მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გადაამოწმებენ ონლაინ კაზინოები მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას?

61c5e0c83467c
მარიამ ვარადაშვილი
25.12.21 10:20
2898
პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონით, რომლითაც აზარტული თამაშები რეგულირდება, ასევე იქმნება სია, სადაც თამაშდამოკიდებული ადამიანები მოხვდებიან. ამ შემთხვევაში თამაშდამოკიდებულთა სიის შედგენაზე პასუხისმგებელია შემოსავლების სამსახური, რომელმაც 2021 წლის 1 მარტამდე უნდა შეადგინოს როგორც "აკრძალულ პირთა", ასევე დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზა.

კანონის მიხედვით, დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება:

● თავად პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შემოსავლების სამსახურს წარუდგენს განაცხადს დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის თაობაზე;
● მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად.

სასამართლოსთვის განაცხადით მიმართვა მოქალაქის ოჯახის წევრებს შეეძლებათ.

ამავე კანონით, საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ეკრძალებათ და ამ მიზნით კანონში შემოდის აკრძალული პირის ცნება. აკრძალულ პირთა სიის წარმოების წესი მთავრობის ნორმატიული აქტით დგინდება.

დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების შესახებ პერსონალურ მონაცემებს შემოსავლების სამსახური ამუშავებს. შემოსავლების სამსახური თამაშობის ორგანიზატორს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, თამაშობაში მონაწილეობის მსურველი ყოველი კონკრეტული პირის შესახებ აწვდის მხოლოდ თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე ინფორმაციას.

კანონი 2022 წლის პირველი მარტიდან შედის ძალაში, შესაბამისად შემოსავლების სამსახურს შესაბამისი მონაცემების ბაზის მოსამზადებლად ორი თვე აქვს.

როგორც სათამაშო ბიზნეს ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი გვეუბნება, რა მექანიზმით უნდა გადაამოწმონ ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიებმა, მათი მომხმარებელი საჯარო მოხელე არის თუ არა, ეს ჯერ არ იციან.

"დასაქმებულთა სიები თავად უნდა მოგვაწოდონ. არ ვიცი ამას როგორ აპირებენ. ჩემი აზრით, შემოსავლების სამსახურის ბაზიდან ამოიღებენ დასაქმებუთა შესახებ ინფორმაციას. როცა მომხმარებელი ონლაინ რეგისტირირდება, სერვისების განვითარების სააგენტოში მოთხოვნას ვაგზავნით, ბუნებრივია, ეს დაშიფრული ინფორმაციაა, რომ გარკვეული მონაცემები გვაქვს და რამდენად ვალიდურია. იქიდან ვალიდურობაზე მოგვდის ინფორმაცია. არ ვიცი, ამბობენ, მაგ ბაზებს მოგაწვდითო", - აცხადებს მამულაიშვილი.

რაც შეეხება თამაშზე დამოკიდებულთა სიას, მამულაიშვილი გვეუბნება, რომ ამის გადამოწმებას ყველაზე მარტივად შეძლებენ და ნაკლებად პრობლემურად ეჩვენებათ, რადგან მსოფლიოში არსებული სტატისტიკით ასეთი ადამიანების რიცხვი ძალიან მცირეა.

"არ ვიცი, ვერც ვხვდები ეს როგორ უნდა მოხდეს. კითხვა გვქონდა ასევე სოციალურად დაუცველის სტატუსთან დაკავშირებით. ადამიანი დღეს შესაძლოა, სოციალურად დაუცველი არ იყოს, თუმცა მერე გახდეს. ანუ მომხმარებლის თითოეულ შესვლაზე შესაბამის სამსახურს უნდა ვკითხოთ, ეს ადამიანი სოციალურად დაუცვველი თუ არის. საჯარო მოხელის შემთხვევაშიც ასეა, დღეს არის, ხვალ შეიძლება აღარ იყოს. ანუ ყოველი შემოსვლის წინ ამ ადამიანის სტატუსი უნდა გადამოწმდეს და ისე შემოვუშვა საიტზე. აქ ძალიან დიდი ინფორმაციის გაცვლასთან გვაქვს საქმე. სერვისების განვითარების სააგენტოს სისტემა ერთდოულად ბევრი იუზერი რომ შემოდის, მაშინ "ჭედავს" და ითიშება და ესენი რას იზამენ, ამას ვერ გეტყვი. ეს კითხვა დავსვით და ვერ გვიპასუხეს", - აცხადებს მამულაიშვილი.