ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ევგენიძის შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ნათია თურნავას დანიშვნის ამოცანა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული ხელისუფლების პოლიტიკის გატარება იყო.
ამის შესახებ ნინო ევგენიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას ნათია თურნავას მიერ გამოცემული საგამონაკლისო ბრძანების შეფასებისას განაცხადა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების აღსრულების საგამონაკლისო წესი დაადგინა. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქციები გავრცელდება მხოლოდ მაშინ, თუკი მის წინააღმდეგ შესაბამის გადაწყვეტილებას საქართველოს სასამართლო მიიღებს. ამ ბრძანების გამოცემიდან მეორე დღეს ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობები დატოვეს. ნათია თურნავას მრჩევლობაზე უარი თქვა გიორგი ბაქრაძემაც.
„მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, ნათია თურნავას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე გამწესებით, ნათელი და ცნობილი იყო ყველასთვის, ვინც ამ სფეროს აკვირდება და ანალიზის უნარი აქვს, რომ ნათია თურნავა ეროვნული ბანკის მორიგი აღორძინებისთვის ნამდვილად არ იყო მიწვეული. მისი ამოცანაა, ეროვნულ ბანკში იმ პოლიტიკის გატარება, რასაც ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური, ოლიგარქიული ხელისუფლება ამ წლების განმავლობაში ახორციელებდა ქვეყანაში“, - თქვა ნინო ევგენიძემ.
მისივე თქმით, ნათია თურნავამ საგამონაკლისო ბრძანების გამოცემით, საფრთხის წინაშე დააყენა მოსახლეობა და მთელი ქვეყნის რეპუტაცია.
„წერტილთან“ ინტერვიუში EPRC-ის ხელმძღვანელმა „ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში“ ცვლილებების შეტანის პროცესიც გაიხსენა, რაზედაც საერთაშორისო სავალუტო ფონდს კრიტიკული პოზიცია ჰქონდა და გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში IMF-ის მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვა, სწორედ ამ მიზეზით გადაიდო.
„როგორც ვიცით, ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შედეგად დაემატა მეოთხე, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელიც დაიკავა ნათია თურნავამ და შემდეგ გახდა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
ამდენად, ნათია თურნავას მიერ საგამონაკლისო ბრძანების გამოცემა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა მიტაცებული აქვს ბიძინა ივანიშვილს და არ დარჩა არცერთი ინსტიტუტი, რომელიც ოლიგარქიული მმართველობის წნეხის ქვეშ არ არის. ამის დასტურია ნათია თურნავას ბრძანება, რომელიც მან ერთპიროვნულად გამოსცა ისე, რომ სებ-ის საბჭოს წევრებს არაფერი ჰკითხა.
კლეპტოკრატიული, ოლიგარქიული მმართველობები, როგორიც ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური ხელისუფლებაა, დამოუკიდებელი ინსტიტუტების არსებობას საერთოდ არ ითვალისწინებს, ამიტომ გასაკვირი არც არაფერი არ იყო“, - განაცხადა ნინო ევგენიძემ.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა სებ-ის სამ ვიცე-პრეზიდენტს, რომელთაც თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
„მადლობა იმ წესიერ და კეთილსინდისიერ ადამიანებს, რომლებსაც ეროვნულ ბანკში ვიცე-პრეზიდენტების პოსტები თუ სხვა თანამდებობა ეკავათ. მათ გადადგომით თავისი პოზიცია გამოხატეს და თქვეს, რომ ისინი ვერ გახდებიან რუსული მმართველობის ნაწილი. იმედია, ასეთი ადამიანების რაოდენობა გაიზრდება და კიდევ უფრო მეტი ადამიანი იტყვის, რომ არ უნდათ, იყვნენ ასეთი არაანგარიშვალდებული, გაუმჭვირვალე და კორუმპირებული ხელისუფლების ნაწილი“, - თქვა ნინო ევგენიძემ.