მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა შეწყდეს ქვეყნიდან კადრების გადინება? - მამუკა ხაზარაძის შეთავაზება ბიზნესს

634faa93cede3
ვიქტორია მღებრიშვილი
19.10.22 11:44
1775
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ქვეყნიდან კადრების გადინების პრობლემის გადასაწყვეტად, ბიზნესს ერთიანი დასაქმების პლატფორმის შექმნის ინიციატივით მიმართავს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მამუკა ხაზარაძემ ქვეყანაში დღეს არსებულ გამოწვევა გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არ უნდა საქართველო ქართველების გარეშე იხილოს.

„ჩვენი მტრების საუკუნოვანი ოცნება “საქართველო ქართველების გარეშე” ხორცს ისხამს.

საქართველოში ათიათასობით რუსი ეროვნების ადამიანი შემოდის და ამავე დროს ასი ათასმა ქართველმა უკვე დატოვა ქვეყანა, ასი ათასზე მეტი კი წასასვლელად ემზადება.
ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს კატასტროფაა!

“ლელოს” საკანონმდებლო ინიციატივა სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ დაბლოკილია „ოცნების“ ვასალური პოლიტიკის გამო და ამგვარად ჩვენი მოქალაქეების სხვა ხალხით ჩანაცვლების პროცესი მიდის.

არ მინდა ვიხილო საქართველო ქართველების გარეშე და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს.

მაქვს იდეა, რომელიც მინდა გაგიზიაროთ: მოვუწოდებ ყველა ბიზნესს - მსხვილს თუ საშუალოს, რომ შევქმნათ დასაქმების ერთიანი პლატფორმა ჩვენი მოქალაქეების და განსაკუთრებით ახალგაზრდების ადგილზე დასამაგრებლად.

ასევე საჭიროა იმ იდეების მხარდაჭერა, რომელიც ახალგაზრდებს აქვთ და სტარტაპერებისთვის სპეციალური ფონდის შექმნა. ამ და სხვა მსგავსი ნაბიჯებით დიდ
სტიმულს და იმედს მივცემთ წასასვლელად გამზადებულ ადამიანებს.

ამას ბიზნესმენებს იმიტომ მოგიწოდებთ, რომ თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ქმნით რეალურ სამუშაო ადგილებს, ავსებთ ქვეყნის ბიუჯეტს, რომლებსაც ამის გაკეთება შეგიძლიათ“, - აცხადებს ხაზარაძე.

„ლელოს“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ქვეყნიდან გაქცევა გამოსავალი არ არის და გამოწვევების პირისპირ ერთად ბრძოლაა საჭირო.

„ერთი რამ მინდა ყველას ვუთხრა - გამოსავალი ყოველთვის არსებობს და თუ ამ ნაბიჯს ახლა არ გადავდგამთ, ხვალ უკვე გვიან იქნება. ეს არის ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული საქმე და მე მოვუწოდებ ყველას - არ გავწიროთ ჩვენი მოქალაქეები მრავალწლიანი და სამუდამო ემიგრაციისთვის.

და ბოლოს, გაქცევა არ არის გამოსავალი - თუ ყველა წავალთ, სხვებს დარჩება ქვეყანა - სხვებს დარჩებათ ჩვენი სახლი, ეზო, ქუჩა, სოფელი, ქალაქი, ნუ დავუტოვებთ სხვებს საქართველოს?

ვიმოქმედოთ! ერთად ყველაფერს შევძლებთ....“, - განაცხადა თავის ვიდეომიმართვაში მამუკა ხაზარაძემ.