მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მიმდინარეობს საფინანსო სექტორის მოლაპარაკებები დონორებისგან $1,5 მილიარდის მოზიდვაზე

5e970777b9e9e
შოთა ტყეშელაშვილი
15.04.20 19:40
1395
საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ქვეყნის ბიუჯეტისთვის $1.5 მილიარდის მოცულობის დაფინანსებას გამოყოფენ. ასევე ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით ამ მოცულობის ფინანსური დახმარების მიღებაზე აქვთ დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები კომერციულ ბანკებსაც.

BMG მიმდინარე მოლაპარაკებების და დაფინანსების მიზნობრიობის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს ალექსანდრე ძნელაძეს ესაუბრა. მისი თქმით, ამ დროისთვის ჯერ კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, საბანკო სექტორისთვის სხვადასხვა მიზნობრიობის დაფინანსება იქნება ხელმისაწვდომი, რაც ქვეყანაში დაკრედიტების არსებული ტემპის შენარჩუნებისთვის და სფეროს ლიკვიდობის ხელშეწყობისთვის იქნება მნიშვნელოვანი.

"არის $1.5 მილიარდი დონორი ორგანიზაციებისგან საბიუჯეტო დახმარების სახით და არის $1.5 მილიარდზე მზაობა, რომელიც განკუთვნილია საფინანსო სექტორისთვის, რათა გამოიყოს ეს თანხები.

ეს არის სხვადასხვა მიზნობრიობის სახსრები, რომლის გარკვეული ნაწილიც ემსახურება მაგალითად ლარის დაგრძელვადიანებას, ემსახურება კონკრეტული ბიზნეს მიმართულებების დაფინანსებას, ან კონკრეტული საფინანსო ინსტიტუტის ლიკვიდობის შევსებას, ან სხვა ოპერაციებს. ყველა ძირითადად არის მიზნობრივი ხაზები. თავად დაფინანსებები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა საჭიროებები ექნება კონკრეტულ საფინანსო ინსტიტუტს და რა მოთხოვნები ექნება, რა პერიოდში მიიღებენ დაფინანსებას ესა თუ ის საბანკო ინსტიტუტები.

ძირითადად, უმეტეს ბანკებს უკვე აქვთ გარკვეული ურთიერთობა და ურთიერთობის გამოცდილება, როგორც EBRD-თან, ასევე IFC-სთან, აზიის განვითარების ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომლებიც ალბათ, მიიღებენ აღნიშნულში მონაწილეობას.

წელს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის აღნიშნული შემოდინებები იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოს მასშტაბით, როგორც ვიცით, საინვესტიციო გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა, განვითარებად ბაზრებზე ინვესტორთა ყურადღების მიქცევა გართულდა. საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა უფრო გაძნელებულია, ვერ ვიტყოდი, რომ შეუძლებელია, მაგრამ უფრო გაძნელებული იქნება, ვიდრე სხვა ანალოგიურ შემთხვევაში იქნებოდა", - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს დაფინანსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზეც, რომ ბანკებმა თავიანთი მომხმარებლებისთვის - როგორც ფიზიკური, ასევე მრავალ შემთხვევაში იურიდიული პირებისთვისაც, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი დააწესეს, ეს კი ამ მოკლევადიან პერიოდში მათ ლიკვიდობაზე ნეგატიურად აისახება. ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ როგორც სებ-ის მხრიდან დაანონსებული 400 მილიონის სვოპ ოპერაციები, ასევე მოსალოდნელი საერთაშორისო დაფინანსება ამ ფონზე სექტორისთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს.

"იქიდან გამომდინარე, რაც უკვე გამოიწვია კორონავირუსმა და რაზეც ერთ-ერთი პირველი იყო საბანკო სექტორი, რომელმაც არსებული სესხები ფიზიკური პირებისთვის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ მცირე და საშუალო კომპანიების გადახდები გადაავადა მინიმუმ სამი თვით და ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო მეტი ვადითაც გადავადდა. ამან შეიძლება გარკვეული შეფერხებები გამოიწვიოს ლარის ლიკვიდობასთან მიმართებაში და ამ მხრივ უფრო მეტი პრობლემა შეიძლება იყოს დღეს, ვიდრე უცხოურ ვალუტაში ლიკვიდობა, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს დახმარებები იყოს მთავრობისგან და ეროვნული ბანკისგან, რომელმაც იცით, რომ ცალსახად უპირობო მხარდაჭერა გამოხატა და 400 მილიონის სვოპი შესთავაზა საფინანსო სექტორს. მნიშვნელოვანი იქნება, თუ ეს საერთაშორისო დონორებისგან იქნება ჩანაცვლებული, ან ახალი წყარო გაჩნდება დაფინანსების. ეს ცალსახად შეუწყობს ხელს ლარის სტაბილურობის უზრუნველყოფასაც და სხვა პროცესებსაც. როგორც იცით, საფინანსო სექტორი წელს არც თუ ისე ოპტიმისტურად არის განწყობილი, მაგრამ ზრდის ტემპის შესანარჩუნებლად ეს ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი იქნება", - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.