მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საბანკო სექტორისთვის მტკივნეულია - საბანკო ასოციაცია

ალეკო ძნელაძე

2024 წლიდან მსესხებლებისთვის ახალი რეგულაცია შემოდის. ლარიზაციის დაჩქარებისთვის ეროვნულმა ბანკმა ლარში სესხების გაცემის ზედა ჭერი 200 000-იდან 300 000 ლარამდე გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 300 000 ლარამდე სესხის აღებას ფიზიკური პირი თუ კომპანია მხოლოდ ლარში შეძლებს. საბანკო ასოციაცია 300 000 ლარამდე ზღვრის გაზრდით სამომხმარებლო და იპოთეკური სესხით მოსარგებლეებისთვის მკვეთრ ცვლილებებს არ ელის. ალეკო ძნელაძის შეფასებით, ახალი რეგულაცია უფრო მეტად მტკივნეული მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის იქნება.

„ აღნიშნული ზღვრის ზრდა მკვეთრად არ შეცვლის სურათს. უკანასკნელ პერიოდში უკვე ნათელი იყო, რომ საპროცენტო განაკვეთები ლარში და უცხოურ ვალუტაში ძალიან დაუახლოვდა ერთმანეთს. დაახლოებით რიცხვებზე რომ ვისაუბროთ, ლარში11%-მდე და კიდევ ნაკლებზე 10%-ზეა ჩამოსული გარკვეულწილად საპროცენტო განაკვეთები, უცხოურ ვალუტაში კი გაიზარდა და 8%-საც გადააბიჯა გარკვეულმა შეთავაზებებმა, ამიტომ სამომხმარებლო სესხების კუთხით დიდ ეფექტს ვერ მოახდენს.

უფრო მეტად აღნიშნული გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იქნება მტკივნეული და იმ კომპანიებისთვის, რომელსაც 200 000 -იდან 300 000 ლარამდე ჰქონდათ ვალდებულებები და გარკვეულწილად სხვადასხვა მიზეზის გამო ერჩივნათ სესხი აეღოთ უცხოურ ვალუტაში.

როგორც იცით, საქართველოში იმპორტის წილი მაინც ძალიან დიდია და უმთავრესად აღნიშნული კომპანიებიც იმპორტიორები არიან და მიჯაჭვული არიან მაინც უცხოურ ვალუტაზე. გეტყვით, რომ გარკვეულ უხერხულობას უფრო მეტად შექმნის მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ვიდრე სამომხმარებლო სესხების მომხმარებლებისთვის“,- აცხადებს ალეკო ძნელაძე.

საბანკო სექტორისთვის ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება საერთო ჯამში მტკივნეულია იმდენად, რამდენადაც ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ ამ ეტაპზე საბანკო სექტორისთვის სხვა მოთხოვნების შერბილებაზე საუბარი არ არის

„ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა მტკივნეულია საბანკო სექტორისთვის. შეზღუდვები არ გვიყვარს ამ მიმართულებით და მაინც ხელოვნურია აღნიშნული შეზღუდვა.

უფრო მნიშვნელოვანი იყო, რაც სებ-ში შეხვედრის შემდეგ ახსენეს, რომ კაპიტალთან მიმართებაში ჯერჯერობით არანაირ შეღავათზე საუბარი არ იქნება, რაც უფრო მტკივნეულია საბანკო სექტორისთვის, რადგან როგორც იცით 2023 -2024 წელს იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი ზეწოლა კაპიტალზე. დამატებითი კაპიტალის მოთხოვნის წინაპირობა იქნება კონტრციკლური ბუფერის ზრდა თუ სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა ბუფერის ზრდა. ერთ-ერთი არის სისტემური ბუფერის ზრდა, ასევე რისკით შეწონილი აქტივებისთვის გამოყოფილი ბუფერის შემოღება, რომელიც IFRS-სთან გადასვლის დროს იყო მოთხოვნილი”,- განმარტავს ძნელაძე.

200 000 -იდან 300 000 ლარამდე ზღვრის გაზრდა, ნიშნავს, რომ 300 000 ლარამდე სესხის აღებას ფიზიკური პირი თუ კომპანია მხოლოდ ლარში შეძლებს. გამონაკლისი ვრცელდება იმ პირებზე, ვინც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებს. ასეთი, საბანკო ასოციაციის შეფასებით დაახლოებით 10-15%-ია იმ მსესხებლებიდან, რომელთაც ლარში აქვთ სესხი აღებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები