მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს „მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი“? - იურისტების შეფასებები

639b31f4e9344
ელენე გოგბერაშვილი
15.12.22 20:45
840
უკვე ერთი წელი გადის, რაც საქართველოში მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი მოქმედებს. 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ახალი ნორმატიული დოკუმენტი ბიზნესის დაფუძნების, მეწილეთა და კომპანიის დირექტორატის ვალდებულებებს განახლებული წესებით არეგულირებს. კანონის ძალაში შესვლის ერთი წლის თავზე უკვე იდენტიფიცირებულია ის ხარვეზები, რაც ახალი კანონმდებლობის მიღებას ახლავს თან. როგორც იურისტები განმარტავენ, ახლა მეწარმეებისთვის მთავარი გამოწვევაა, კომპანიის წესდება და სადამფუძნებლო დოკუმენტაცია კანონის ნორმებს მოარგონ. ამისთვის მათ 2 წელი აქვთ. ინვესტორთა საბჭოს ფორმატში უკვე არსებობს სარედაქციო ჯგუფი, რომელიც გამოვლენილ ხარვეზებზე ანგარიშს მოამზადებს და საკანონმდებლო ორგანოს კანონში გათვალისწინების მიზნით გაუგზავნის.

„კანონის სიახლიდან გამომდინარე ტერმინები შეიძლება დაბნეულობას იწვევდეს, როგორიცაა მაგალითად განთავსებული კაპიტალი და ა.შ, რაც ვფიქრობ, პრაქტიკაში დროთა განმავლობაში დაიძლევა.

გარდა ამისა, ინვესტორთა საბჭოს ფარგლებში რეკომენდაციებზე მუშაობს სარედაქციო ჯგუფი, რა შეიძლება დაიხვეწოს, რომ ბიზნესებისთვის უფრო მოქნილი გახდეს აღნიშნული კანონი.

ჩვენ ვხედავთ იმის საჭიროებას, რომ დირექტივებთან შესაბამისობის თვალსაზრისით კიდევ ერთხელ შემოწმდეს "მეწარმეთა შესახებ კანონი", რომ უფრო შემსუბუქდეს ტვირთი. თავად დირექტივა უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო ლიბერალური იყოს ნაციონალური კანონმდებლობა.

მინორიტარების უფლებების დაცვის თვალსაზრისით კანონში რაიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი არ გამოვლენილა. ზოგიერთი ფიქრობს და ამის არგუმენტებიც შეიძლება მოიძებნოს, რომ მინორიტარების დაცვა ცოტა ზედმეტად მოხდა ამ კანონით. ამ სტანდარტის გაზრდამ პრობლემები გამოიწვია. ამასაც უნდა შეხედვა და გათვალისწინება ცვლილებებში“,-აცხადებს bm.ge-სთან ინვესტორთა საბჭოს იურიდიული ექსპერტი გიორგი ჯუღელი.

„განსაკუთრებით დივიდენდის განაწილების საკითხი დგას პრობლემურად კრედიტორთა ინტერესების დაცვის კუთხით. სამუშაო ჯგუფებში ვართ ჩართული, რათა სასამართლოს და შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს მიდგომები გადასახადების ადმინისტრირების კუთხით „მეწარმეთა შესახებ კანონის“ ფარგლებში კორპორატიულ-სამართლებრივ ტრანზაქციებისა იყოს ერთგვაროვანი, წინააღმდეგ შემთხვევაში მანდ რისკია იმის, რომ ერთი მხრივ სასამართლოში სხვა ინტერპრეტაცია მოჰყვეს კანონს, და მეორე მხრივ შემოსავლების სამსახურმა და ფინანსთა სამინისტრომ სხვაგვარად განმარტოს და ეს აღრევს პრაქტიკას.

უკვე გვაქვს შემთხვევები პრაქტიკისა, როცა სასამართლო დავა არის და ახალი და ძველი კანონის ჭრილში უწევს მოსამართლეს ნავიგაცია. ისეთ სასამართლო დავაში ვარ ჩართული, რომელიც საერთაშორისო ხასიათისაა და საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციასთან არის დაკავშირებული. იქ მოსამართლეს და იურისტებს გვიწევს როგორც ახალი, ისე ძველი კანონის პირობებში მთელი რიგი საკითხების განხილვა. მე მარტო ორი მიმდინარე დავა მაქვს, ჩემი პარტნიორების ხელმძღვანელობის ქვეშ არის კიდევ დავები და კოლეგებისგანაც ვიცი, რომ წამოიწია სასამართლომდე მიმავალმა საკითხებმა.

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ კანონის პირობებში ბალანსი მიღწეულია მინორიტარი და მაჟორიტარი პარტნიორების უფლებების ნაწილში. აქ მთავარია, რამდენად იქნება გათვითცნობიერებული მინორიტარი თავიანთ უფლებებში“,- განმარტავს გიორგი სვანაძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე.

აღსანიშნია, რომ ახალი კანონი უფლებამოსილებას აძლევს სასამართლოს, გარკვეულ შემთხვევებში, თავად დანიშნოს კომპანიის დირექტორი ანუ ხელმძღვანელი. ეს ხდება მაშინ, როცა პარტნიორები ამ საკითხზე ვერ თანხმდებიან. როგორც იურისტები ამბობენ, ამ მხრივ სასამართლოში უკვე არსებობს პრეცენდენტი, როცა რამდენიმე კომპანიაში ხელმძღვანელი მოსამართლის გადაწყვეტილებით დაინიშნა.

"ძალიან საინტერესო სიახლე გვაქვს ის, რომ სასამართლოს მიეცა უფლება დანიშნოს დირექტორი და ამის პრეცენდენტი უკვე არის სასამართლოში. დღემდე არსებობს ორი შემთხვევა, როცა სასამართლომ მხარის მიმართვის საფუძველზე კომპანიას დაუნიშნა დირექტორი, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში კომპანია გაკოტრებისკენ მიდიოდა.

ეს ძალიან კარგი პრეცენდენტია. ახლა კითხვები არის იმ მიმართულებით, აქვს თუ არა სასამართლოს დირექტორის გათავისუფლების უფლება, რაც კანონით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის. ვმუშაობთ ამ საკითხზე და შესაძლებელია ამ ნაწილზეც შევთავაზოთ გარკვეული სახის პროექტი პარლამენტს“,-აცხადებს bm.ge-სთან ლაშა ცერცვაძე, კოლიერს ლეგალის მმართველი პარტნიორი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები