30.ივნისი .2020 20:00

როდის დაიწყება საპენსიო დანაზოგების რეალურ ეკონომიკაში ინვესტირება - განმარტება

views 648
უკან

საპენსიო დანაზოგების რეალურ ეკონომიკაში ინვესტირება უახლოესი სამი წელი არ განიხილება - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გიორგი მელიქიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საპენსიო დანაზოგების რეალურ ეკონომიკაში ინვესტირების ვადებს შეეხებოდა.

„უახლოესი სამი წელი ეს არ განიხილება, რისკიანობიდან გამომდინარე. კერძო კაპიტალი იმაზე მეტად რისკიანია, ვიდრე A კატეგორიის საინვესტიციო ფასიანი ქაღალდები. სამი წლის შემდეგ უკვე გვაძლევს მანდატი იმის საშუალებას, რომ 10%-მდე განვიხილოთ მთელი პორტფელის რეალურ ეკონომიკაში და კერძო კაპიტალში შესვლა“, - განაცხადა მელიქიძემ.

ამავე თემაზე განმარტებები ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ გააკეთა.

„კაპიტალის ბაზრის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საპენსიო რეფორმის და არის მოლოდინი, რომ დანაზოგები კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებში უნდა წავიდეს, თუმცა თუ გახსნოვთ, როცა კანონპროექტი გაგვქონდა, მაშინაც ვაცხადებდით, რომ შესაძლოა, პირველი ორი წელი ძირითადად საფინანსო ბაზრის ინსტრუმენტებში - დეპოზიტებში შეიძლება წავიდეს. ეს მოლოდინებიც რეალურად არსებობს, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ რეალურად წლის ბოლოდან, მომავალი წლის დასაწყისიდან უფრო მეტად უნდა დაიწყოს სხვა ალტერნატულ ინსტრუმენტებში ინვესტირება, რაშიც ვგულისხმობ არა ფინანსურ, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებს, არამედ რეალურ სექტორს. აქ იგულისხმება ასევე სახელმწიფო საწარმოები, აქ პოტენციალი ასევე არის და ბუნებრივია - კომერციულ სექტორში.

პირველ ეტაპზე, ჩვენი მოლოდინი კაპიტალის ბაზრის ხედვასთან დაკავშირებით მთავრობის არის ის, რომ განვითარდება უფრო სავალო ფასიანი ქაღალდები და ეს იქნება ალბათ შესაძლებლობა კაპიტალის ბაზრის განვითარების შემდეგი ეტაპისთვის, თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრისთვის, რომ სააქციო ბაზარი განვითარდეს. ეს ეტაპობრივად ასე წარმოგვიდგენია, რომ საპენსიო სააგენტოც ასე გააგრძელებს ინვესტირებას“, - განმარტა გაგუამ.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ კი სააგენტოს მიერ დღემდე განხორციელებული ინვესტიციების შესახებ ანგარიში წარმოადგინა.

„657 მლნ ლარის ინვესტირებაა განხორციელებული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტზე. ეს 652 მილიონი უკვე მოიცავს ამონაგებს 27 მლნ ლარის ოდენობით. დანარჩენი თანხა რაც არის საპენსიო აქტივების, ეს არის 173 მლნ ლარის ოდენობით, რაც განთავსებულია კომერციული ბანკების მიმდინარე ანგარიშებზე, რომელსაც ერიცხება პროცენტები.

რაც შეეხება ამონაგებს - ინვესტიციებთან დაკავშირებით, რაც განვახორციელეთ, დღეის მდგომარეობით ნომინალური საპროცენტო განაკვეთია 14.7%, ეფექტური კი - 12%, ხოლო რაც ჩვენ გვაქვს განთავსებული კომერციული ბანკების მიმდინარე ანგარიშებზე, რომელსაც ერიცხებათ სარგებელი, ეს არის ნომინალურ გამოხატულებაში 9.3%, ხოლო ეფექტურში - 9.7%.

ჯამურად კი საპენსიო აქტივებს დღეს ნომინალური გამოხატულებით ერიცხებათ 14%, ხოლო 11.5%-ია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.

აბსოლუტურ ციფრებში დღევანდელი მდგომარეობით, ეს ინვესტიციები ასე რომ დარჩეს, წლიურად საპენსიო აქტივებს ერიცხებათ 106 მლნ ლარის ამონაგები", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისივე ინფორმაციით, გასული ერთი წლისა და 6 თვის განმავლობაში, დაგროვებით სავალდებული საპენსიო ფონდში დანაზოგის სახით 832 მლნ ლარია მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა