მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფინანსირების ნაცვლად სესხის განაკვეთი შეიძლება სხვა ინდექსს მიებას

62e2485f21264
შოთა ტყეშელაშვილი
28.07.22 12:35
4483
საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს შესაძლებლობას, რომ კომერციულ ბანკებს, მომხმარებელთან გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებებში შეაცვლევინოს მუხლები, რომლითაც ეს კრედიტები რეფინანსირების განაკვეთზე არის მიბმული. მის ნაცვლად, შესაძლოა, ცვლად განაკვეთიანი სესხები სხვა საბაზო ინდექსს მიებას, თუმცა რა იქნება ეს ინდექსი, ამის თაობაზე ეროვნულ ბანკში მკაფიო გადაწყვეტილება მიღებული არაა.

რეფინანსირების განაკვეთის ნაცვლად, სესხების სხვა ინდექსზე მიბმის შესახებ კობა გვენეტაძეს კითხვა დეპუტატმა რომან გოცირიძემ დაუსვა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სებ-მა შეისწავლოს საერთაშორისო გამოცდილება თუ რა ალტერნატივები არსებობს რეფინანსირების განაკვეთის ნაცვლად, სესხების სხვა ინდექსსა თუ განაკვეთებზე მიბმის მხრივ.

კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი ამჟამად სწორედ ამ საკითხების მოკვლევით არის დაკავებული და ფინანსური სტაბილურობის კომიტეტზე ამ ცვლილების თაობაზე უკვე იმსჯელეს. კობა გვენეტაძე ასევე აღნიშნავს, რომ ის ალტერნატიული ინდექსიც, რომელზეც ცვლად განაკვეთიანი სესხები შეიძლება მიებას, ასევე იქნება დაკავშირებული რეფინანსირების განაკვეთზე.

“ბატონო, რომან თქვენ გარკვეულწილად გამოიცანით ჩვენ რას ვაპირებთ და გვქონდა ამ საკითხის განხილვა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტზე თუ რა პრაქტიკა არის სხვა ქვეყნებში მცურავ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით. მოვიძიეთ ბევრი ინფორმაცია და ახლა ვართ იმ პერიოდში, რომ გადავწყვიტოთ რომელ ინდექსთან მიბმა სჯობს ამ შემთხვევაში და შემდეგ დავავალდებულოთ ბანკები, რომ ამით ისარგებლონ. საბოლოოდ, რომელი მიმართულებითაც არ უნდა წავიდეთ, თქვენ თანაც სტიგმას გულისხმობთ, რომ როდესაც ადამიანს მესიჯი მისდის, რომ თქვენ ამის გამო [სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გამო] გაგეზარდათ განაკვეთი, საბოლოოდ მაინც იმ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული ის ინდექსიც.

ეროვნული ბანკი არაერთ არაპოპულარულ გადაწყვეტილებას იღებს; თქვენც ყოფილხართ ამ თანამდებობაზე. ჩვენ ვნახეთ ეს გამოცდილება და გარკვეულ პერიოდში გადავწყვეტთ რა სახით შევთავაზოთ საზოგადოებას და ფინანსურ სექტორს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ დღეს რეფინანსირების განაკვეთის მატება ყოველთვის არის მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ათასობით ოჯახისთვის კრედიტების გაძვირება მოსდევს.

“მაინტერესებს საერთაშორისო გამოცდილება თუ არის ასეთი, რომ რეფინანსირების განაკვეთის აწევა და დაწევა პირდაპირ დამოკიდებულია ასეულობით ათასი ადამიანის ფიზიკური პირის სესხებთან. თუკი თქვენ ვინმე გყავთ ინსტიტუციონალური მტერი, ეს არის ჩვენი მოქალაქეები. თქვენ ხელფეხშეკრული ხართ და იყურებით იქით, სადაც არ უნდა იყურებოდეთ. ამისგან რაიმენაირად გათავისუფლება შეიძლება?!

დავუშვათ, კომერციულ ბანკებს რომ აუკრძალოთ სესხების მიბმა რეფინანსირების განაკვეთზე, ან იგივე მათ შეუძლიათ სახელშეკრულებო ურთიერთობებში გამოიყენონ სხვა ფორმა. იგივე საბანკო სისტემაში არსებული საშუალო პროცენტი და კომერციულმა ბანკმა რომ ჩაუწეროს, რომ თქვენ მოგცილდეთ ამ გადაწყვეტილების მიღების მძიმე ტვირთი. თანაც ყველა სესხი არაა მიბმული რეფინანსირების განაკვეთთან და ეს ბანკების სუბიექტურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

თქვენ გაქვთ სავალუტო ფონდში მუშაობის გამოცდილება და რაღაც მსგავსი მოდელები ხომ არაა სხვა ქვეყნებში? მიღებული სტანდარტია თუ არა სესხების მიბმა რეფინანსირების განაკვეთზე?”, - იკითხა რომან გოცირიძემ.

2022 წლის 30 მარტიდან საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქით, 11%-მდე გაიზარდა. ეს ზრდა ქვეყანაში არსებული 13%-მდე გაზრდილი ინფლაციით იყო განპირობებული.

ჯერჯერობით, უცნობია რა ინდექსზე შეიძლება მიებას ცვლად განაკვეთიანი სესხი. ეს შესაძლოა, იყოს თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთი TIBR, რომელიც ასევე 11%-ს შეადგენს და ის ფაქტობრივად, რეფინანსირების განაკვეთის მდგენელზე არის დაშენებული.

ამჟამად საქართველოში ცვლად განაკვეთზე 190 ათასი სესხი არის მიბმული, ამ კრედიტების პორტფელი 8.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. მათ შორისაა 70 ათასი კრედიტი, რომელიც უძრავი ქონებით არის უზრუნველყოფილი. ამ სესხების მოცულობა 3 მილიარდ ლარს შეადგენს.