით, "წინა მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა თავის ჭრილში შეხედა საკითხს, ხოლო, ჯამში, დარგობრივი და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა უნდა შეხედოს მასშტაბურად და სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტურიზმის ერთიანი კანონი შეიქმნას და დამტკიცდეს".

დეპუტატი მზად არის, თემით დაინტერესებულ პირებს შეხვდეს. „საკითხის გადასაწყვეტად კომიტეტი ღიაა“, - დასძინა დავით სონღულაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები