13.იანვარი .2021 15:41

რესტორანი "თაშრე": შეზღუდვების გახანგრძლივება კაბალურ მდგომარეობაში ჩაგვაგდებს

რესტორანი "თაშრე":  შეზღუდვების გახანგრძლივება კაბალურ მდგომარეობაში ჩაგვაგდებს
views 419
უკან

დღეის მდგომარეობით, მთავრობა 1 თებერვლიდან სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების გახსნას გეგმავს, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე მსჯელობა მიდის. რაც შეეხება რესტორნებისთვის და სხვა ბიზნესებისთვის შეზღუდვების მოხსნას, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამის თაობაზე იანვრის ბოლოს იმსჯელებენ.

თავის მხრივ, მოლოდინის რეჟიმში რჩებიან რესტორატორები. რესტორან „თაშრეს“ გენერალური დირექტორის მაკა ცაბუტაშვილის განცხადებით, ჯერ არ იციან, 1 თებერვლიდან გახსნის უფლებას მიიღებენ თუ - არა. „სანამ ოფიციალურად არ გამოცხადდება, არ ვიცით აღადგენენ თუ არა საქმიანობას რესტორნები. ასევე, ჯერჯერობით, უცნობია რა ტიპის შეზღუდვების მოხსნაზე იქნება საუბარი“, - თქვა "საქმის კურსთან" ინტერვიუში „თაშრეს“ ხელმძღვანელმა.

ამასთან, მაკა ცაბუტაშვილმა გადაცემაში სარესტორნო ბიზნესში არსებულ მძიმე ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ თებერვლიდან რესტორნები არ გაიხსნება, უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

"თუ 1 თებერვლიდან გაიხსნება ობიექტები, ცოტა გაგვიჭირდება, რადგან ბიზნესის გათვლებზე ბევრი რამ არ არის დამოკიდებული, მაგრამ ამ ყველაფრის გადავადება მეტად ცუდ და კაბალურ მდგომარეობაში ჩაგვაგდებს, რადგან ისედაც სავალალო მდგომარეობაში არიან. რეგულაციებს აქამდეც პირნათლად ვიცავდით და არსებული რეგულაციებით მუშაობასაც მოვახერხებთ, სხვა გზა არ გვაქვს", - განმარტა ცაბუტაშვილმა.

"საქმის კურსთან" ინტერვიუში "თაშრეს" ხელმძღვანელმა რესტორნებისთვის სესხების პროცენტის სუბსიდირების სამთავრობო პროგრამაზეც ისაუბრა, რომლით სარგებლობა თავადაც სცადა, მაგრამ ჯერ პასუხის მოლოდინშია. "დღემდე განაცხადების განხილვა მიმდინარეობს და ბიზნესები პასუხის მოლოდინში არიან. დიდი იმედი გვაქვს, რომ სესხს დაგვისუბსიდირებენ", - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა