საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის აზრით, წარმოუდგენელია ქართულმა ბანკებმა ნათია თურნავას მიერ გამოცემული ე.წ. გამონაკლისი ბრძანებით იხელმძღვანელონ. მისივე თქმით, ბანკები სანქცირებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან ურთიერთობას არ გარისკავენ.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ გამოცემული იმ ბრძანების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში საქართველოს მოქალაქეებისათვის გამონაკლისის დაშვებას გულისხმობს და განმარტა, რატომ ფიქრობს ასე.
„აღნიშნული ბრძანება აბსურდულია და მის ავტორებს წარმოდგენა არ აქვთ, როგორ მუშაობს საერთაშორისო სანქციები. აშშ-ს ან ევროპას საერთოდ არ აინტერესებს, საქართველოს სასამართლო რა გადაწყვეტილებებს მიიღებს. საერთაშორისო სანქციები ასე არ მუშაობს. ვერცერთი ქართული ბანკი ვერ გაბედავს სანქცირებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან ურთიერთობას, რადგან იმ წუთშივე შეექმნებათ პრობლემები; მათი გადარიცხვები გაჩერდება.
უნდა გვესმოდეს, როგორ არის მიერთებული ქართული საბანკო სექტორი საერთაშორისო საფინანსო სისტემას; მაგალითად, როდესაც მომხმარებელი კომერციულ ბანკში მიდის ტრანზაქციისთვის, თავის მხრივ, კომერციული ბანკი უკავშირდება ე.წ. საკორესპონდენტო ბანკებს მსოფლიოში, სადაც თავად ბანკებს აქვთ ანგარიში გახსნილი და ამ ფორმით ხორციელდება საბანკო გადარიცხვები. ამ საკორესპონდენტო ბანკებს კი, აინტერესებთ აშშ-ის ხაზინის სანქციები გაცილებით მეტად, ვიდრე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები. ამდენად, როგორც კი რომელიმე ამერიკული ბანკი დაინახავს, რომ ქართული ბანკი სანქცირებულ პირს ემსახურება, იმ წუთშივე გაუჩერებს ტრანზაქციას, ხოლო განმეორების შემთხვევაში, ჩაუკეტავს“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ და დასძინა, რომ გამონაკლისი ბრძანების გამოცემით, ნათია თურნავამ, პოლიტიკური თვალსაზრისით, ქვეყნისთვის კატასტროფული გადაწყვეტილება მიიღო.
ამასთან, „წერტილთან“ ინტერვიუში გიორგი ქადაგიძემ ხაზი გაუსვა რეპუტაციულ ზიანს, რომელიც ბოლო დღეებში საქართველოს ეროვნულ ბანკს მიადგა.
"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არა მხოლოდ ჩემი ან ბატონი კობა გვენეტაძის, არამედ ძალიან ბევრი თაობის უზარმაზარი შრომაა ჩადებული იმაში, რომ საქართველოს ფინანსურ სექტორს ჰქონდეს რეპუტაცია; ბევრი ადამიანის დამსახურებაა ის, რომ დღეს საქართველოს საბანკო სისტემა და ჩვენი იურისდიქცია განიხილება და მიეკუთვნება ქვეყნებს, რომლებიც იცავენ საერთაშორისო სანქციებს. ჩვენი მოქალაქეები თუ ბიზნესმენები მიეჩვივნენ იმას, რომ ქვეყნის შიგნით გადარიცხვები წამებში ხორციელდება, ხოლო საერთაშორისო ტრანზაქციებს მაქსიმუმ 1-2 დღე სჭირდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ყველაფრის უკან დიდი შრომა დგას და მსგავსი აბსურდული ბრძანებებით შეიძლება, ყველაფერს ხაზი გადაესვას“, - თქვა გიორგი ქადაგიძემ.
სებ-ის ყოფილ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ პროცესებზე ქართულმა მსხვილმა ბიზნესმაც საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს.