მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რედკოში“ მთავრობასთან კომუნიკაციის პრობლემებზე საუბრობენ

5fd7733cdba1d
ვიქტორია მღებრიშვილი
15.12.20 12:41
955
საქართველოს მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან სხვადასხვა სახის შეზღუდვების ამოქმედების, მათ შორის მთის კურორტების დახურვის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრის რანგში ნათია თურნავა მთის კურორტებზე მოქმედი სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ პრობლემებზე ესაუბრა. როგორც მაშინ კერძო სექტორის წარმომადგენლები BM.GE-ისთან საუბრისას აცხადებდნენ, სასტუმროების მთავარი პრობლემა კომუნალური ხარჯები იყო, რაზეც მინისტრი ენერგოკომპანიებთან შუამავლობას დაჰპირდა. მთის კურორტებზე უმოქმედოდ დარჩენილი ბიზნეს სუბიექტებისთვის კომუნალური ხარჯების ნაწილში გარკვეული შეღავათების აუცილებლობაზე მთავრობის მიერ შეზღუდვების დაანონსების დღესვე გადაცემა „ანალიტიკაში“ დეველოპერული კომპანია „რედკოს“ ხელმძღვანელმა მალხაზ კუნელაურმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ კომპანიას საკუთარი რესურსით 3 მლნ ლარის გადახდა მოუწევდა.

აღნიშნული თემა აპარტამენტების მმართველი კომპანიისთვის დღესაც აქტუალურია. როგორც კუნელაური BM.GE-ისთან საუბრისას აცხადებს, შენობა-ნაგებობების შენახვის საკითხი პრობლემას წარმოადგენს, რადგან წელს გუდაურში საბაგიროების 2-თვიანი უმოქმედობის შედეგად, აპარტამენტები არ იჯავშნება. „ერთი კვირის წინ, გვქონდა კომუნიკაცია ბიზნესომბუდსმენთან. ის დაგვპირდა, რომ მთავრობის მხრიდან კერძო ენერგო კომპანიებთან კომუნიკაცია შედგება და საკითხი მათი შესაძლებლობის ფარგლებში გადაწყდება. ფაქტია, სამთო კურორტებზე რთული და არაორდინალური სიტუაციაა“, - განაცხადა დეველოპერული კომპანიის ხელმძღვანელმა.

მალხაზ კუნელაური აქტუალურ და პრობლემურ თემებზე მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „რედკოს“ ახალი გუდაურის პროექტი კურორტზე ყველაზე მასშტაბურია, მათთან როგორც კერძო სექტორის ერთ-ერთ მსხვილ მოთამაშესთან, მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან კომუნიკაცია არ ყოფილა.

"მესმის, რომ სასტუმროები შეიზღუდა და ეკონომიკის სამინისტროში სასტუმროების წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა და თითქოს აპარტოტელები არ ყოფილა პირდაპირი შეზღუდვის ობიექტები, მაგრამ  ეს სწორი არ არის. თუ ვსაუბრობთ გუდაურზე და მის, როგორც სამთო კურორტის პოტენციალზე, შეუძლებელია, რომ იქ „რედკო“ ვინმეს გამორჩეს. "რედკოს" ახალი გუდაურის პროექტი წლიდან წლამდე უდიდეს ეკონომიკურ აქტივობას უზრუნველყოფს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობის მხრიდან ჩვენთან მუდმივი კომუნიკაცია და აზრთა გაცვლა, თუმცა, ჯერჯერობით, ამაზე მხოლოდ ბიზნესომბუდსმენთან ვისაუბრეთ", - აცხადებს კუნელაური.

მისივე თქმით, სახელმწიფომ მსხვილი ინვესტორების მოსაზრებები უნდა გაითვალისწინოს და შექმნას გარემო, რომ ინვესტიციების განხორციელების სურვილი მომავალშიც იყოს.

„ახალი გუდაურის განაშენიანების გეგმა სახელმწიფოს დაკევთით კანადურმა კომპანიამ გააკეთა. ანალოგიური პროექტები სხვა სამთო კურორტებზეც შეიქმნა. გუდაურში განაშენიანების გეგმის მიხედვით მთავარ ლოკაციად განსაზღვრული იყო ის ტერიტორია, რომელიც ჩვენ შევიძინეთ. არ მახსენდება სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ასეთი განაშენიანების გეგმების ფარგლებში რომელიმე პროექტი, რომელიც ფურცლის მიღმა რეალიზდა, ერთადერთი „რედკოს“ საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც სახელმწიფოს საამაყო პროექტი იყო. პროექტის ფარგლებში არსებული 26 კორპუსიდან ჩვენ შევქმენით და ავაშენეთ აპარტოტელები და დღეისთვის უკვე დასრულებულია სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც "რედისონის" ბრენდი შემოვა. დღეისთვის დასრულებული აპარტამენტების რაოდენობაა 3 000, ხოლო 4 000 აპარტამენტის მშენებლობა იგეგმება. ამ პროექტში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი, 150 მლნ დოლარზე მეტია. აქედან ნახევარზე მეტი არის ჩვენი ევროპელი პარტნიორის ინვესტიცია, რომელიც საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით დაინტერესებულია; მთავარია, მას შევუქმნათ გარემო და ვაჩვენოთ, რომ ქვეყანა საინტერესოა საინვესტიციოდ. ამიტომ გუდაურში მასშტაბური პროექტის შემსრულებელი კომპანიის დამოკიდებულება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რაზეც მუდმივი კომუნიკაცია უნდა არსებობდეს“, - განაცხადა „რედკოს“ ხელმძღვანელმა.