მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იწყება საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი გურიიდან

5f19a01919b65
თელარა გელანტია
23.07.20 21:00
1641
საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი გურიიდან იწყება. მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა განკარგულება „აიიპ ოუფენ ნეტის მერის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“. პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმაც.

„ოზურგეთის რაიონის 49 სოფლის ინტერნეტიზაციის პროექტი განხორციელდება. ეს იქნება მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდება. ეს არის გამოწვევა, რომელიც ჩვენ ეპიდემიამ და კრიზისმა დაგვანახა. მაღალი ხარისხის ინტერნეტი თითოეულ ქართულ სოფელში - ეს არის ამოცანა, რომელიც უნდა გადავწყვიტოთ. ეს უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების აუცილებლობა ხდება იმისთვის, რომ ფერმერებმა იმუშაონ, ჩვენმა ბავშვებმა მიიღონ განათლება და ცხოვრების ჩვეულებრივი დონე, რომელიც არის ქალაქში, მივიტანოთ სოფლად“, - თქვა გიორგი გახარიამ.

მთავრობის სხდომის შემდეგ კი ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დააზუსტა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება სავარაუდოდ, 10 მლნ ლარია.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში უკვე შეირჩა ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც ყველაზე დაბალი ფასი ჰქონდა შემოთავაზებული. სამინისტროში ამბობენ, რომ კომპანიასთან კონტრაქტის პირობებზე დიალოგი მიმდინარეობის და მისი ვინაობა 2-3 დღეში გახდება ცნობილი.

რაც შეეხება იმას, რატომ იწყება საპილოტე პროექტის განხორციელება გურიიდან, „ოუფენ ნეტის“ ახალი დირექტორი აღნიშნულს რამდენიმე ფაქტორით ხსნის.

„საპილოტე პროექტისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შერჩევის ძირითად კრიტერიუმს წარმოადგენდა რეგიონში არსებული მოსახლეობის და დასახლებული პუნქტების რაოდენობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მოიცავს 49 დასახლებულ პუნქტს და 28,000-ზე მეტ მოსახლეს. სწორედ ეს იყო ძირითადი კრიტერიუმი; ასევე ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს საპილოტე პროექტი შედარებით შეზღუდულ ვადებში განხორციელდეს“, - აცხადებს მარიამ სულაბერიძე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ მზა ვიდეო-კომენტარში.

შეგახსენებთ: საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, დაახლოებით, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა იწყება. პროექტისთვის მთავრობამ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - Open Net-ი 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა.

2020 წლის იანვარში მთავრობამ ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა, რომლის თანახმად, მთავრობა დააფინანსებს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.

ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს კი 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტთან უნდა ჰქონდეთ წვდომა.

მთავრობის სტრატეგიის თანახმად, პროგრამის განხორციელებისთვის თავდაპირველად ე.წ. “თეთრი ზონების” (დასახელებული ობიექტების, რომელთაც არ აქვთ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომა) დათვლა არის საჭირო. ეკონომიკის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ამ დასახლებული პუნქტების რაოდენობა 1 300-მდეა. სოფლების ზუსტი სიის მიღების შემდეგ, დაიწყება პროექტირების ეტაპი, რის შედეგადაც მისი ბიუჯეტი განისაზღვრება.

თავდაპირველად, ინტერნეტიზაციის პროექტის დამფინანსებლად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” დასახელდა. ამის შესახებ 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა. როგორც დრო აჩვენებს, აღნიშნული განცხადება მცდარი აღმოჩნდა.

დღეს მთავრობა ამ პროექტის დაფინანსების ერთ-ერთ შესაძლო წყაროდ მსოფლიო ბანკს განიხილავს, თუმცა დაახლოებით, რა დაუჯდება სახელმწიფოს აღნიშნული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ჯერჯერობით, მედიისთვის საჯარო არაა.