ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ერთიანი სივრცითი გეგმის მომზადება ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რაც დღეს ქვეყანას გააჩნია.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს ერთიანი სივრცითი გეგმა და ხედვა, რომელიც მოიცავს ყველა ასპექტს, დოკუმენტი ჯერჯერობით საქართველოში არ არსებობს, შესაბამისად, აქტიურად დაიწყო მუშაობა ჯერ კიდევ გასულ წელს, როცა შეიქმნა სააგენტო.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სააგენტომ იმუშავა ძალიან აქტიურად მთელი წლის განმავლობაში და შემუშავებული იქნება გეგმა, რომელიც არათუ შეაფერხებს ეკონომიკის განვითარებას, არამედ მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს, რადგან გეგმა შეიძლება იყოს ძალიან დადებითი, რომელიც განვითარებას შეუწყობს ხელს, ან შემაფერხებელი. BMG ეკონომიკის მინისტრისგან დაინტერესდა, თუ რატომ ფერხდებას მაგალითად მესტიის, მცხეთის და გორის გენგეგმები და როდის დამტკიცდება ისინი.
„საყურადღებოა, რომ ქვეყანას ჰქონდეს სწორი, მაღალი დონის დოკუმენტი, რომლის მომზადებაშიც დარწმუნებული ვარ, რომ წამყვანი ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას. რაც შეეხება სივრცითი გეგმებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ბევრი მუნიციპალიტეტი უკვე გაწერილია გეგმებით, თუმცა ეს არ არის მარტივი პროცესი, გათვალისწინებული უნდა იყოს სხვადასხვა ადამიანის, სხვადასხვა უწყების და დარგის ინტერესები.
არსებობს დოკუმენტები, რომლებიც უკვე დამტკიცების პროცესშია. ამ გეგმების დამტკიცება მიმდინარე წელს უნდა მოხდეს. ყველაზე მგრძნობიარე მიმართულებები ახსენეთ თქვენ(მესტია, გორი, მცხეთა), სადაც ბევრია კულტურული მემკვიდრეობა. ბალანსი კულტურულ მემკვიდრეობას და ბუნებრივ მემკვიდრეობას და ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებს შორის საკმაოდ რთულად მისაღწევია. ასახული უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, თუმცა ეს უნდა დაბალანსდეს. ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, როცა ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდება, კიდევ უფრო აქტუალურია, რომ ქვეყანას ჰქონდეს ჩამოყალიბებული სივრცითი გეგმა“, - განაცხადა მინისტრმა.