„სავალუტო ფონდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საგანგაშოა“, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი, რომან გოცირიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამის მეორე მიმოხილვის გადადებას.
საქმე ისაა, რომ IMF - ის პროგრამის მეორე მიმოხილვა, რომელიც 40 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, შეჩერებულია. ამის ერთ-ერთ მიზეზად Fitch-ი ნაწილობრივ ეროვნული ბანკის მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით უთანხმოებას უკავშირებს.
რომან გოცირიძის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა არათუ შეჩერდება, არამედ საერთოდ გაუქმდება. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია დაზიანდება.
„ეს აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას, ლახავს მის იმიჯს საერთაშორისო ინვესტორების თვალში. პროგრამა არათუ შეჩერდება, არამედ საერთოდ გაუქმდება, რაც შეუმჩნეველი არ გახდება სხვა საფინანსო ორგანიზაციებისთვის. პოლიტიკური მმართველობით თუ ქვეყანაში მდგომარეობა საშინელი იყო, მითუმეტეს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როცა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, რუსეთის მხარე დაიჭირა და პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთობა გაიფუჭა, ახლა უკვე საფინანსო ინსტიტუტებმა ხელისუფლებას იგივე შეფასება მისცეს. ეს ძალიან საგანგაშოა და საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ხალხის კეთილდღეობაზე აისახება“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, „ეროვნული ბანკის შესახებ კანონის“ მიღებისა და სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის გაჩენის შემდეგ, უწყებამ დამოუკიდებლობა დაკარგა.
„არაფორმალური მმართველი მიადგა მეტნაკლებად დმაუკიდებელ ინსტიტუტს. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, რომელმაც დააზიანა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია. ამას გავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე“ - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამის მეორე მიმოხილვა შეჩერებულია. ფონდის ინფორმაციით, პროგრამის მიმოხილვა გადაიდო და ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. Fitch-ის ინფორმაციით, "სავალუტო ფონდის ბორდის მიერ ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვა, როგორც ჩანს, გადაიდო, რაც ნაწილობრივ ეროვნული ბანკის მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით უთანხმოებას უკავშირდება". IMF-ის მისია ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს ჯერ კიდევ განხილვის დროს აკრიტიკებდა.
პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეროვნულ ბანკში მას შემდეგ გაჩნდა, რაც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში, ცვლილება შევიდა. ცვლილებებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ვეტო 13 ივნისს დაძლია. აღსანიშნავია, რომ კანონში ცვლილებები და ვეტოს დაძლევის შესახებ განცხადება თავის დროზე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააკრიტიკა. IMF-მა მიუთითა, რომ პროცესები სებ-ის დამოუკიდებლობას და სანდოობას აზიანებს.