არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) დირექტორის მოადგილე ირინა გურულის შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის ნამდვილი მიზანი არა - გამჭვირვალობა, არამედ მედიის და არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციაა.
„ეს არის რუსული სტილის კანონი და მისი მიზანი არის ის, რაც იყო რუსეთში - არასამთავრობო სექტორის დისკრედიტიცია და იარლიყის მიკვრა, რომ თითქოს ჩვენი საქმიანობა უცხოური ძალების ინტერესის გატარებაა“, - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ და იქვე დასძინა, რომ მისი მიღების შემთხვევაში, EPRC-ი, სავარაუდოდ, საქმიანობას შეწყვეტს.
„ჩვენი ნებით, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დავრეგისტრირდეთ, რადგან ჩვენი მიგვაჩნია, რომ ვმუშაობთ ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ვატარებთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესს“, - თქვა ირინა გურულმა.
ამასთან, EPRC-ის დირექტორის მოადგილემ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის შეფასებისას, იმის დასტურად, რომ „რუსული კანონის“ მიზანი არაა არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობა, დეტალურად ახსნა ის პროცედურები, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გრანტების მიღების და მართვის პროცესში გადიან.
„დონორი ორგანიზაციები, პარტნიორი ქვეყნების საელჩოები, საერთაშორისო განვითარების სააგენტოები აცხადებენ კონკურსებს სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებაზე, რომელშიც ვმონაწილეობთ და წარვადგენთ პროექტებს, სადაც დეტალურადაა გაწერილი ყველა აქტივობა და ხარჯი; მას შემდეგ, რაც დონორი შეარჩევს კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას, ფორმდება საგრანტო ხელშეკრულება, რომელიც იგზავნება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, რათა გრანტის მიმღები ორგანიზაცია გათავისუფლდეს დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდისგან, ვინაიდან, მოგეხსენებათ, არსებობს ქვეყნებს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება. შესაბამისად, როცა შემოსავლების ვებგვერდზე შეხვალთ, ნახავთ გადასახადების შეღავათების მიმღებთა რეესტრს, სადაც ატვირთულია საგრანტო ხელშეკრულების ნომრები. ყველა ამ პროცედურის გავლის შემდეგ, ირიცხება თანხა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯამური გრანტის 20%-ზე მეტი თითქმის არასდროს არაა სახელფასო ბიუჯეტი, სხვა შემთხვევაში ვერ ვიქნებით კონკურენტუნარიანი. საგრანტო თანხის 80% პროგრამის ბენეფიციარებსა და აქტივობებზე იხარჯება. ყველაფერი გამჭვირვალეა“, - განმარტა ირინა გურულმა.
გარდა ამისა, EPRC-ის დირექტორის მოადგილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები თანამშრომლებისთვის გადახდილ ხელფასებზე იხდიან საშემოსავლო გადასახადსაც და ასევე, საპენსიო შენატანს, რის შესახებაც შემოსავლების სამსახურში დეკლარაციას ყოველთვიურად წარადგენენ.
„ზოგადად, ქვეყანაში შემოსული უცხოური გრანტების 1%-ზე ნაკლები იხარჯება არასამთავრობო სექტორის გავლით; დანარჩენი ან საბიუჯეტო გრანტია ან ტექნიკური მხარდაჭერა უშუალოდ სახელმწიფო ინსტიტუციების მისამართით“, - აღნიშნა ირინა გურულმა.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას, დემოკრატიის გაძლიერებასა და ეროვნული უსაფრთხოების გაუმჯობესებას. კომპანიის ვებგვერდზე საჯაროა მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია დამფინანსებლის წყაროების და თანხების მოცულობის მიხედვით.