მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უფასურდება ლარი? - გიორგი ხიშტოვანის შეფასება

5f69c08fd8c31
თათია ჩაფიჩაძე
22.09.20 14:44
1751
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, ლარის გაუფასურების მიზეზი ფუნდამენტურ ფაქტორებთან ერთად, მოსახლეობის გაუარესებული მოლოდინებია. 

როგორც მან bm.ge-ისთან საუბარში აღნიშნა, უცხოური ვალუტის შემოდინების ოთხივე ძირითადი წყარო კრიტიკულ მინიმუმზეა და თუ ფულად გზავნილებში ზრდა ფიქსირდება, ეს იმით აიხსნება, რომ პანდემიის გამო დაწესებულებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ვალუტა ქვეყანაში პირდაპირი გზით ვერ შემოდის.

„ყველა ფუნდამენტური ფაქტორი, რაც მოქმედებს ეროვნულ ვალუტაზე, ნეგატიურია; ვატყობთ, რომ ინვესტიციები მცირდება და მოლოდინია, რომ კიდევ უფრო შემცირდება. სავალუტო შემოდინების ძალიან მკვეთრი წყარო - ტურიზმი გაჩერებულია და მისი აღდგენის მოლოდინი დაბალია; უკვე საუბარია იმაზე, რომ თუ მომავალ წელს ზაფხულის სეზონი არ ჩავარდა, ეს ძალიან კარგი სცენარი იქნება. ამას ემატება გადმორიცხვები, უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ, როგორც წესი, გადმორიცხვების დიდი წილი შემოდიოდა პირდაპირი გზით - მოქალაქეები გადმორიცხვების გარეშე აგზავნიდნენ ფულს ან თვითონ შემოჰქონდათ, ახლა ეს არხი ჩაიკეტა, ამიტომ ჩემი ვარაუდით, თანხების რეალური შემოდინება და გადმორიცხვები შემცირებულია და ამას ემატება მოლოდინები, რომელიც ინფიცირების გაზრდილ შემთხვევებთან ერთად უფრო ნეგატიური ხდება, რადგან ეკონომიკურ მდგომარეობაზე პროგნოზი უარესდება. შესაბამისად, ამ პირველადმა ბიძგმა, რამაც ხელი შეუწყო ვალუტის გაუფასურებას, მოლოდინები გააუარესა ქვეყანაში და შესაბამისად, მოქალაქეები დღეს ერთმანეთს ეკითხებიან, სად დააბანდონ ფული და არ გამოვრიცხავ, რომ უმრავლესობა პანიკური შესყიდვებითაც იყოს დაკავებული, რაც თავისთავად ეროვნულ ვალუტას ურტყამს“, - აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას - სავალუტო რეზერვების გაყიდვით ხელი შეუწყოს ლარის დასტაბილურებას, გიორგი ხიშტოვანი აცხადებს, რომ თუ სებ-ის პროგნოზი ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო მეტად გაუფასურებაა, მაშინ ინტერვენციების ხარჯზე პროცესის რამდენიმე კვირით გადადება, არასწორია.

„ეროვნულ ბანკს ბევრად მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე - ჩვენ; თუ ლარის წონასწორული ნიშნული არის 3,20, მაშინ გასაგები ხდება სებ-ის ჩარევა, რათა ვალუტაზე პანიკური დარტყმები შეჩერდეს, მაგრამ თუ მათი პროგნოზი ლარის კიდევ უფრო გაუფასურებაა, მაშინ შესაძლოა, სჯობდეს ლარი ახალ წონასწორობაში გადავიდეს, ვიდრე დროებით რამდენმე კვირით გადავდოთ პროცესი და მერე მყისიერად დაეცეს კურსი და სავალუტო რეზერვებიც შეგვიმცირდეს“, - აცხადებს PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი.

ცნობისთვის: ამ დროისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარი 3.25 ლარი ღირს. ვაჭრობა 3.2275-ის ნიშნულზე გაიხსნა.