დღეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით შეამცირა. შედეგად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10%-მდე შემცირდა.
ეროვნული ბანკის თანახმად, საგარეო ფაქტორების როლი ინფლაციის ფორმირებაში მნიშვნელოვნად შემცირდა და წინა წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ბაზრებზე სურსათისა და ნედლეულის ფასებმა იკლო. საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც თითქმის პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. ეს კი ლარის გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, საქართველოში იმპორტული საქონლის ფასებს ამცირებს.
რაც შეეხება ადგილობრივ ინფლაციას, ისიც შედარებით ნელი ტემპით, თუმცა მაინც იკლებს და აგვისტოში ის 6.1% გაუტოლდა. სებ-ის პროგნოზით, წლის განმავლობაში მისი კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი.
პარლამენტის წევრს რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება შეცდომაა, რადგან წლიური ინფლაცია გასული წლის მაღალ ინფლაციასთან შედარებით შემცირებულია. გარდა ამისა, გოცირიძე სებ-ის რეზერვების შევსების პოლიტიკასაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ არსებულ მდგომარეობაში რეზერვების შევსება არასწორია. სავალუტო რეზერვების მოცულობა აგვისტოში 751 700 დოლარით გაიზარდა და 5.436 მლრდ დოლარს გადააჭარბა.
“როგორც წინა თვეში ახლაც რეფინანსირების განაკვეთის შემცირება შეცდომაა. ნუ ჰგონია ეროვნულ ბანკს, რომ ინფლაციის ზრდის რისკები მოხსნილია. ინფლაცია დაბალია წინა წლის ძალიან მაღალ ფასების ზრდასთან შედარებით. ინფლაციური რისკები ქვეყანაში შენარჩუნებულია და ამას ეროვნული ბანკის პოლიტიკაც უწყობს ხელს, რადგან ის უცხოურ ვალუტას უზარმაზარი ოდენობით ყიდულობს. წელს სებ-მა თითქმის 3 მილიარდ ლარამდე გაუშვა მიმოქცევაში, შედეგად ფულის მასა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც სამომავლოდ სერიოზულ პრობლემას წარმოქმნის. ამიტომ ე.წ იაფი ფულის პოლიტიკის სტიმულირება ეროვნული ბანკის მხრიდან შეცდომაა. კომერციულ ბანკებს “იაფი ფული” ყელამდე აქვთ და არ სჭირდებათ კიდევ სტიმულირება რომ ეროვნული ბანკიდან სესხები აიღონ. ფული აქვთ მთავრობისგან, ვინაიდან ბიუჯეტის ფული დეპოზიტებზე არის განთავსებული. 2 მილიარდ ლარზე მეტის მოცულობის საპენსიო დანაზოგები ასევე კომერციული ბანკების ანგარიშებზეა და დიდძალი ფული, დაახლოებით 2.5 მილიარდ დოლარზე მეტი რუსეთიდან შემოსული თანხაა, რომელიც ასევე ბანკების ანგარიშებზეა აკუმულირებული. ამიტომ ეროვნული ბანკის მხრიდან დამატებითი ჩარევა საკრედიტო სტიმულირებისთვის სერიოზული შეცდომაა. არავითარი ფრთხილი შერბილება ეს არ არის", - ამბობს გოცირიძე.