მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დათვალა საქსტატმა დეკემბრის ინფლაცია განსხვავებული წესით? - უწყება განცხადებას ავრცელებს

5ff5db1ca5d11
BM.GE
06.01.21 19:34
1165
საქსტატმა დეკემბრის ინფლაცია განსხვავებული წესით დათვალა და კომუნალური ტარიფების სუბსიდირების ეფექტი ინფლაციის მაჩვენებელს გამოაკლო, რის შედეგადაც დათვლილი ინფლაცია 2.4%-მდე შემცირდა. საქსტატის განმარტებით, რომ არა ეს ეფექტი, მაშინ ინფლაცია 1.94 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალი იქნებოდა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ კომუნალური ტარიფების სუბსიდირება დეკემბრის გარდა სხვა თვეებშიც ხდებოდა, თუმცა მაშინ სუბსიდირების ეფექტი ინფლაციის დონეს არ აკლდებოდა. საქსტატის მიერ განსხვავებული წესით დათვლილ ინფლაციასთან დაკავშირებით უკანასკნელი დღეების განმავლობაში არაერთი კითხვის ნიშანი გაჩნდა, რასთან დაკავშირებითაც უწყებამ დღეს საღამოს განცხადებაც გაავრცელა. თუმცა, ამ განცხადებაში საქსტატი მაინც არ ხსნის იმას თუ რატომ შეცვალეს ინფლაციის დათვლის წესი დეკემბერში, მაშინ როდესაც წინა თვეების განმავლობაშიც ხდებოდა კომუნალური ტარიფების სუბსიდირება. 

"გასული დღეების განმავლობაში, საქსტატის მიმართ, ზოგიერთი პირის მხრიდან ისმის არაკვალიფიციური და უსაფუძვლო კრიტიკა, 2020 წლის დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებელთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას და დეზინფორმაციის გავრცელებას. ამიტომ, მოქალაქეებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ:

როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის ნოემბრიდან „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, მომხმარებელთა გარკვეული კატეგორიისთვის განხორციელდა დახარჯული ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავებისა და ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურება. ამასთან, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის სუბსიდირება ხორციელდება უშუალოდ მათი მოხმარების მიხედვით, ხოლო წყალმომარაგების და დასუფთავების სერვისის - მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის მიხედვით.

ინფლაციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ასახოს ქვეყანაში ყველაზე ხშირად მოხმარებადი საქონლისა და მომსახურების ფასების ცვლილება, ანუ, სხვაგვარად, ინფლაციამ უნდა ასახოს იმ ფასების ცვლილება, რომელსაც ფაქტიურად იხდის რიგითი მომხმარებელი.

აქედან გამომდინარე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემოთავაზებული სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშების საერთაშორისო მეთოდოლოგიის თანახმად, ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისას გამოიყენება უშუალოდ მომხმარებლის მიერ გადახდილი საფასური. ანუ, სამომხმარებლო ფასი მოიცავს ყველა გადასახადს და არ მოიცავს სუბსიდიებს . აქედან გამომდინარე, მოხდა აღნიშნული სუბსიდირების შედეგის გათვალისწინება დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისას, რამაც გარკვეულწილად შეამცირა წლიური ინფლაციის მაჩვენებელი გასული თვეების დინამიკასთან შედარებით.

გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მონაცემები იმ აბონენტების შესახებ, რომლებმაც ისარგებლეს სუბსიდიით, ასევე ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში მთლიანად დახარჯული ბუნებრივი აირის/ელექტროენერგიის ღირებულებაში სუბსიდიით მოსარგებლე აბობენტების მიერ დახარჯული ბუნებრივი აირის/ელექტროენერგიის წილის შესახებ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს შესაბამისად, სუბსიდირების გათვალისწინების მიზნით განხორციელდა დახარჯული ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის წილის გაანგარიშება მათზე გაწეულ მთლიან დანახარჯებში იმ აბონენტებისთვის, რომლებმაც ისარგებლეს სუბსიდირების პროგრამით. პროგრამით მოსარგებლე აბონენტებისთვის საანგარიშო პერიოდში განხორციელდა ტარიფის სრული სუბსიდირება, რაც მათთვის 0-ის ტოლ ტარიფს გულისხმობს. დანარჩენი აბონენტებისთვის კი ტარიფი დარჩა უცვლელი,"- ნათქვამია საქსტატის განცხადებაში. 

საკითხის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში - “კომუნალურების სუბსიდირების” ეფექტი: წლიური ინფლაცია 2.4%-ია თუ 4.34%?