მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეცვალა სებ-ის რეგულაციებმა ონლაინ-სესხების ბაზარი?

5ee6198053c88
ელენე გოგბერაშვილი
14.06.20 19:10
1291
ბოლო ერთი წლის განმავლობაში 20 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია დაიწყო. ერთ-ერთი ასეთი ბოლო ფაქტი 4 finance-ს ( ყოფილ vivus.ge-ს) უკავშირდება, რომელიც ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. დღეს კი ბაზარზე ჯამში 42 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს.

ცვლილებები ძირითადად იმ რეგულაციებს უკავშირდება, რომელთა დანერგვაც ქვეყანაში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ფარგლებში მოხდა. 2017 წელს სესხის პროცენტის მაქსიმალური განაკვეთი 100%-ით განისაზღვრა, რაც მაშინ ონლაინ სესხების ე.წ "საბაზრო" განაკვეთზე რამდენჯერმე დაბალი იყო. 2018 წელს კი საპროცენტო განაკვეთის ჭერი 50%-ით განისაზღვრა. შედეგად მივიღეთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძირითადად ბაზარი იმ ონლაინ გამსესხებლებმა დატოვეს, რომელთა ბიზნესმოდელი ვერ მოდიოდა თანხვედრაში რეგულაციით გათვალისწინებულ წესებთან.

"რეგულაციის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ მაქსიმალურად შეზღუდულიყო უპასუხისმგებლო დაკრედიტება ყოველგვარი შეფასების გარეშე. ეს ეხებოდა ძირითადად ონლაინ გამსესხებლებს, რომლებიც ყოველგვარი ანალიზის გარეშე, საკრედიტო ბიუროს ანალიზსაც არ იყენებდნენ, ისე გასცემდნენ სესხებს.

მოდელი იყო შემდგომში: არ ჰქონდათ საოპერაციო ხარჯები და მაღალი რისკის ფასად გასცემდნენ სესხებს, რაც კომპენსირებული იყო ასევე ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთებით. ხშირ შემთხვევაში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ადიოდა 300%-ზეც. რეგულაციების შედეგად ეს ორგანიზაციები ვერ მოვიდნე შესაბამისობაში და ან დახურნენ ან გავიდნენ ქვეყნიდან.

რეგულაციის მეორე ფაზა იყო გარკვეული კოეფიციენტების დაწესება მიკროსაფინანსოებისთვის.ეს იყო ლიკვიდურობის და კაპიტალის ადექვატურობის კოეფიციეტები. შედეგად ასევე რამდენიმე ორგანიზაცია დაიხურა ან გავიდა ბაზრიდან, რადგან მათი ფინანსური სტრუქტურა არ იყო მზად დაეკმაყოფილებინათ აღნიშნული კოეფიციენტები“-განაცხადა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ბესიკ შენგელიამ.


ეროვნული ბანკის რეგულაციების ეფექტს ნათლად ასახავს ოფიციალური სტატისტიკაც. ონლაინ სესხების მთლიანი პორტფელი, 2020 წლის 1 კვარტლის მდგომარეობით, 25 მლნ ლარი იყო, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 165 მლნ ლარს შეადგენდა.


რაც შეეხება დღეს არსებულ მიკროსაფინანსო ბაზარს, 2020 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, აქტივების ზომის თვალსაზრისით უმსხვილესი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალია", რომლის აქტივებიც 411 მილიონ ლარს, მთლიანი სასესხო პორტფელი კი 310 მილიონ ლარს აჭარბებს. ბაზრის მეორე უმსხვილესი მოთამაშე “რიკო ექსპრესია”. ჯამურად, სფეროს აქტივები პირველი კვარტლისთვის მილიარდ 45 მილიონ ლარს შეადგენს.