მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Renaissance Capital-ი საქართველოში IMF-თან შედარებით ნაკლებ ეკონომიკურ ვარდნას პროგნოზირებს

5ebabb5ec76cd
შოთა ტყეშელაშვილი
12.05.20 19:15
991
საერთაშორისო საინვესტიციო ბანკმა Renaissance Capital-მა დღეს საქართველოს შესახებ მისი განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ბანკი 2020 წელს საქართველოში რეცესიას პროგნოზირებს, თუმცა, რეცესიის მასშტაბი არის შედარებით მცირე, ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) პროგნოზირებს და ის -4%-ის ნაცვლად,-2.9%-ს შეადგენს.

სექტორალური თვალსაზრისით, Renaissance Capital-ის კვლევის აქცენტი აღნიშნულ მიმოხილვაში ტურიზმის სექტორია. ბანკი წერს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო საერთაშორისო ვიზიტორებისთვის პირველი ივლისიდან იხსნება, ქვეყანას შეუძლია, 2020 წლის მეორე ნახევარში, წინა წელთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობის, დაახლოებით, 50% მაინც შეინარჩუნოს.

"ტურიზმის სექტორის შემოსავლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 20%-ს შეადგენს. 2020 წლის მარტში საერთაშორისო შემოსვლები საკარანტინო ზომების გამო უკვე 60%-ით შემცირდა, ხოლო აპრილ-ივნისის პერიოდში კი, ის ფაქტობრივად 0-ის ტოლი იქნება, თუმცა თუკი პირველი ივლისიდან სექტორი გაიხსნება, ქვეყანას შესაძლებლობა ექნება სეზონის პიკზე გარკვეული ნაკადი მაინც შეინარჩუნოს.

ჩვენ მიერ მომზადებული საბაზო სცენარის მიხედვით, 2020 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში ქვეყანაში ტურისტული ვიზიტების ნახევარზე ნაკლები მაინც აღდგება. ამასთან, სექტორში ადგილობრივი დამსვენებლების წილიც გაიზრდება. საერთო ჯამში, მთავრობის მიერ დაანონსებულმა ზომებმა სექტორის ზარალის შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი და ქვეყნის მშპ-ის შემცირების მასშტაბი დაახლოებით 2.9%-ზე შეინარჩუნოს,” - ნათქვამია Renaissance Capital-ის მიმოხილვაში.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ბანკის კვლევა ეხება, საქართველოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსია. Renaissance Capital-ი წერს, რომ საბაზო სცენარის მიხედვით, აშშ დოლართან მიმართებით, ლარი წლის ბოლომდე 3.2-ის ნიშნულზე უნდა შენარჩუნდეს.

“დანაკარგები, რაც ექსპორტისა და სერვისების ექსპორტის შემცირებასთან იქნება დაკავშირებული ჩვენი ვარაუდით, $1 მილიარდი დოლარის ფარგლებში უნდა იყოს, ხოლო ფულადი გზავნილების მხრიდან კი შემცირება $500 მილიონი ლარის ფარგლებში. ამას დააბალანსებს საქართველოდან იმპორტის კლება, ასევე გადინებების შემცირების კუთხით, დადებით როლს შეასრულებს ნავთობზე დაბალი ფასებიც.

სავალუტო შემოდინებების ვარდნას დააბალანსებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც, საქართველოს დასახმარებლად, $3-მილიარდიანი პაკეტის გაცემას გეგმავენ,”- აღნიშნავს Renaissance Capital-ი.