მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან კაკულია ანაკლიის პორტზე საკუთარ განცხადებას განმარტავს

5e1848a38cfc0
თელარა გელანტია
10.01.20 14:10
1555

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს.

- Bm.ge დაინტერესდა თუ რას გულისხმობდა რომან კაკულია თავის განცხადებაში, როცა თქვა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტა “ეს არის რუსული საფრთხის თავიდან აცილების პოლიტიკა”?

- ჩემი განცხადების კონტექსტი გავრცელდა ინტერპრეტაციებით, და გაგებული იქნა ისე, ვისაც როგორ აწყობდა, მაგრამ ოპოზიციისგან არ მიკვირს. ჩემი მთავარი გზავნილი იყო შემდეგი - არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს ანაკლიიის განვითარების კონსორციუმის შეუსრულებელ ვალდებულებებს და იმას, რაც მე ვთქვი. კონსორციუმს შეუწყდა ხელშეკრულება არა იმიტომ, რომ ვიღაცამ რუსული საფრთხეები გაითვალისწინა, არამედ იმიტომ, რომ მან ვერ შეასრულა ვალდებულებები. არც ის მითქვამს, რომ სისხლის სამართლის საქმე(ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული საქმე ფულის გათეთრებაზე), რომელზეც კი ბატონო, უნდა იმსჯელონ იურისტებმა, მაგრამ იქ სისხლის სამართლის დანაშაული რომ არის ჩადენილი, მე ამაში ეჭვი არ მეპარება, სამწუხაროდ.

იმ საუბარში, რომლის შინაარსიც ბატონმა მამუკამ(ხაზარაძემ) გამოიტანა, როგორც მისი და ბატონი ბიძინას(ივანიშვილის) საუბარის შინაარსი - თუ ამ საუბარში იყო დასმული შეკითხვები ამერიკის ინტერესებთან დაკავშირებით... მინდა, რომ ეს სპეკულაციები, უფრო სწორად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი "დაავადებულობა" ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს, იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ვინმე ლეგიტიმურად სვამს შეკითხვას ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების საქართველოს ინტერესების შესაბამისობასთან დაკავშირებით, ეს ავტომატურად არ ითვლებოდეს პრორუსულ ორიენტაციად. თუ ვინმემ, მათ შორის მე, ან ბიძინა ივანიშვილმა, ან ჩვენი გუნდის რომელიმე წევრმა დავსვით შეკითხვა: ამ პროექტის განხორციელება შედის თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში და შეიძლება თუ არა ამას მოჰყვეს საფრთხე? ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პრორუსული ინტერესი შეიძლება იყოს - ამის ხაზგასმას ვცდილობდი, ეს კომპლექსები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტას, რა თქმა უნდა ამაზე საუბარი არ მქონია, თუ საუბარი ეხება იმას, რომ ვალდებულებები ვერ შესრულდა - ამაზე არც გამომითქვამს ეჭვი. ვერც გამოვთქვამდი, რადგან მე არავითარი უფლება არ მაქვს ეჭვი შევიტანო (ვიცეპრემიერის) მაია ცქიტიშვილის განცხადებაში. ამის თქმა მინდოდა. მთავარი სათქმელი კი ის იყო, რომ თუკი ვინმე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების საქართველოს ინტერესებთან თანხვედრის აუცილებლობის შესახებ გამოთქვამს მოსაზრებას, ავტომატურ რეჟიმში ეს პრორუსობას არ ნიშნავს...


- ინტერვიუში თქვენ ისაუბრეთ იმაზეც, რომ მათ შორის საზოგადოების დაკვეთა იყო, 2008 წლის არგამეორება? აქ რას გულისხმობდით?

- მე არ მითქვამს ის, რომ ანაკლიის კონსორციუმისათვის ხელშეკრულების შეწყვეტა არ იყო რუსული საფრთხისგან დაცვა. მე ვთქვი, რომ თუ ვინმემ დასვა ასეთი შეკითხვები, მომავალშიც დავსვამთ, არა მხოლოდ ანაკლიის პორტის, არამედ სხვა ნებისმიერი პროექტის შემთხვევაშიც, რადგან პასუხისმგებლიანმა ხელისუფალმა ყოველთვის შეიძლება დასვას ასეთი შეკითხვები და ასე გაგრძელდება მომავალშიც.

- ფაქტია, რომ გადავადებები იყო კონსორციუმის მხრიდან, რის გამოც სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ გაეწყვიტა ხელშეკრულება, მაგრამ რეალურად, როგორია თქვენი აღქმა, მთავრობა ფრთხილობს რეალურად? რუსეთისგან ხომ არ მომდინარეობს საფრთხეები ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში?

- მე ამის დადასტურება არ შემიძლია, მაგრამ არავითარი მსგავსი ტიპის განხილვაში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია. მე ვამბობ უბრალოდ, რომ თუკი ვინმეს ასეთი შეკითხვები ჰქონდა და მომავალშიც დასვამს, უნდა მოვეშვათ ბრალდების წარდგენას შეკითხვის დამსმელისადმი და ნუ ცდილობენ ამის გასაღებას პრორუსულობის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად. უნდა გამოვიდეთ ამ კომპლექსიდან. თუ ასეთი შეკითხვა დასვა ადამიანმა, რატომ არის ეს პრობლემა? ჩვენი ქვეყანაა და ყველამ უნდა ვიზრუნოთ. ასევე ვთქვი, რომ როცა ივანიშვილის მიერ შესაძლო შეკითხვის დასმით ცდილობთ მისი, როგორც პრორუსული პროექტის, წარმოჩენას, ეს არ არის სწორი.

- ამ სიფრთხილით, რასაც ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს მთავრობა იჩენენ, შეიძლება ანაკლიის პროექტი დაპაუზდეს...

- არავითარ შემთხვევაში, გამოვრიცხავ პროექტის დაპაუზებას, ერთ წელიწადში ნახეთ რამხელა შედეგი იქნება მიღწეული. გამორიცხულია ვინმეს უნდოდეს პროექტის დაპაუზება. მტრები ხომ არ ვართ ამ ქვეყნის?! როგორ შეიძლება ვინმეს დაპაუზება უნდოდეს?! მთავრობა ვალდებულია გამოიჩინოს სიფრთხილე, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პორტის ფუნქციონირებას და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს პორტის ფუნქციონირებას ისეთ მშვიდობიან ქვეყანაში, რომელშიც ბიზნესის კეთებას ექნება აზრი.