დამსაქმებლები საპენსიო შენატანის დარღვევისთვის 500 ლარით დაჯარიმდებიან. საპენსიო სააგენტოს შესაბამისი მონიტორინგის ფუნქცია 1-ელი ივნისიდან მიენიჭა.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი ჭიჭინაძე BMG-ისთან აცხადებს, რომ 5 წლის განმავლობაში დარღვევები ათასობით კომპანიას აქვს დაგროვილი და საუბარია მილიონობით ლარზე.
“5 წლის მანძილზე ათასობით კომპანიაა, რომელიც არ ადეკლარირებს, შეუსაბამოდ ადეკლარირებს ან შესაძლოა აქვს განსხვავება შემოსავლების სამსახურსა და საპენსიო სააგენტოს მონაცემების შედარებით და საჭიროებს დაზუსტებას“, - ამბობს გიორგი ჭიჭინაძემ.
რაც შეეხება მონიტორინგის მექანიზმს, როგორც გიორგი ჭიჭინაძე განმარტავს, შემოწმება ეტაპობრივი იქნება. კომპანიებს საპენსიო სააგენტოსგან ეცნობებათ დარღვევების შესახებ და გამოსასწორებლად 1 თვე მიეცემათ. თუ დამსაქმებელი ვალდებულებას არ შეასრულებს 500 ლარით დაჯარიმდება და საქმე აღსრულების ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა.
„კანონის შესაბამისად, 2024 წლის 1-ელი ივნისიდან, საპენსიო სააგენტოს გადმოეცა უფლება, რომ განახორციელოს მონიტორინგი, როდესაც დამსაქმებლები დასაქმებულების სასარგებლოდ არაჯეროვნად ან არასრულად ახორციელებენ საპენსიო შენატანის განხორციელებას. კანონში არის ორ თვიანი ვადა - 1-ელი ივნისიდან, 31 ივლისის ჩათვლით. თუ ამ პერიოდში კომპანიამ გამოასწორა დანაკლისები, არ დაჯარიმდება. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, ჩვენი სისტემების მეშვეობით დავიწყებთ შემოწმებას. შევიმუშავეთ შიდა წესი, ასევე ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს ამ პროცესს და სააგენტოში შეიქმნა დეპარტამენტი, რომელიც შემოწმებას უზრუნველყოფს. შემოწმება იქნება ეტაპობრივი. ის რესურსი და სისტემები აიწყობა უახლოეს პერიოდში, რომელიც ავტომატურად შეამოწმებს. როდესაც გამოიცემა ბრძანება შემოწმების თაობაზე, ამ კომპანიებს ეცნობებათ ყველა დარღვევა და მიეცემა 1-თვიანი ვადა. თუ შემოწმებამდე ან შემოწმების პერიოდში გამოასწორებენ, არ დაჯარიმდებიან და შესაბამისად, არ გადაეცემა აღსრულების ეროვნულ სააგენტოს. თუ კომპანია მიცემულ პერიოდში არ უზრუნველყოფს დასაქმებულის მიმართ ვალდებულების შესრულებას, გადაეცემა აღსრულების ეროვნულ სააგენტოს და ის უზრუნველყოფს ამ თანხის ამოღებას და განთავსებას მონაწილის ინდივიდუალურ ანგარიშზე. სავარაუდოდ, შემოდგომის პერიოდში დაიწყება დადგენა კომპანიების, ანალიტიკა და შემდეგ უკვე მათი ინფორმირება, რომ შემოწმების პროცესში მოხვდნენ“, - ამბობს გიორგი ჭიჭინაძე.
მისი განმარტებით, ვინაიდან არსებული კანონით შემოწმებამდე განსაზღვრული 2-თვიანი ვადა მცირეა, სააგენტოს აქვს ინიციირება და პარლამენტის მიერ გათვალისწინების შემთხვევაში, კანონში ჩაიწერება, რომ შემოწმებამდე ნებისმიერ დროს გამოსწორებულ დარღვევებზე კომპანია აღარ დაჯარიმდება.
2024 წლის 31 მაისის მონაცემებით, საპენსიო ფონდში 5.06 მლრდ ლარია აკუმულირებული.