მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხების ლარიზაცია რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა

ლარი

ქართული ბანკების მიერ გაცემულ სესხებში ეროვნული ვალუტის წილმა 56%-ს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით მეტია და ლარიზაციის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, აგვისტოში დაკრედიტების ზრდის უდიდესი ნაწილი სწორედ ეროვნული ვალუტის კრედიტებზე მოდიოდა. უფრო დეტალურად, აგვისტოში საბანკო სესხების პორტფელი 538 მილიონი ლარით გაიზარდა, საიდანაც 496 მილიონი ლარი სწორედ ეროვნული ვალუტის სესხებს შეადგენდა, ხოლო სავალუტო დაკრედიტება მხოლოდ 43 მილიონი ლარით გაიზარდა.

ეროვნული ვალუტით დაკრედიტების ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სებ-ის მიერ 2024 წლის აპრილში მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლითაც 2024 წლის 1 მაისიდან გაიზარდა სავალუტო დაკრედიტების ზღვარი არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის და ის 300,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაიზარდა.

წლების განმავლობაში კრედიტების ლარიზაცია ასე იცვლებოდა:

2015 წელს - კრედიტების 35% იყო ლარში, რაც 5.5 მილიარდ ლარს შეადგენდა;

2016 წელს - კრედიტების 36% იყო ლარში, რაც 5.9 მილიარდ ლარს შეადგენდა;

2017 წელს - კრედიტების 43% იყო ლარში, რაც 8.4 მილიარდ ლარს შეადგენდა;

2018 წელს - კრედიტების 44.3% იყო ლარში, რაც 10.7 მილიარდ ლარს შეადგენდა;

2019 წელს - კრედიტების 44% იყო ლარში, რაც 13 მილიარდ ლარს შეადგენდა;

2020 წელს - კრედიტების 43.3% იყო ლარში, რაც 14.9 მილიარდ ლარს შეადგენდა;

2021 წელს - კრედიტების 48% იყო ლარში, რაც 19.2 მილიარდ ლარს შეადგენდა;

2022 წელს - კრედიტების 53% იყო ლარში, რაც 23 მილიარდ ლარს შეადგენდა;

2023 წელს (აგვისტო) - კრედიტების 55% იყო ლარში, რაც 26.4 მილიარდ ლარს შეადგენდა;

2024 წელს (აგვისტო) - კრედიტების 56% არის ლარში, რაც 32.3 მილიარდ ლარს შეადგენს.

2020-2024 წლებში საქართველოში 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების გაცემა შეზღუდული იყო, 2024 წლიდან მიდგომა შეიცვალა და სავალუტო სესხების გაცემა შესაძლებელი გახდა ჰეჯირებული კრედიტორებისთვის, ანუ მათთვის ვისი შემოსავლებიც უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული. ამასთან 2024 წლის პირველი იანვრიდან არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის სავალუტო კრედიტის აღების ზღვარი 300,000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო 2024 წლის მაისიდან ამ ლიმიტმა დამატებით 400,000 ლარამდე აიწია.

საბანკო დაკრედიტების სტატისტიკა ვალუტების მიხედვით 2015-2024 წლებში - ეროვნული ბანკი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები