მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აღდგა მგზავრთნაკადი ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში? - ორი კვარტლის სტატისტიკა

64ae7dced1436
მარიამ ვარადაშვილი
12.07.23 14:38
1054
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ქვეყნის აეროპორტები ჯამში 2 485 263 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 45%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას.

ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აეროპორტებში დაფიქსირებული მგზავრთნაკადი, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ფაქტობრივად გაუტოლდა.

ნახევარი წლის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 566 251 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 84%-ით დაუბრუნდა 2019 წლის პირველ ექვს თვეში დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 667 305 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდა 2022 წლის ორი კვარტლის ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით 103%-ს შეადგენს. ამასთან, იანვარ-ივნისში მიღებულ მგზავრთა მაჩვენებელი 83%-ით აღემატება აეროპორტის მიერ, 2019 წლის პირველ ექვს თვეში მიღებული მგზავრების რაოდენობას.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 236 444 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 9%-ია, ხოლო 2019 წლის პირველ ექვს თვესთან მიმართებაში აღდგენა შეადგენს 96%-ს.

2023 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 8556 რეისი განხორციელდა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, შესრულებული რეისების რაოდენობა 29%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღდგენის მაჩვენებელი 90%-ს შეადგენს.

1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში 48 ავიაკომპანია 88 მიმართულებით ოპერირებს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ქვეყნის აეროპორტებში არსებული დინამიკა მთავრობის სწორი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შედეგია.

„ჩვენ შევძელით და საქართველოს აეროპორტებში სრულად აღვადგინეთ მგზავრთნაკადი  - თუ მას 2019 წლის მონაცემებს შევადარებთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა განაგრძობს, იყოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება საერთაშორისო მგზავრებისთვის, ტურისტებისთვის. როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი აეროპორტების მგზავრთნაკადის ზრდა-გაუმჯობესების კუთხით არსებული ვითარება, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ქვეყანაში საავიაციო ინდუსტრიის, ისევე როგორც ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებას",-აცხადებს ქვრივიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები