მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან კაკულია: ეროვნული ბანკის ქმედებებმა ლარზე გავლენა იქონია

5df8e3242632a
დავით ჯალაღონია
17.12.19 20:00
1114
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებებმა ლარის გაცვლით კურსზე გარკვეული გავლენა იქონია.

„მისი ქმედებები, როდესაც ის საპროცენტო განაკვეთს (მონეტარული პოლიტიკის) უშუალოდ ინფლაციასთან შესაბამისობაში განიხილავს და ამ წნეხის შემცირებაზე მუშაობს, ეს დე-ფაქტო სიტუაცია არის და მე მგონია, ლარის კურსზე ამან გარკვეული ზემოქმედება იქონია.

ვინც ეკონომიკა იცის, მან ძალიან კარგად იცის ის ციკლები, რომელიც დამოკიდებულია ეროვნული ბანკის საკრედიტო პოლიტიკასთან. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მაგალითი, როცა მისი (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის) მატება და კლება რა პროცესებს იწვევს, ეს თავისთავაც ცხადია, გასაგებია. მთავარია, დროულად გააკეთო ეს. ვერცერთი ეკონომიკა ვერ აცდება საპოცენტო განაკვეთის მატებას და აქედან გამომდინარე, რაღაც რეცესიულ პროცესებს ეკონომიკაში და მის კლებასთან დაკავშირებით, ეკონომიკის ზრდის პროცესებს.

მთავარია, დროულად ჩართო ეს მექანიზმები და მე ეს პრეტენზია მქონდა. ვფიქრობ, მას არც პროფესიონალიზმი და არც გამოცდილება აკლია და ეს ადეკვატური ზომები უნდა აისახოს მის უშუალო ფუნქციაზე, რაც არის ინფლაცია“, - განაცხადა რომან კაკულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის: 17 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. ახალი კურსით ერთი აშშ დოლარი 2.9044 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 2.57 თეთრით მეტია. ლარი დღესვე 3.3 თეთრით ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი ევრო 3.2396 ლარი ღირს.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე რომან კაკულიამ და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გააკტრიტიკეს, რადგან მათი აზრით, გვენეტაძე გადაწყვეტილებების მიღებისას ქართულ რეალობას არ ითვალისწინებს. დეპუტატები განსაკუთრებით კრიტიკულები ინფლაციის მაღალი მაჩვენებლისა და მისგან ლარის გაცვლით კურსზე მომდინარე წნეხის გამო იყვნენ.