მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან გოცირიძე: ეროვნულ ბანკს აქვს იმდენი ვალუტა, რომ ლარის ჩამოშლა არ დაუშვას

5e81e640d785a
დავით ჯალაღონია
30.03.20 16:35
1248
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურების შესაჩერებლად, ამ ეტაპზე ერთადერთი სწორი ნაბიჯი, ეროვნული ბანკის ინტერვენციები იყო.

„დღეს ერთადერთი სწორი ნაბიჯი სავალუტო ბაზარზე წარმოქმნილი პანიკის დასაწყნარებლად იყო ინტერვენციები და ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯი სწორი იყო. სებ-მა უნდა გააგრძელოს ინტერვენციები, გარდა ამისა, მას აქვს სხვა ბერკეტებიც, რომ ზემოქმედება მოახდინოს ლარის გაუფასურების შეჩერებაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მუდმივად ვერ განხორციელდება.

საჭიროა, დაუყოვნებლივ ჯანსაღი ბიუჯეტის მიღება და პარალელურად, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა, რომ გაიზარდოს სებ-ის რეზერვები და ამას ალბათ, 2-3 თვე დასჭირდება, მანამდე ეროვნულ ბანკს აქვს იმდენი ვალუტა, რომ ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ლარის ჩამოშლა არ დაუშვას.

სწორია და ნუ დაუგდებს (ეროვნული ბანკი) ყურს ამ ყიჟინას, რომ ჩვენს ოქროს მარაგებს გვიყიდან, მარაგი იმისთვის არსებობს, რომ შავი დღისთვის გაყიდო. ამაზე შავი დღე საქართველოს ეკონომიკაში 90-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა. ნუ დაგვავიწყდება, რომ 500-მდე მილიონი დახარჯა ეროვნულმა ბანკმა ნავთობის კრიზისის დროს ამ ხუთიოდე წლის წინ. სად ის კრიზისი და სად - ეს. ის კრიზისი, დიდწილად, საქართველოში შექმნილი არასწორი საფინანსო მდგომარეობის შედეგი იყო, ნაწილობრივ კი, საგარეო ფაქტორის - ნახევარი მილიარდი გაქრა, სებ-ის რეზერვები იყო 3.2 მილიარდი და 2.6-მდე ჩამოვიდა. დღეს სებ-ს აქვს იმის რესურსი, რომ ასეთი პანიკური განწყობები, მოლოდინები ჩააქროს, ხოლო სამომავლოდ შესამუშავებელია ძალიან მკაცრი ეკონომიკური გეგმა მთავრობის მიერ, სებ-თან ერთად, მათ შორის საერთაშორისო რეზერვების მოზიდვის კუთხით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე 100 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.