მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იმსახურებს ყურადღებას საქართველოს FDI-ში ოფშორების წილი? - ნინო ევგენიძე

5f1b439373a31
თელარა გელანტია
25.07.20 09:40
903
„არსებობს მოსაზრება, რომ მთავარია, ფული შემოვიდეს ქვეყანაში და მის წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ეს საკმაოდ პრობლემური მიდგომაა, რადგან ხშირად, შესაძლოა, ოფშორიდან შემოსული ფულის უკან სხვადასხვა კორუფციული გარიგებები და კონკრეტული პირების ბიზნეს ინტერესები იმალებოდეს”, - ეს არის ამონარიდი EPRC-ის მიერ მომზადებული მიმოხილვიდან - „კორონავირუსის ეპოქა და საინვესტიციო პერსპექტივები“.

დოუმენტში, სადაც საქართველოს საინვესტიციო გარემოს გამოწვევებსა და უპირატესობებზეა საუბარი, წერია ისიც, რომ რადგან ოფშორების გარშემო ბევრი კითხვაა, მნიშვნელოვანია, უკეთ იყოს გააზრებული, რა არის ოფშორი, რატომ იყენებენ მას, რა კავშირშია საქართველო ოფშორებთან და რა დამოკიდებულებაა ოფშორების მიმართ განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში.

„ბოლო წლებში განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად განიხილავენ ოფშორებიდან მომავალი რისკების შემცირების შესაძლებლობებს და თანდათან მკვიდრდება ოფშორული კომპანიების მფლობელთა გამჟღავნების მაღალი სტანდარტი, რაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინება საქართველოსთვისაც მიზანშეწონილია და სასურველია შემუშავდეს გარკვეული წესები ოფშორულ კომპანიებთან მიმართებით, განსაკუთრებით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საინვესტიცო პროექტების განხორციელების დროს“, - წერია მიმოხილვაში.

საქმე იმაშია, რომ ოფიციალური სტატისტიკით, 2010-2018 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5 მლრდ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი ინვესტიციების 38%-ია. ყველაზე მეტი ნიდერლანდებიდან, ირლანდიიდან და გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა, ჯამში 3 მლრდ დოლარი.

EPRC-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტენდენცია ყურადსაღებია და ხსნის რატომაც: „ვფიქრობ, ეს მოვლენა ჩვენს ქვეყანაში ყურადღებას იმსახურებს იმის გათვალისწინებით, რომ, ზოგადად, არაფორმალური მმართველობაა და სხვადასხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებიც ადასტურებენ ოფშორებიდან განხორციელებული ინვესტიციების კავშირს ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან. ამიტომ ვფიქრობ, ის უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა კარგად შევძლოთ ამ სტრუქტურის გაანალიზება, რადგან არ შეიძლება ქვეყანაში ინვესტიციების ძირითადი ნაკადი მხოლოდ ოფშორებიდან შემოდიოდეს“.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ ამ თემას ეხება, მსგავსი ინიციატივები იმისთვის არის, რომ ის ვალდებულებები, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე გვაქვს აღებული, შესრულდეს. „ეს ნებისმიერ ქვეყანას მოეთხოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება იმაზე დიდ პრობლემად გადაიქცეს, ვიდრე წარმოგვიდგენია“, - აღნიშნა EPRC-ის აღმარულებელმა დირექტორმა.