მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ დათანხმდა კომუნიკაციების კომისია Neqsol Holding-ს შეეძინა “კავკასუსის” 51%-იანი წილი?

605e0000d168c
სალომე მეცხვარიშვილი
26.03.21 19:35
1004
აზერბაიჯანული Neqsol Holding “კავკასუს ონლაინის” 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. 49%-იანი წილი “კავკასუს ონლაინში” აზერბაიჯანულმა ჰოლდინგმა ჯერ კიდევ 2019 წელს შეიძინა, თუმცა, კომუნიკაციების კომისია ამ ტრანზაქციას დღემდე უკანონოს უწოდებს და მეორე წელია მის შებრუნებას ითხოვს. სანამ მხარეებს შორის დავა მიმდინარეობს, ცნობილი ხდება, რომ “ნექსოლ ჰოლდინგმა” “კავკასუს ონლაინში” დარჩენილი 51%-იანი წილიც შეისყიდა, რისი უფლებაც კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით ჰქონდა.

გუშინ bm.ge-სთან ინტერვიუში “ნექსოლ ჰოლდინგის” სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა თემურ თაგიევმა განაცხადა, რომ 51%-იანი წილის შესყიდვის მოთხოვნით კომუნიკაციების კომისიას გასულ წელს მიმართეს, თუმცა, ქართული მარეგულირებლისგან “არამოტივირებული უარი მიიღეს”.

კომუნიკაციების კომისია დღეს გამოეხმაურა “ნექსოლ ჰოლდინგის” მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც მარეგულირებელი ხაზს უსვამს, რომ “ნექსოლი” კავკასუს ონლაინის არაკანონიერი მფლობელია. კახა ბექაურის უწყების განცხადებაში განმარტებულია, რატომ უთხრეს უარი “ნექსოლ ჰოლდინგს” “კავკასუს ონლაინის” 51%-იანი წილის გადაფორმებაზე:

“„კავკასუს ონლაინის“ 49%-ის უკანონოდ შეძენასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიამ ადმინისტრაციული წარმოება ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო. 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე კომისიამ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის „კავკასუს ონლაინს“ 6 სანქცია დააკისრა და 49%-იანი წილის უკანონო გასხვისების კანონიერ ფარგლებში დაბრუნებას ითხოვდა. მიუხედავად კომუნიკაციების კომისიის 6 გადაწყვეტილებისა, კომპანია ფინანსურ ჯარიმებს იხდიდა, მათ შორის სამჯერ აქვს გადახდილი 270 ათას ლარიანი ჯარიმა, მაგრამ წილებს თავდაპირველ მდგომარეობაში არ აბრუნებდა.

კანონდარღვევების აღმოუფხვრელობის პარალელურად, „კავკასუს ონლაინმა“ კომუნიკაციების კომისიას“ 2020 წლის 13 ივნისს 51%-ის ყიდვის წინასწარი თანხმობის მოთხოვნით მიმართა, კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა. კომპანიას კომისიაში უნდა წარმოედგინა ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ განახლებული ინფორმაცია, სადაც გამოჩნდებოდა აღასრულა თუ არა კომპანიამ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებები და დაბრუნებული ჰქონდა თუ არა 49%-იანი წილი თავდაპირველ მდგომარეობაში. კომისიის მოთხოვნაზე, კომპანიამ კომუნიკაციების კომისიაში წარმოადგინა ამონაწერი, რომლის მიხედვითაც დგინდებოდა, რომ 49%-ის დაბრუნებასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნა კომპანიას არ შეუსრულებია. აღსანიშნავია, რომ რაიმე ფორმით „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების წილის შეძენასთან დაკავშირებული საკითხის სრულყოფილი და ჯეროვანი განხილვა შეუძლებელი იყო, რადგან 49% კანონდარღვევით ჰქონდათ შეძენილი. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ უკანონო მოთხოვნის განხილვაზე, „კავკასუს ონლაინს“ უარი უთხრა. რის შემდეგაც, ჰასანოვმა, როგორც უკვე თავად აღიარებს, კომუნიკაციების კომისიის უარისა და კანონის მოთხოვნის მიუხედავად, კანონდარღვევით შეიძინა 51%.

უფრო მეტიც, ნასიბ ჰასანოვმა 100% შეძენის თაობაზე 2020 წლის 10 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიას წინასწარი თანხმობის მიღების მიზნით ფორმალურად, მას შემდეგ მიმართა რაც კომპანიის 51% 2020 წლის აგვისტოში უკვე უკანონოდ ჰქონდა შეძენილი. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნასიბ ჰასანოვის კატეგორიულად მიუღებელ ქმედებას და ქართული კანონმდებლობის სრულ უგულებელყოფას”,- ნათქვამია კომისიის განცხადებაში.