მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ და რა პირობებით დაასუბსიდირებს მთავრობა ვაშლის ჩაბარებას - მინისტრის განმარტება

5f34fe93e561b
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.20 12:59
1132
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცახდებით, ვაშლის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა სექტემბრიდან დაიწყება.

მინისტრმა ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე სუბსიდირების პროგრამის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილმა ის მიზეზები განმარტა, რომლის გამოც მთავრობამ ფერმერებისთვის ვაშლის სუბსიდირება გადაწყვიტა.

„ვაშლის მოსავლის დაბინავების შემთხვევაში ხელშემწყობი ღონისძიებები, გულისხმობს გარკვეული სუბსიდირების პროგრამას, რომელიც ჩვენ ასევე გვქონდა რამდენიმე წლის წინ.

იმ შემთხვევაში, როდესაც მოსავალი არის საკმაოდ დიდი და წელს ჩვენ ველოდებით 120 000 ტონაზე მეტ ვაშლის მოსავალს, ძირითადად შიდა ქართლის რეგიონში, ამ შემთხვევაში მთავრობა გარკვეულ ინტერვენციებს ახორციელებს იმის გათვალისწინებით, თუ როგორია საერთაშორისო კონიუნქტურა. წელს, მსოფლიოში ვაშლის მოსავლის მოლოდინი ძალიან მაღალია. შარშან იყო ძალიან მცირე მოსავალი, ფასები იყო მაღალი, მაგრამ საქართველოშიც არ იყო დიდი მოსავალი. ამის გათვალისწინებით იმისთვის, რომ ფერმერებს არ ჰქონდეთ ჩასაბარებელი თავიანთი შრომის შედეგად მოყვანილი პროდუქტი, მთავრობამ მიიღო სუბსიდირების პროგრამა“, - განმარტა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა პროგრამის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში იმოქმედებს იგივე სქემა, რაც ყურძნის სუბსიდირების შემთხვევაში. ამასთან, ვაშლის ჩაბარების შემთხვევაში კომპანიებს არ უწესდებათ ჩასაბარებელი პროდუქტის მინიმალური მოცულობა, რომლის შემთხვევაში ისინი მიიღებენ სუბსიდიას.

„ეს იქნება 10 თეთრიანი სუბსიდია 1 კგ ვაშლზე. იმ შემთხვევაში თუ კომპანიები მინიმუმ 22 თეთრს გადაუხდიან ჩამბარებელს, ისინი მიიღებენ 10 თეთრის კომპენსაციას. სქემა ისეთია, როგორიც ჩვენ გვქონდა ყურძნის შემთხვევაში, რომელსაც გამოვიყენებთ 2020 წელს.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ მოსახლეობას ჩაუბარებელი არ დარჩეს და მინიმუმი ანაზღაურება მიიღოს თავის გაწეულ შრომაზე. ასევე ეს არის კომპანიებისთვის მასტიმულირებელი მექანიზმი იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა საბრუნავ საშუალებებზე და არ მოხდეს სახელმწიფოს უშუალო ჩარევა შესყიდვებში და ეს განახორციელოს გადამამუშავებელმა კომპანიებმა, რომელიც ძირითადად აწარმოებენ ვაშლის წვენის კონცენტრატს, რომელიც არის საექსპორტო პროდუქტი და გადის ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში. მათ ექნებათ საშუალება, რომ ერთწლიანი საბრუნავი საშუალებების პროცენტი დავუფინანსოთ, იმ შემთხვევაში თუ საბანკო კრედიტის პროცენტი არ იქნება 16-ზე მეტი. ჩვენ ნახევარ პროცენტს დავაფინანსებთ, იმ შემთხვევაშიც თუ იქნება ცვლადი საპროცენტო განაკვეთი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვადებზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ პროგრამა სექტემბრიდან დაიწყება და 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.

„ეს პროგრამა განხორციელდება 15 დეკემბრამდე. სეზონი დაიწყება სექტემბრიდან, რა დროისთვისაც ჩვენ გვეყოლება ორგანიზებული სამუშაო-საორგანიზაციო შტაბი, ძირითადად ეს იქნება გორის მუნიციპალიტეტში სადაც არის განთავსებული 10-მდე გადამამუშავებელი ქარხანა. კომპანიებს მოეთხოვებათ რომ ჰქონდეთ უწყვეტი ინტერნეტკავშირი, ჰქონდეთ კამერები, იმისთვის რომ მოხდეს პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებულად ჩატარება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.