მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ყიდულობს/ყიდის საქართველო რუსეთში? - სავაჭრო ბრუნვა 51%-ით გაიზარდა

64674a5ac7efe
შოთა ტყეშელაშვილი
19.05.23 14:13
1359
რუსეთის ფედერაცია საქართველოს რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. 2023 წლის იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვამ 848 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 51%-ით მეტია. ამ ზრდის შედეგად, რუსეთმა ჩინეთი ჩამოიტოვა და თურქეთის შემდეგ სავაჭრო პარტნიორთა შორის მეორე ადგილი დაიკავა.

საქსტატის ინფორმაციით, რუსეთიდან იმპორტი 54%-ით, 622 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ექსპორტის მატებამ 45% შეადგინა და მან 226 მილიონ დოლარს მიაღწია. რუსეთში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი კვლავ ღვინოებია, რომლის ექსპორტმაც წელს 52 მილიონი დოლარი შეადგინა.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი რუსეთში:

1) ღვინოები - 52 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 55%;
2) ფეროშენადნობები - 45 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 21%;
3) მსუბუქი ავტომობილები - 30 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 732%;
4) მინერალური და მტკნარი წყლები - 22 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 40%;
5) გაზიანი და შაქრიანი სასმელები - 17 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 273%.

რაც შეეხება იმპორტს, პირველ ადგილზეა ნავთობპროდუქტები, რამაც 212 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს წინა წელთან შედარებით 186%-ით მეტია.

სულ საიმპორტო საქონლის პირველი ხუთეული ასე ნაწილდება:

1) ნავთობპროდუქტები - 212 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 186%;
2) ბუნებრივი აირი - 80 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 116%;
3) ხორბლის ფქვილი - 17 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 6%;
4) ბოთლები და მინის ტარა - 15 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 200%;
5) ხორბალი - 14 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 16%.

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, მკვეთრად გაიზარდა საქართველოსა და ცენტრალური აზიის სავაჭრო ბრუნვა. ყაზახეთში საქართველოს ექსპორტი 331%-ით, $180 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ყირგიზეთში კი 1,300%-ით, 144 მილიონ დოლარამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები