მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორატორები ეპიდემიოლოგებთან შეხვედრის მოლოდინში - რას ითხოვს ბიზნესი

5fd8876f018a3
ვიქტორია მღებრიშვილი
17.12.20 10:15
758
რესტორნების ასოციაციის თანადამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, დარგი ეპიდემიოლოგებთან შეხვედრის მოლოდინშია. ამის შესახებ მან BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა. შეხვედრაზე რესტორატორები ეპიდემიოლოგებს მთავრობის მიერ დაწესებული მოთხოვნების დროზე ადრე მოხსნას შესთავაზებენ.

ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, რესტორნების წარმომადგენლების და ეპიდემიოლოგების შეხვედრის დრო ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა დარგის შემდგომი ფუნქციონირებისთვის შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება. შოთა ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ამ პროცესში მათ შუამავლობას ეკონომიკის სამინისტრო უწევთ.

„ვითხოვთ, სექტორის წარმომადგენლების და ეპიდემიოლოგების შეხვედრას, რათა სარესტორნო ბიზნესების 1 თებერვლამდე გახსნაზე გარკვეული შედეგი მივიღოთ. ჩამოვაყალიბებთ ჩვენს არგუმენტებს და თუ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ შევაჯეროთ ჩვენი არგუმენტები ისე, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გავართულოთ, ეს კარგი იქნება. ამ საკითხის დიალოგის ფორმატში განხილვა მნიშვნელოვანია, რათა გადაწყვეტილებები არ იყოს გაუგებარი ჩვენთვის... ხშირად დაწესებული შეზღუდვები სექტორისთვის გაუგებარია. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 24 დეკემბერს გახსნის არანაირი შანსი არ არის. ეს იყო საკითხთან არასწორი მიდგომა. ეს საკითხი თავიდანვე უნდა შეჯერებულიყო დარგთან. ჩვენი რეალური მოთხოვნა 15 იანვარი იქნება, რადგან 1 თებერვლამდე გახსნა და 2 კვირის მოგება სფეროსთვის გადარჩენის დიდ შესაძლებლობებს გააჩენს“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

რესტორნების ასოციაციის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან კომუნიკაცია სექტორისთვის შედეგის მომტანი იყო, თუმცა რესტორნების ბიზნესისთვის შეზღუდვების ხანგრძლივობა გადამწყვეტია. "ძალიან რთული სათქმელია, შეძლებენ თუ არა ბიზნესები გადარჩენას. ეს დამოკიდებულია დროზე, რაც უფრო დიდი იქნება დაპაუზების პერიოდი, მით უფრო რთული იქნება ბიზნესისთვის უკან გამოსვლა, რადგან ყოველდღიურად ხარჯები იზრდება და მატულობს პრობლემებიც. ამიტომ რაც უფრო გაიწელება დრო, მით უფრო რთული იქნება კომპანიების გადარჩენა", - განმარტა დარგის წარმომადგენელმა.