მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის ტემპია მაღალი? - პროგნოზები განახლდა

60c0f3f57db51
ეგნატე შამუგია
11.06.21 09:45
1714
მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ასახავს, რომ უახლოეს მომავალში ეკონომიკის აღდგენის ტემპზე პროგნოზები გაცილებით უკეთესია, ვიდრე ეს მიმდინარე წლის იანვარში იყო. მსოფლიო ბანკის იანვრის პროგნოზით, გლობალური ეკონომიკის ზრდა 4.1% იყო, რაც ივნისის პროგნოზით, 1.5 პ.პ.-ით მეტი, 5.6%-მდეა ნავარაუდევი. შესაბამისად, გლობალური ეკონომიკა პანდემიამდე არსებულ დონეს არამხოლოდ დაუბრუნდება, არამედ უკვე მიმდინარე წელს 1.9%-ით მეტი იქნება. აღსანიშნავია, რომ ასეთი სწრაფი აღდგენის ტემპი რამდენიმე თვის წინ ნაკლებად სავარაუდო იყო, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი რიგ რეგიონებსა და ქვეყნებს შორის არათანაბარია. მაგალითად, მიმდინარე წლის ბოლოს, არსებული პროგნოზების მიხედვით, ევროზონაში ეკონომიკის დონე 2.7%-ით ნაკლები იქნება, ხოლო აშშ-ში კი 0.4%-ით მეტი. 2021 წელს პანდემიამდე არსებულ ნიშნულებს ვერ დაუბრუნდება სამხრეთ აზია, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა და ლათინური ამერიკა, მაგრამ აზიის კონტინენტიდან მისი ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილში ეკონომიკის აღდგენის ყველაზე სწრაფი ტემპია მოსალოდნელი. განსაკუთრებით აზიის აღმოსავლეთ მხარეს, რაც ჩინეთში მოსალოდნელ ზრდას უკავშირდება. გასულ წელს ჩინეთის ეკონომიკა არა თუ შემცირდა, არამედ 2.3%-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 8.5%-ითაა ნავარაუდევი. პანდემიურ და პოსტ-პანდემიურ პერიოდში მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის ნიშნულებით ჩინეთის როლი გლობალურ ეკონომიკაში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა, რომელიც მსოფლიოში ნომერ პირველი საექსპორტო ქვეყნის სტატუსს იკავებს.
 
ფიგურა 1: ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 2021 წელი
წყარო: მსოფლიო ბანკი

ეკონომიკის აღდგენის ტემპი საქართველოსთვისაც გაუმჯობესებულია, რაც 2021 წლისთვის 6.0%-იანი ზრდითაა ნავარაუდევი. აღნიშნული საპროგნოზო მაჩვენებელი იანვართან შედარებით 2.0 პ.პ.-ით მეტია. ამ დროისთვის იანვარ-აპრილის მდგომარეობით კი საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 8.1%-ითაა გაზრდილი. მიმდინარე წელს, ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არ მქონე რეგიონის ქვეყნებიდან, ეკონომიკური ზრდის ნიშნულით საქართველო მეორე ადგილზეა. რეგიონიდან ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი მონტენეგროშია, რაც საქართველოს მსგავსად, ნაწილობრივ საბაზისო ეფექტით განპირობებული მოლოდინია. 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა, როცა მონტენეგროში ეკონომიკის კლების 15.2%-იანი ნიშნული იყო. აღნიშნულის უმთავრესი მიზეზი ტურიზმია, რადგან ადრიატიკის ზღვისპირა ქვეყნების და განსაკუთრებით მონტენეგროს ეკონომიკა ტურიზმზე მაღალი დამოკიდებულებით გამოირჩევიან. 2019 წლის მდგომარეობით, მონტენეგროს ეკონომიკაზე ტურიზმის გავლენა ჯამში 1/3-ს აღემატება. მიმდინარე წელს ამ ქვეყნის ეკონომიკის ზრდა 7.1%-ითაა მოსალოდნელი, რაც იანვრის პროგნოზს 1.0 პ.პ.-ით აღემატება.

მსოფლიო ბანკის ივნისის პროგნოზებით, წინა პერიოდის ეკონომიკურ პერსპექტივებთან შედარებით, მდგომარეობა ყველაზე მეტად რუმინეთშია გაუმჯობესებული. მიმდინარე წლის იანვრის პროგნოზებით, 2021 წლისთვის რუმინეთის ეკონომიკური ზრდა 3.5%-ით იყო ნავარაუდევი, რაც ამ ეტაპზე 6.0%-მდე გაიზარდა. გაუმჯობესების მიხედვით, რიგით მეორე ადგილზე უნგრეთია, სადაც ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.0%-ითაა ნავარაუდევი, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელს 2.2 პ.პ.-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს უნგრეთის ეკონომიკა 5.0%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში შედარებით ნაკლებით, 4.2%-ით შემცირდა ბულგარეთის ეკონომიკა, რომელიც მიმდინარე წლისთვის 2.6%-იანი ზრდითაა პროგნოზირებული. განახლებული პროგნოზები კი ამ უკანასკნელისთვის ყველაზე მეტით გაუარესებულია, რადგან არსებული ნიშნული, იანვრის პროგნოზთან შედარებით, 0.7 პ.პ.-ით ნაკლებია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი ბულგარეთის ეკონომიკა 1.8%-ითაა შემცირებული. ამ პერიოდში ბულგარეთის ეკონომიკური კლებაში უარყოფითი წვლილი, მსგავსად წინა პერიოდებისა, ექსპორტს გააჩნდა. ბულგარეთის მსგავსად, იანვართან შედარებით 0.7 პ.პ.-ით გაუარესებულია ალბანეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. თუკი იანვარში 2021 წელს ეკონომიკის 5.1%-იანი ზრდა იყო ნავარაუდევი, ეს მაჩვენებელი ივნისის პროგნოზებით 4.4%-ია. საქართველოს მსგავსად, ალბანეთის ეკონომიკაშიც ტურიზმის გავლენა მაღალია და გასულ წელს ეკონომიკის 3.3%-იანი კლების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორედ ეს იყო.

ფიგურა 2: ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკების პანდემიამდე არსებულ დონის აღდგენა, 2021 წელი
წყარო: მსოფლიო ბანკი; ავტორის გამოთვლები

მიუხედავად იმისა, რომ იანვართან შედარებით ეკონომიკის აღდგენის პროგნოზები გაუმჯობესებულია, რიგ ქვეყნებში პანდემიამდე არსებულ ნიშნულზე დაბრუნება მიმდინარე წელს ნავარაუდევი არ არის. ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 23 ეკონომიკიდან ასეთი 13 ქვეყანაა, სადაც 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე, 2019 წელს არსებულს გაუთანაბრდეს. აღნიშნული კუთხით ყველაზე დიდი დანაკლისი მონტენეგროს გააჩნია. რეგიონიდან მიმდინარე წელს მონტენეგროს ყველაზე მაღალი ზრდის პროგნოზი აქვს, მაგრამ გასულ წელს ყველაზე დიდი კლების ნიშნული სწორედ ამ ქვეყანაში იყო. შესაბამისად, 2021 წელს მონტენეგროს ეკონომიკა, 2019 წელთან შედარებით, 9.2%-ით ნაკლები იქნება. მონტენეგროსთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს სომხეთს, რომლის ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლისთვის 3.4%-ითაა ნავარაუდევი, მაგრამ აღნიშნული საკმარისი არ არის იმისათვის, რომ სომხეთის ეკონომიკა პანდემიამდე პერიოდის ოდენობას დაუბრუნდეს. 3.4%-იანი ზრდის პირობებში, მიმდინარე წელს სომხეთის ეკონომიკის მოცულობა 4.5%-ით ნაკლები იქნება, ვიდრე ეს პანდემიამდე იყო. ამის მიზეზი კი გასულ წელს სომხეთის ეკონომიკის 7.6%-იანი კლებაა. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში კი ამ ქვეყნის ეკონომიკა 2.6%-ითაა გაზრდილი, რაც წინა წლის ამავე პერიოდში 1.7%-ით იყო შემცირებული. მსგავსად სომხეთისა, არსებული პროგნოზებით მიმდინარე წელს პანდემიამდე ნიშნულს ვერ დაუბრუნდება საქართველოს კიდევ ერთი მეზობელი და უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის - აზერბაიჯანის ეკონომიკა. მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზებით, 2021 წლისთვის აზერბაიჯანის ეკონომიკა 2.8%-ით გაიზრდება, რაც გასულ წელს 4.3%-ით იყო შემცირებული. ივნისის ეკონომიკური პერსპექტივის ანგარიშში აზერბაიჯანის ზრდის პროგნოზი 0.9 პ.პ.-ით კი არის გაუმჯობესებული, მაგრამ მიმდინარე წელს ეკონომიკის მოცულობა, 2019 წელთან შედარებით, 1.6%-ით ნაკლები იქნება. 2021 წლის პირველ ოთხ თვეში აზერბაიჯანის ეკონომიკა 0.2%-ით შემცირებულია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 0.2%-ით იყო გაზრდილი.

საქართველოში კი ეკონომიკის მოცულობის პანდემიამდე ნიშნულზე აღდგენა მიმდინარე წელსაც არ არის პროგნოზირებული. კერძოდ, განახლებული პროგნოზების პირობებში, 2021 წლისთვის ეკონომიკის მოცულობა, 2019 წელთან შედარებით, 0.5%-ით ნაკლები იქნება. განსხვავებული სურათია რუსეთში, სადაც 2021 წლისთვის ეკონომიკის მოცულობა, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, 0.1%-ით მეტი იქნება. ივნისის პროგნოზებით რუსეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 0.6 პ.პ. -ით გაუმჯობესებულია. ამ დროისთვის რუსეთის ეკონომიკური ზრდა 3.2%-ითაა მოსალოდნელი, რაც 2020 წელს 3.0%-ით იყო შემცირებული. არსებითად უკეთესი მდგომარეობაა თურქეთის შემთხვევაში, სადაც გასულ წელს ეკონომიკის 1.8%-იანი ზრდა იყო, ხოლო მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 5.0%-ითაა მოსალოდნელი. 2021 წლის პროგნოზი კი 0.5 პ.პ.-ით უკეთესია, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში თურქეთის ეკონომიკა 7.0%-ითაა გაზრდილი. შესაბამისად, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ამ ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა მიმდინარე წლისთვის 6.9%-ით მეტი იქნება. ამდენად, რეგიონში თურქეთი გამორჩეული ქვეყანაა, მაგრამ ამ უკანასკნელში სამომხმარებლო ფასების დონის ზრდა კვლავ ორნიშნა რიცხვია.

ფიგურა 3: ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მთავრობის შეზღუდვები და ვაქცინაცია (08.06.21 მდგომარეობით ხელმისაწვდომი მონაცემები)
წყარო: The Oxford Coronavirus Government Response Tracker; Our World in Data

როგორც ვნახეთ, მთლიანად რეგიონში და მათ შორის კავკასიაში ეკონომიკური პერსპექტივები გაუმჯობესებულია. თუკი გასულ წელს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკის 5.2%-იანი კლება იყო, რაც არამხოლოდ პანდემიას, არამედ სხვა ფაქტორებსაც უკავშირდება (სომხეთ-აზერბაიჯანის ომი, პოლიტიკური არასტაბილურობა, ნავთობის ბაზარი და სხვა), მიმდინარე წლისთვის ამ რეგიონის ზრდა 3.6%-ითაა ნავარაუდევი. აღნიშნული კი, იანვართან შედარებით, 1.1 პ.პ.-ით გაუმჯობესებულია. თავის მხრივ, ივნისის პროგნოზები კვლავ შედარებით მაღალი განუსაზღვრელობის პირობებშია მომზადებული, რაც წლის მეორე ნახევრიდან ვაქცინაციის უფრო სწრაფი ტემპის მიღწევას ეფუძნება. ვინაიდან, ვაქცინაციის ტემპი დაკავშირებულია ეპიდსიტუაციასთან და შესაბამისად, მთავრობების მიერ შეზღუდვების შემსუბუქებასა და განუსაზღვრელობის შემცირებასთან. დღევანდელი მდგომარეობით ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე მკაცრი შეზღუდვები თურქეთში მოქმედებს, ხოლო ყველაზე მსუბუქი - სერბეთში. საქართველოც შეზღუდვების სიმკაცრით გამოირჩევა, მაგრამ ამავდროულად ხელოვნური იმუნიზაციის მაჩვენებლითაც. კერძოდ, 100 მოსახლეზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილთა რაოდენობით, რეგიონის 23 ქვეყნიდან მე-17 ადგილზეა. საქართველოზე გაცილებით დაბალი ვაქცინაციის მაჩვენებელი კოსოვო, უზბეკეთი, უკრაინა, სომხეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთშია. ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებიდან ვაქცინაციის დონის მაღალი მაჩვენებელი ევროკავშირის წევრ უნგრეთსა და პოლონეთშია. მიუხედავად ამისა, ორივე ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები ჯერ კიდევ მკაცრია. აქედან გამომდინარე, გლობალურად და მათ შორის, უმთავრესი რისკი კვლავ პანდემიასთან დაკავშირებული საკითხებია. კერძოდ, ვაქცინაციის პროცესი და შესაბამისად, ეპიდმდგომარეობა.