მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უნდა დაევალოთ პორტებს შესასვლელი არხების მოვლა-პატრონობა - კანონპროექტის ავტორების პოზიცია

62542be8585bf
შოთა ტყეშელაშვილი
11.04.22 17:28
936
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ახალი კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის და ამავე კომიტეტის წევრების მიერ მომზადებული ინიციატივა საზღვაო კოდექსში ახალ ჩანაწერის გაკეთებას ითვალისწინებს. კანონში ჩნდება ახალი ცნება - “სანავსადგურე ერთეული”, რაც ნავსადურის ოპერატორს აღნიშნავს. კანონპროექტის მიხედვით, “სანავსადგურე ერთეულმა” კონკრეტული პორტის არეალში შესასვლელი არხის მოვლა-პატრონობის და მისი ფსკერის დაღრმავების სამუშაოები უნდა ჩაატაროს. ამასთანავე, კანონპროექტის მიხედვით, თუკი ერთ ნავსადგურში ერთზე მეტი ოპერატორი საქმიანობს, არ უნდა მოხდეს რომელიმე ოპერატორის მიერ სხვა ოპერატორისთვის პორტის შემოსასვლელ არხში გემების შესვლაზე რაიმე მოსაკრებელის დაწესება.

კანონპროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუკი “სანავსადურე ერთეული” თავად არ განახორციელებს პორტის შესასვლელი არხის დაღრმავების სამუშაოს, მაშინ სახელმწიფოს ეძლევა უფლება თავად განახორციელოს ეს პროცესი.

„კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია დამზღვევი მექანიზმი იმისათვის, რომ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით არ მოხდეს რაიმე გაუგებარი სიტუაციის წარმოშობა, აქედან გამომდინარე საქართველოს მთავრობა იტოვებს უფლებას, იმ შემთხვევაში თუ სანავსადგურე ერთეულები ვერ ან არ შეასრულებენ თავის მოვალეობას, მთავრობა და კერძოდ საზღვაო სააგენტო უფლებამოსილია თვითონ განახორციელოს ნავსადგურში შემავალი არხის მოვლა-პატრონობა. ამ კანონპროექტის არსი არის ის, რომ ყველა სანავსადგურე ერთეულს ჰქონდეს თანაბარი უფლებები და მოვალეობები იმ საერთო საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც საჭიროა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შესრულებისათვის“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ახალი კანონპროექტის 74 პრიმა მუხლში წერია:

"საერთო შესასვლელ არხში ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილში საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სანავსადგურე ერთეულებს.

საერთო შესასვლელი არხის ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილის ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების ხარჯი უნდა განაწილდეს სანავსადგურე ერთეულებს შორის, თითოეულ სანავსადგურე ერთეულში, ამ მუხლის მე - 5 ნაწილში აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში შესული გემების წყალწყვის ჯამური მაჩვენებლის პროპორციულად," - ნათქვამია დოკუმენტში.

კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს ინიციატივა დაჩქარებული წესით უნდა იყოს განხილული:

“მნიშვნელოვნად გაზრდილია მიმართვიანობა საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გავლით სატვირთო გადაზიდვების განხორციელებაზე, რაც საჭიროებს სათანადო მზაობას საქართველოში არსებული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის, მათ შორის სანავსადგურე სექტორის მხრიდან. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნავსადგურებში შეუფერხებლად და უსაფრთხოდ ხორციელდებოდეს ყველა შესაბამისი მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია გემების შესვლა-გასვლის, მათი დატვირთვა-გადმოტვირთვის და ტვირთის დამუშავების უზრუნველყოფასთან. შესაბამისად, ვინაიდან წარმოდგენილი პროექტი დაკავშირებულია ნავსადგურის შესასვლელი არხის ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფასთან, აუცილებელია მისი დაჩქარებული წესით მიღება, რათა არ შეფერხდეს სატრანსპორტო გადაზიდვის ოპერაციები დღეს არსებული გაზრდილი მოთხოვნისა და გამოწვევების გათვალისწინებით. ამასთან, საზღვაო ნავსადგურის უსაფრთხოებისა და ღიაობის უზრუნველყოფის მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობისა და მისი გამოყენების საკითხების მოწესრიგება საკანონმდებლო დონეზე,” - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ფოთის პორტის ოპერატორი APM Terminals-ი ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება:

დღევანდელ სხდომას ესწრებოდა ფოთის პორტის ოპერატორი კომპანიის APM Terminals-ის იურისტი კახა შარაბიძე, რომელმაც დეპუტატებს განუცხადა, რომ კომპანიამ ამ კანონპროექტის შესახებ, ფაქტობრივად, მედიიდან გაიგო. იურისტის განცხადებით, კომპანია ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება და მისი მიღების შემთხვევაში, შესაბამისი იურიდიული ნაბიჯების გადადგმასაც არ გამორიცხავს.

“ფოთის საზღვაო ნავსადგური 2011 წელს შეიძინა APM-მა და მას მერე 85 მილიონი დოლარი უკვე ინვესტირებული აქვს ფოთის პორტის ინფრასტრუქტურაში. ამჟამად კომპანია ახორციელებს 43 მილიონი დოლარის ინვესტირებას ნავსადგურსა და არსებული ტერმინალის მოვლაში და განიხილება ასევე გაფართოების პროექტი, რასაც პორტის გაფართოება ჰქვია.

ჩვენმა კლიენტმა გვთხოვა, გითხრათ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ძალიან ბევრი მიმართულებით ბადებს კითხვის ნიშნებს. მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში უმსხვილესი ნავსადგური და მისი ოპერატორი წინააღმდეგია ამ ფორმით წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა თუ დღევანდელ ფორმატში არის შესაძლებელი დავსვათ ეს კითხვები;

როდესაც ეს კანონპროექტი ეხება ინდუსტრიას და ამ ინდუსტრიაში ყველაზე მსხვილი კომპანია ეწინააღმდეგება ამ ინიციატივას, მას უნდა მიეცეს ჩართულობის შესაძლებლობა. ძალიან უცნაურია დაჩქარებული წესით განხილვა. ამის მიზანშეწონილობას ვერ ვხედავთ. ძალიან უცნაურია, რომ თითქმის პრესიდან შეიტყო ფოთის პორტმა ამ კანონპროექტის შესახებ და ჩართული არ იყო ამ პროცესში.

ეს კანონპროექტი შეეხება ბიზნესკლიმატს, რადგანაც კომპანიის მშობელი კომპანია, რომელიც რეგისტრირებულია ჰააგაში, განიხილავს მიმართოს ყველა ღონისძიებას. 1998 წელს საქართველოს და ნიდერლანდებს შორის გაფორმდა საინვესტიციო საკუთრების დაცვის შესახებ ორმხრივი შეთანხმება და ეს კანონი იქნება პირდაპირი დარღვევა ამ შეთანხმების.

ამის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაა შესწავლილი ამ კანონპროექტის ზემოქმედება, მათ შორის ფოთის პორტის საქმიანობის უსაფრთხოებაზე, ლოგისტიკურ ოპერაციებზე და ასე შემდეგ. ამ კუთხითაც ვხედავთ რომ საკითხი არ არის შესწავლილი სწორად.

გთხოვთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა მოხდეს იმ ფორმით, რომ საშუალება მიეცეს ინდუსტრიაში მთავარ მონაწილეს ჩართული იყოს ამ პროცესში. ვერ ვხედავთ ვერანაირ საჭიროებას, რომ დაჩქარებული განხილვა იყოს. ფოთის პორტი შეუფერხებლად და ეფექტურად მუშაობს,” - განაცხადა კახა შარაბიძემ.