მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რესტორნები ან დახურულია, ან მხოლოდ უქმეებზე მუშაობენ” - რესტორატორთა ასოციაცია

61e5794abd82c
ლიკა გურაბანიძე
18.01.22 00:00
882
“იმ უბნებში რომ გაიაროთ, სადაც რესტორნებია განთავსებული, სასაფლაო გეგონებათ”, - ამის შესახებ “საქმიან დილას” რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რესტორნები ან დახურულია, ან მხოლოდ უქმეებზე მუშაობენ, რაც ამ ბიზნესს რთულ მდგომარეობაში აყენებს. მისივე თქმით, პრობლემაა, იჯარის გადახდის საკითხიც.

“უამრავი რესტორანი ტერიტორიიდან ფართის მეპატრონემ გამოაგდო, იმიტომ რომ ის მენეჯმენტს იჯარის თანხას სთხოვდა, რაც მოიჯარეებმა ცხადია ვერ გადაუხადეს", - აღნიშნა მან.

კოტე გაბრიჩიძე ასევე მიიჩნევს, რომ იმაში, რაც დღეს მათ სექტორში ხდება, კონკრეტული პირების ბრალეულობაა.

“რაც ჩვენს დარგში დღეს ხდება ამის მთავარი მიზეზი მთავრობის და ეპიდემიოლოგების აპოლოგეტები არიან. ფაქტობრივად ეს დარგი ეპიდემიასთან ბრძოლის მთავარ მედროშედ გადაიქცა.” - განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა.

გაბრიჩიძე სექტორიდან კადრების გადინების საკითხსაც შეეხო და განმარტა, რომ თუ ადრე ერთ კონკრეტულ რესტორანს 15 კადრი ჰყავდა დასაქმებული, ახლა ეს რიცხვი 5-მდე შემცირდა.

“ამ სფეროდან კადრების გადინება ხდება, ელემენტარულად დამლაგებელს, მზარეულს და მიმტანს ვერ იპოვი. ყველა საზღვარგარეთ, ან სხვა სამუშაოზე გარბის. ამ დარგს კატასტროფული იმიჯი აქვს, რომ ის ყველაზე არასტაბილურია. 1 500-ლარიანი თანამშრომელი მიდის და 500 ლარად სულ სხვა სექტორში საქმდება, რადგან მისთვის მთავარი სტაბილურობის განცდაა", - აღნიშნა კოტე გაბრიჩიძემ.