მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი სექტორები გაიზარდა და რომელი შემცირდა 2019 წლის დეკემბერში

5e33fe59a1b4b
ვიქტორია მღებრიშვილი
31.01.20 21:10
1030
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 3.8% შეადგინა, ხოლო 2019 წლის საშუალო რეალური ზრდა 5.2%-ით განისაზღვრა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ იმ ფაქტორებზეც ისაუბრა, რომლებმაც გავლენა იქონიეს დეკემბრის ეკონომიკურ ზრდაზე. მან ის სექტორებიც დაასახელა, სადაც ზრდა და კლება აღინიშნა.

„საქონლის ექსპორტი 2019 წლის განმავლობაში გაზრდილია 12.4%-ით და 3.8 მლრდ დოლარს გაუტოლდა, რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებელს 9 მლრდ დოლარს გადააჭარბა, თუმცა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებული 0.8%-ით. ასევე საქონლის ექსპორტის ზრდაში მნიშვნელვანი წვლილი შეიტანა მსუბუქი ავტომობილების, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, ასევე მინერალური წყლების მოცულობის ექსპორტის ზრდამ.

რაც შეეხება იმპორტს - შემცირება ძირითადად გამოვლინდა უკრაინიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ძირითადად თამბაქოს ნაწარმისა და ნავთობპროდუქტების მიმართულებით.

2019 წლის დეკემბერში დარეგისტრირებულია 415 ახალი საწარმო აღნიშნული მაჩვენებელი 16%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ასევე აღსანიშნავია, რომ წინა წლის განმავლობაში დაახლოებით 50 000 კომპანია დარეგისტრირდა.

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა 8.7 მლრდ ლარია, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 14.4%-ით აღემატება“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

რაც შეეხება ზრდის და კლების გამომწვევ მიზეზებს დარგობრივ ჭრილში, წინასწარი შეფასებით, 2019 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი, სასტუმროები და რესტორნები, ხოლო საერთო მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, შემცირების ტენდენცია გამოვლინდა მშენებლობის სექტორში, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორში და ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში.

დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად კვების პროდუქტების და სასმელების წარმოების მოცულობის ზრდას უკავშირდება, აღსანიშნავია, რომ 12%-ით არის გაზრდილი ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი. ასევე, რაც შეეხევა ქიმიური მრეწველობის წარმოების გაფართოებას, დაახლოებით 78%-ით არის გაზრდილი აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი.

მრეწველობის დარგზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს მეტალურგიული მრეწველობის მიმართულება და ამ შემთხვევაშიც დადებითია ტენდენცია - 39%-ით არის გაზრდილი ფერო-სილიკონ-მანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი სხვადასხვა მიმართულებით.

ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორში, ზრდის ფაქტორებს შორის სახელდება ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებასთან და მის სატრანსპორტო მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების გაფართოება, როგორც საგზაო ისე სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებით.

ვაჭრობის დარგში ზრდის მიზეზად გვევლინება საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით, დაახლოებით 9%-ით გაიზარდა ბუნებრივი აირის იმპორტის მაჩვენებელი. გაზრდილია ასევე საკვები პროდუქტებით: ხილით, ბოსტნეულით და ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის მოცულობის მაჩვენებელი. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ვაჭრობა ახალი და მეორადი მსუბუქი ავტომობილებით - 75%-ით გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი მაჩვენებელი, რაც ბუნებრივია განაპირობებს დადებით ტენდენციებს ვაჭრობის სექტორში.

ვაჭრობის სექტორში ასევე დადებითად მოქმედებს ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული მოვლენები. 2019 წლის დეკემბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა დაახლოებით 11.4%-ით გაიზარდა. ვიზიტორების რაოდენობის მნიშვნელვოვანი ზრდა დაფიქსირდა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან ასევე ისრაელიდან და ყაზახეთიდან, ასევე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 2.5%-ით გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა რუსეთიდან.

სასტუმროებისა და რესტორნების სექტორს რაც შეეხება, სწორედ საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა გახლავთ დადებითი ტენდენციის შემქმნელი და გამომწვევი.

რაც შეეხება კლების მიზეზებს, მშენებლობის სექტორში კლების მიზეზად გვევლინება ის ფაქტი, რომ შესრულდა შედარებით ნაკლები მოცულობის სამუშაობი წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით: სამოქალაქო-სამშენებლო სამუშაობის მიმართულებით, როგორიცაა გზებისა და ავტობანების მშენებლობა, ასევე საინჟინრო ობიექტების მონტაჟი;

კლების ტენდენცია შეინიშნებოდა ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორში, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო აზარტულ და ფულთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობის ბრუნვის მოცულობის შემცირებასთან.

მესამე სექტორი ეს გახლავთ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორი - ეს სექტორი აერთიანებს ისეთი საქმიანობით დაკავებულ კომპანიებს, როგორიცაა იურიდიული საქმიანობა, აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტი, მეცნიერული კვლევები და დამუშავება, საქმიანობა არქიტექტურისა და მომსახურების სფეროში, სარეკლამო საქმიანობა და ა.შ. და ამ სექტორში შემცირების ძირითადად მიზეზად სახელდება სარეკლამო სააგენტოებისა და სარეკლამო საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირება“, - განმარტა საქსტატის ხელმძღვანელმა.