მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიწყება ავლაბრის მოედნის რეაბილიტაცია - პროექტზე მერია ₾2 მლნ-ზე მეტს დახარჯავს

62a1a4086bee7
ვიქტორია მღებრიშვილი
10.06.22 00:00
2098
თბილისის მერმა გუშინ, ქეთევან წამებულის სარეაბილიტაციო სამუშაოების მონახულებისას, კიდევ ერთი სარეაბილიტაციო პროექტის დაწყება დააანონსა. კახა კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში ავლაბრის მოედნის განახლება და პარალელურად მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია დაიწყება. უნდა აღინიშნოს, რომ რეაბილიტაციის ახალი პროექტი ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციის პარალელურად დაანონსდა, თუმცა დეტალებზე დედაქალაქის მერს არ უსაუბრია.

როდის იგეგმება ავლაბრის მოედნის რეაბილიტაციის დაწყება და რას მოიცავს პროექტი - ამ კითხვებით BM.GE-მ ჯერ თბილისის მერიას მიმართა. როგორც გაირკვა, პროექტს მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს და ამ კითხვებით სწორედ მათთან გადაგვამისამართეს.



უწყების ცნობით, ავლაბრის მოედნის რეაბილიტაციის პროექტი მეტროსადგურ "ავლაბრის“ მიმდებარედ არსებული გამწვანებული კედლის, მიმინოს სკვერისა და ერევნის სკვერის რეაბილიტაციას, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი - გზაგამყოფი კუნძულების მოწყობას მოიცავს, სადაც სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავები დაირგვება, დაითესება ბალახი და სარწყავი სისტემა დამონტაჟდება. განახლების ფარგლებში შადრევნის მოწყობაც იგეგმება. ჯამში სამუშაოებისთვის 2 077 778 ლარია გამოყოფილი.

„სკვერებისა და გამწვანებული კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისის თვეში დაიწყება და სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 1 500 000 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ, ახალი შადრევნის მოწყობის სამუშაოებს მიმდინარე კვირის ბოლოდან დაიწყებს. გარდა ამისა, არსებული ავლაბრის შადრევანი გულუას ქუჩაზე დამონტაჟდება.

შადრევნის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება 577 778 ლარს შეადგენს“, - განუცხადეს BM.GE-ის დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში.

ცნობისთვის: თბილისის მერმა გუშინ ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე პირველი სარეაბილიტაციო მონაკვეთზე საავტომობილო გადაადგილება აღდგენილია, ხოლო მეორე მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრისთვის დასრულდება.