მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მყარდება ლარი? - "რეფინანსირების მაღალი განაკვეთი ლარს ამ დოზით ვერ გაამყარებდა"

61f7cce254758
სალომე მეცხვარიშვილი
02.02.22 09:45
990
ფინანსისტი ირაკლი ერაძე ლარის კურსის გამყარებაში რეფინანსირების მაღალი განაკვეთის წვლილს ვერ ხედავს. როგორც მან “საქმიან დილაში” განაცხადა, მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ლარის კურსის გამყარებაზე გავლენა აქვს, მაგრამ არა დიდი დოზით, მითუმეტეს მაღალი ინფლაციის პირობებში, რომელმაც დეკემბერში 13.9%-ს მიაღწია. შედეგად, ირაკლი ერაძე არ ეთანხმება Galt&Taggart-ის ეკონომისტს ლაშა ქავთარაძეს, რომელიც ლარის ბოლოდროინდელ გამყარებას სწორედ რეფინანსირების გაზრდილი განაკვეთით ხსნის. 

ფინანსისტის განმარტებით, მაღალი ინფლაციის დროს ფიზიკური და იურიდიული პირები ნაკლებად ფიქრობენ, რომ ფული დეპოზიტზე შეინახონ, იმის მიუხედავად, რომ რეფინანსირების მაღალი განაკვეთის პირობებში დეპოზიტებზე დარიცხული სარგებელიც მაღალია.

“რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებას აქვს გავლენა ეროვნულ ვალუტაზე, მაგრამ არა ისეთი მყისიერი, როგორიც შეიძლება იყოს ტურიზმის სექტორში შემოსავლების კლება, როცა მაგალითად, 2020 წელს 3 მილიარდამდე გვქონდა დანაკლისი.

ლარის გამყარებაზე მოქმედებს ეროვნული ბანკის მხრიდან რეზერვების ხარჯვის ინტენსივობასაც, მაგრამ როგორც ვიცით, ეს ძირითადად, 2021 წლის პირველ ნახევარში ხდებოდა და არა მეორე ნახევარში, როცა ლარის კურსის გამყარების ტენდენცია შეინიშნებოდა.

რაც შეეხება ფუნდამენტურ ფაქტორებს - აქ არის გაუმჯობესება, მაგრამ არა იმ დონის, რაც 2019-ში გვქონდა. ჩემი ვარაუდით, ლარის გამყარებაზე გარკვეული გავლენა მოახდინა სამთავრობო ვალმაც. საგარეო ვალი 2020 და 2021 წლებში საკმაო რაოდენობით ავიღეთ, შესაბამისად, ეს ფული ხურდავდება ლარზე და ხმარდება შესაბამის ფისკალურ სტიმულებს”, - აცხადებს ირაკლი ერაძე.

1-ელი თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.67 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0451 ლარს შეადგენს. ლარი დოლართან მიმართებით ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის ივლისში იყო. სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.78 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4282 ლარი გახდა, თუმცა ამის მიუხედავად, ევროსთან მიმართებით ლარი ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის მარტში იყო.