მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რექტორი: ქართულ უნივერისიტეტებს მსოფლიო რუკაზე პულსი არ ესინჯებათ

5f9804f88df53
ლიკა გურაბანიძე
27.10.20 21:29
842

ქართულ უნივერსიტეტებს მსოფლიო საუნივერსიტეტო რუკაზე პულსი არ ესინჯებათ. - ამის შესახებ “საქართველოს უნივერსიტეტის” რექტორმა კოკა თოფურიამ “საქმიან დილაში” განაცხადა.

როგორც თოფურიამ აღნიშნა, არცერთი ქართული უნივერსიტეტი რეიტინგის თვალსაზრისით, მსოფლიო უნივერსიტეტების ათასეულში არასდროს შესულა.

“ჩვენი უნივერსიტეტები ძირითადად იმით ამაყობენ, რომ საუკეთესო აბიტურიენტებს იღებენ. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ჰოსპიტალმა იამაყოს იმით, რომ მასთან ყველაზე ჯანმრთელი პაციენტები მიდიან. სინამდვილეში ეს არ არის ის მაჩვენებელი, რისი საშუალებითაც უნივერსიტეტების რეიტინგი უნდა დგებოდეს, ან ჰოსპიტალი ამაყობდეს. ისინი უნდა ამაყობდნენ იმით, მათი მდგომარეობა რამდენად გაუმჯობესდა. კარგი უნივერსიტეტი, ეს პროფესორ-მასწავლებლების კარგი გუნდია. იმისათვის, რომ მივხვდეთ პროფესორ-მასწავლებლები კვალიფიციურები არიან თუ არა, ამის შეფასებისთვის ერთადერთი ყველაზე ობიექტური კრიტერიუმი არის მისი წვლილი მეცნიერებაში” - განაცხადა თოფურიამ.

კოკა თოფურიამ პანდემიის პერიოდში “საქართველოს უნივერსიტეტის” მუშაობის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ სწავლის ჰიბრიდული მოდელის გამოყენება ეფექტიანად უნდა მოხდეს.

“ეს ჩვეულებრივი განვითარების მდგომარეობა არ არის. სასწავლო პროცესის შენარჩუნება მარტო არსებულ რეჟიმში, არ უნდა მოხდეს, რადგან ამას თან გარკვეული უარყოფითი ასპექტები ახლავს. არის ასევე ასპექტები, რომელთა შენარჩუნება პანდემიის დასრულების შემდეგაც უნდა მოხდეს. ჰიბრიდული მოდელი რესურსების ეფექტიანად გამოყენებისთვის აუცილებელია.” - აღნიშნა “საქართველოს უნივერსიტეტის” რექტორმა.