2009-2016 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის შეფასებით, ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება.
ამის შესახებ მან „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა და პრეზიდენტს მოუწოდა, დაასახელოს ის ადამიანი, ვისი გადაწყვეტილებითაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინა ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი.
„სალომე ზურაბიშვილის საკადრო პოლიტიკა არის კატასტროფული და სანამ გულწრფელები არ ვიქნებით, არაფერი გამოგვივა. რამდენიმე დღის წინ მან მოუწოდა ნათია თურნავას გადადგომისკენ, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ არც დანიშვნას და არც გადადგომას ქალბატონი თურნავა ვერ წყვეტს?! ამიტომ თუ ის გულწრფელია, მან უნდა მოუწოდოს ბიძინა ივანიშვილს, გადააყენოს ნათია თურნავა და ასევე, დაასახელოს ის ადამიანი, ვინც ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია და ვისი დირექტივითაც გამოიცა ბრძანება, რომლითაც სანქცირებულ ქართველებზე გამონაკლისი დაუშვეს“, - თქვა გიორგი ქადაგიძემ.
ეროვნულ ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტის წასვლა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ბრძანებას მოჰყვა, რომელიც რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში საქართველოს მოქალაქეებისათვის გამონაკლისის დაშვებას გულისხმობს. პოსტები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ; სამივე მათგანი თანამდებობაზე ფორმალურად 21 ნოემბრამდე რჩება, რათა სებ-ის საბჭოს ფუნქციონირება არ შეფერხდეს. მათ გარდა, პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციაზე უარი თქვა გიორგი ბაქრაძემ.
ეროვნული ბანკიდან ვიცე-პრეზიდენტების წასვლიდან მეორე დღესვე, 21 სექტემბერს ეროვნული ბანკის საბჭოს ახალ წევრებად პარლამენტმა ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩა, თან მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს არცერთი მათგანის ხედვა არ მოუსმენია და ორივე კანდიდატურის წარდგენაზე პრეზიდენტმაც უარი თქვა.