მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12 საინვესტიციო საარბიტრაჟო დავა საქართველოს წინააღმდეგ - ვინ გვიჩივლა?

კანცელარია

ამ დროისთვის, საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟებში 12 საინვესტიციო დავა მიმდინარეობს. აღნიშნული ინფორმაცია BMG-მ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან გამოითხოვა.

ჩვენ გვაინტერესებდა, მაქსიმალურად დეტალური მონაცემები დავების შესახებ - კერძოდ, მოდავე მხარე, დავის საგანი, დავის საგნის ღირებულება, საარბიტრაჟო სასამართლოებში მიმდინარე დავების წაგების შემთხვევაში, რა თანხის გადახდა მოუწევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან; ასევე, რა თანხა გადავიხადეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენით დასრულებული საინვესტიციო დავების გამო, რა დაგვიჯდა იურიდიული ფირმების მომსახურება, რომელიც ქვეყნის მთავრობამ ამ დავებში სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად დაიქირავა და ა.შ. თუმცა სამინისტრომ წერილობით მხოლოდ ის ინფორმაცია მოგვაწოდა, რომელიც საარბიტრაჟო წესების ან/და მხარეთა შეთანხმების თანახმად, საჯაროა.

როგორც აღმოჩნდა, 12 მიმდინარე საარბიტრაჟო დავიდან საჯაროა მხოლოდ ცხრა დავა და და ასევე, ზოგიერთი მოდავე მხარის მიერ კომპენსაციის სახით მოთხოვნილი თანხის მოცულობა.

საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე საინვესტიციო დავები:

1. „Gardabani Holdings B.V., Inter RAO UES PJSC და სს „თელასი“ საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ წინააღმდეგ“ და „Gardabani Holdings B.V. და Silk Road Holdings B.V. საქართველოს წინააღმდეგ“.

ერთობლივი სასარჩელო მოთხოვნა: დაახლოებით, $210,000,000

2. „ზაზა ოქუაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

სასარჩელო მოთხოვნა: დაახლოებით, $328,200,000

3. „TELCELL WIRELESS LLC და INTERNATIONAL TELCELL CELLULAR LLC საქართველოს წინააღმდეგ“ *„მაგთიკომის“ მფლობელი ამერიკული კომპანიები)

სასარჩელო მოთხოვნა: დაახლოებით, $154,000,000

4. „ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ“

სასარჩელო მოთხოვნა: დაახლოებით, $64,000,000

5. „შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოს წინააღმდეგ“

სასარჩელო მოთხოვნა: დაახლოებით, $1,620,000,000

6. „ნასიბ ჰასანოვი საქართველოს წინააღმდეგ“

7. „შპს „ენკა რინიუებლზს“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“

8. „რონალდ ვალდმანი და შპს „ბაზელი“ საქართველოს წინააღმდეგ“

9. „მირიან დეკანოიძე და შპს „თიჯი თრეიდი“ საქართველოს წინააღმდეგ“

რა თანხის გადახდა მოუწევს საქართველოს მიმდინარე დავების წაგების შემთხვევაში?

იუსტიციის სამინისტროდან მოგვწერეს, რომ ეს დამოკიდებულია საარბიტრაჟო ტრიბუნალების გადაწყვეტილებაზე, მაგრამ შარშან სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავად ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ შეფასებაზე დაყრდნობით წერდა, რომ ინვესტორების მიერ დაწყებულ საარბიტრაჟო საქმეებში მოთხოვნილი დავის საგანი 2.9 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც საქართველოს ბიუჯეტისთვის ერთ-ერთი ფისკალური რისკია.

რამდენი საინვესტიციო დავა დასრულდა საქართველოს წაგებით ბოლო ათ წელიწადში და რა თანხის გადახდა დაეკისრა სახელმწიფოს?

ამ კითხვაზე პასუხად იუსტიციის სამინისტროდან მოგვწერეს, რომ ასეთი საქმეა „Gardabani Holdings B.V. და Silk Road Holdings B.V. საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც ქართულ მხარეს დაეკისრა 76 მილიონი აშშ დოლარის გადახდა. თუმცა, მოცემულ საქმეზე სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი პროცედურები არ დასრულებულა. ანულირების პროცესის ფარგლებში გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებულია და, შესაბამისად, ქართულ მხარეს მოსარჩელეებისთვის ამ ეტაპზე რაიმე სახის თანხა არ გადაუხდია.

BMG, ასევე, აპირებს გამოითხოვოს მორიგებით დასრულებული წაგებულ დავებში გადახდილი მილიონების სტატისტიკაც.

რა თანხა უჯდება საქართველოს საარბიტრაჟო დავებისთვის უცხოური იურიდიული ფირმების დაქირავება?

იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, შარშან ეს იყო 58,249,199 ლარი, წელს კი, 65 მლნ ლარია გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ 2014-2023 წლებში, ჯამურად, საარბიტრაჟო დავებში იურიდიული ფირმების დაქირავებისთვის დაახლოებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 249 მლნ ლარია დახარჯული.

news მომზადებულია BMG-ის და "მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის" თანამშრომლობით, პროექტის - "მედიის თავისუფლებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გზით“ - ფარგლებში. დონორი - აშშ-ის საელჩო საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები