საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მრჩევლის პოზიციაზე ოთხი პირია დასაქმებული, ფინანსთა სამინისტროში - ორი.
BMG-ის აინტერესებდა, მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებულ პირთა ვინაობა, განათლება, სამუშაო გამოცდილება, ფუნქცია-მოვალეობები, მათი მუშაობის ეფექტიანობის საზომი კრიტერიუმები და შრომის ანაზღაურების ოდენობაც, მაგრამ სრულყოფილი ინფორმაცია ვერ მივიღეთ.
ორივე სამინისტროდან მოგვწერეს, რომ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის/პირების მრჩევლის სახელი და გვარი, ანაზღაურება და მისი სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია განეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, ამიტომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად და ამავე კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ BMG-ისთვის უცნობია მრჩევლების ვინაობა, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მათგან თანხმობა მივიღოთ.
რაც შეეხება სამინისტროებიდან მიღებულ მონაცემებს, ეკონომიკის სამინისტროდან მოგვწერეს, რომ ლევან დავითაშვილს ორი მრჩეველი ჰყავს; თითო-თითო მრჩეველი ჰყავს მის მოადგილეებს, თუმცა რადგან „მრჩეველი არ არის თანამდებობის პირი, შესაბამისად, მათი პერსონალური ინფორმაცია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას“.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებული ორი თანამშრომლიდან ერთი მინისტრის მრჩეველია, მეორე კი - მინისტრის პირველი მოადგილის მრჩეველი.
ეკონომიკის სამინისტროსგან განსხვავებით, მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებული ადამიანების ფუნქციების შესახებ ფინანსთა სამინისტრომ ინფორმაცია მოგვაწოდა.
ფინანსთა მინისტრის მრჩევლის ფუნქციებში შედის:
1. საგადასახადო დავების განხილვის სისტემის რეფორმის კონცეფციისა და შესაბამისი
კანონპროექტის მომზადება;
2. საგადასახადო დავების განხილვის სისტემის მუდმივი სრულყოფის მიზნით საქართველოს
ფინანსთა მინისტრისათვის პერიოდულად წინადადებების წარდგენა;
3. მინისტრის სხვა დავალებების შესრულება.
ინფორმაციისთვის: ფინანსთა მინისტრის მრჩეველი ზურაბ ძნელაშვილია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის მრჩევლის უფლებამოსილების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის უფლებამოსილების ვადით და მის ფუნქციებში შედის:
1. ფინანსთა სამინისტროსათვის განსახილველად წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტების
გაანალიზებისა და შეფასების მექანიზმების სისტემის შექმნა;
2. საინვესტიციო კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიაში ცვლილებების შესატანად.
რეკომენდაციების მომზადება;
3. საინვესტიციო პროექტების შეფასების კრიტერიუმების შემუშავება;
4. ელექტრონული მართვის პროგრამაში საინვესტიციო პროექტების მართვის მოდულის
კონცეფციის შემუშავება და ინიციატორ უწყებებთან აქტიური მუშაობა;
5. მინისტრის პირველი მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სსიპ-ებში 11 მრჩეველია დასაქმებული - ვინაობას არ ამხელენ
news მომზადებულია BMG-ის და "მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის" თანამშრომლობით, პროექტის - "მედიის თავისუფლებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გზით“ - ფარგლებში. დონორი - აშშ-ის საელჩო საქართველოში.