მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებს კიდევ ერთი ახალი ბუფერის შექმნა მოუწევთ - რა იცვლება სებ-ის კანონპროექტით?

64b14bc4c612b
ელენე გოგბერაშვილი
14.07.23 20:29
2353
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ბანკი საბანკო სექტორს ახალ მოთხოვნას უწესებს. პარლამენტში უკვე ინიცირებულია „ეროვნული ბანკის“ შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ბანკებს შესაძლო ფინანსური კრიზის დაზღვევის მიზნით სარეზოლუციო ფონდში თანხების წინსწრებით მობილიზება მოუწევთ.

ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი ეხება ყველა ბანკს, როგორც საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს, ისე უცხოური ბანკების ფილიალებს. წარმოდგენილი კანონპროექტით მათ ახალი ბუფერის შექმნა და სარეზოლუციო ფონდში გარკვეული ფინანსური სახსრების წინსწრებით აკუმულირების ვალდებულება უჩნდებათ.

ფონდის შექმნა რეზოლუციის ჩარჩოს ნაწილია, რომელიც ბანკის ფინანსური სირთულეების ადრეული იდენტიფიკაციისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებით შემუშავდა. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, თუ მოქმედი კანონმდებლობით, ფინანსური კრიზისის დროს რეზოლუციის მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება დროებით ფინანსური რესურსის გამოყოფა და მისი დაფარვის ვალდებულება შემდგომ წარმოეშობათ ბანკებს, წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით საბანკო სექტორს ფონდში თანხების კონტრიბუცია წინსწრებით მოუწევთ.

“მოქმედი კანონმდებლობით, რეზოლუციის ფონდი წარმოადგენს ეროვნულ ბანკში გახსნილ ანგარიშს, რომელიც არ მოიაზრებს კომერციული ბანკების მხრიდან თანხების წინასწარ კონტრიბუციას. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ეროვნული ბანკი აამოქმედებს რეზოლუციის რეჟიმს რომელიმე კომერციული ბანკის მიმართ და დასჭირდება ფულადი სახსრები ფინანსური სტაბილურობის აღსადგენად, მიმართავს ფინანსთა სამინისტროს და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ფინანსთა სამინისტრო გამოყოფს დროებით სახელმწიფო დაფინანსებას, რის შემდეგაც კომერციულ ბანკებს უჩნდებათ ვალდებულება, რომ დაფარონ ეს თანხა. საუბარია მთლიანად კომერციული ბანკების ბაზარზე და არა ერთ ან რამდენიმე ბანკზე, რომლის მიმართაც შეიძლება ამოქმედდეს რეზოლუციის რეჟიმი. ამ მოდელს ეწოდება ex-post მოდელი და მხოლოდ პოსტ ფაქტუმ ხდება რეზოლუციის ფონდში თანხის მობილიზება.

ჩვენი რეზოლუციის ჩარჩო ეფუძნება ევროპულ დირექტივას, სადაც ერთ-ერთი ფუნდამენტური სხვაობა ეს იყო, რომ ევროპული დირექტივა მოიაზრებს თანხების წინასწარ შეგროვებას რეზოლუციის ფონდში. ამაზე ჩვენ გვქონდა რეკომენდაციები როგორც სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკისგან, ასევე მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები დადებითად აისახება ევროკომისიის შეფასებებზე, რადგან ევროპულ დირექტივას კიდევ უფრო დავუახლოვდებით“,-აცხადებს bm.ge-სთან ეროვნული ბანკის რეზოლუციისა და ლიკვიდაციის განყოფილების უფროსი ნიკოლოზ რეხვიაშვილი.

სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებულმა თანხებმა მიზნობრივ ოდენობას უნდა მიაღწიოს, რომელიც კანონპროექტით განისაზღვრა, რომ დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 3%-ს უნდა შეადგენდეს. ამ მოცულობით ფონდის შევსებამდე ბანკებს დრო 2025 წლიდან 2033 წლამდე აქვთ განსაზღვრული. ამის არგუმენტი არის ის, რომ 2023-24 წლებში კომერციულ ბანკებს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან გამომდინარე გარკვეულწილად ეზრდებათ ხარჯები, დამატებითი წნეხისგან თავის არიდებისთვის კი მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ სარეზოლუციო ფონდში წინასწარ შენატანებთან დაკავშირებული მოთხოვნა ძალაში შევიდეს 2025 წლიდან და მიზნობრივ მაჩვენებელს 2033 წლამდე მიაღწიოს.

„ვალდებულება ეხება მთლიანად საბანკო სისტემას, ყველა ბანკზე გავრცელდება. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ავიღეთ დაზღვეული დეპოზიტების 3% ძირითად მაჩვენებლად. დაახლოებით რიცხვებზე რომ ვისაუბროთ, როგორც იცით 2024 წლიდან 30 000 ლარამდე იზრდება დეპოზიტების დაზღვევის ლიმიტი და ამ ფარგლებში უხეშად რომ ვთქვათ, 8,7 მილიარდი ლარი შეიძლება იყოს დეპოზიტების მოცულობა, აქედან 3%, უხეშად რომ ვთქვათ 261 მილიონი ლარი არის სავარაუდო მოცულობა, რომელიც ბანკებმა გარკვეული პერიოდულობის მიხედვით უნდა შეავსონ.

პერიოდს რაც შეეხება, ჩვენ განვსაზღვრეთ 8 წელი ფონდში თანხის სრულად შევსებისთვის, სამიზნე ნიშნულამდე მისვლისთვის. იმისთვის, რომ გადასვლის ტვირთი შემსუბუქდეს, რადგანაც დეპოზიტების დაზღვევის ლიმიტიც მომავალი წლიდან იზრდება, შემდეგი ერთი წლის განმავლობაში ბანკებს არ ექნებათ ვალდებულება, რომ ჩარიცხონ ფონდში თანხა და ეს ამოქმედდება მხოლოდ 2025 წლიდან“,-განმარტავს ნიკოლოზ რეხვიაშვილი.

რაც შეეხება საბანკო სექტორის პოზიციას, ბანკების ასოციაციაში განგვიმარტეს, რომ შენიშვნები ძირითადად თანხების შეგროვების ვადებთან დაკავშირებით ჰქონდათ, რაც ეროვნულმა ბანკმა გაითვალისწინა. რაც შეეხება ცვლილებებს, დამატებითი ბუფერის გაჩენა საბანკო სექტორისთვის ხარჯია, რომლის არსებობაც საქართველოს კონკრეტული სპეციფიკის გათვალისწინებით აჩენს მიზანშეწონილობის კითხვებს სექტორში, მაგრამ აღნიშნული არის ევროდირექტივასთან დაახლოების პროცესი და ასოციაციის შეფასებით, პრინციპულად მდგომარეობა ბაზარზე არ უნდა შეცვალოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები